ჩემპიონატის აფრიკული რისკი

ჩემპიონატის აფრიკული რისკი

კოლოსალური ხარჯები და სოციალური პრობლემები

ხვალიდან საფეხბურთო ზეიმი იწყება, ზეიმი რომელსაც სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს. თუმცა ამჯერად ჩვენ ფეხბურთზე არ მოგიყვებით. რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის სოციალური გარემოსთვის? ამერიკელი სოციოლოგები და ეკონომისტები შიშობენ, რომ ჩემპიონატმა შესაძლოა ქვეყანაში პოსტ-აპარტეიდულ რასობრივ უთანასწორობას დაუდოს საფუძველი.

ტონი როშან სამარა ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსია. მან საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა. სამარა ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკული დიდი ქალაქის - კეიპტაუნის ათწლიანი განვითარების პერიოდს დააკვირდა. აქ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებაზე, სადაც ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, 600 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

„ქალაქში სადაც ადამიანს ყოველდღე უწევს საბინაო, განათლების, მედიკამენტების პრობლემებთან ჭიდილი, ქალაქში სადაც მეტამფეტინების არნახული ეპიდამია არსებობს, სტადიონის მშენებლობაზე განუზომლად დიდი ფინანსების დახარჯვა, ეს რესურსების განაწილების საკითხია. კერძოდ, როგორ შეიძლება ამ თანხის ერთ სტადიონზე დახარჯვა სულ რაღაც 90 წუთისთვის, როდესაც ქალაქი უამრავი სოციალური და სასიცოცხლო პრობლემის მოსაგვარებლად იბრძვის,“- აცხადებს სამარა.

სამარა, რომელიც კეიპტაუნზე წიგნს წერს, ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, უსახლკარო ხალხი ქალაქის ცენტრიდან გაიყვანეს და ისინი ამჟამად კარვებში ცხოვრობენ.

„ეს არის ქალაქის ცენტრიდან გაყვანილი ხალხისთვის სპეციალურად გაკეთებული კარვების ქალაქი და ეს სამართებლის პირზე სიარულს გავს, რამდენადაც განსახლების ძალზედ შემაშფოთებელ საკითხს წარმოადგენს, “ - ამბობს სამარა.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სოციოლოგები ასევე მიუთითებენ ასობით გარემოვაჭრის ცენტრიდან გაყრის შესახებ. სამარას თქმით, სტადიონი იმ ადგილზე აშენდა, სადაც მოვაჭრეები იკრიბებოდნენ. მისი აზრით, მართალია მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, თუმცა ამასთანავე პოსტ-აპარტეიდული საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრებას გამოიწვევს.

ამერიკელი ეკონომისტი და აფრიკის საკითხების მკვლევარი ჯეიმს სტიუარტი სამხრეთ აფრიკიდან ახლახანს დაბრუნდა.

„მათ ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, მაშინ როდესაც ამ თანხებით შეეძლოთ ბევრი მოუგვარებელი პრობლემის გამოსწორება.ხოლო სამხრეთ აფრიკაში კი უამრავი გაღატაკებული და წარუმატებელი ადამიანი ცხოვრობს,“- ამბობს სტიუარტი.

მისი თქმით, სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეულ მასპინძლობას გასწევს, რაც საერთოდ მთელი აფრიკისთვის კარგი საქმეა, თუმცა ამისთვის ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

„მე ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ ზოგიერთი მითი სამხრეთ აფრიკაზე და ზოგადად აფრიკის კონტინენტზე დაიმსხვრეს. როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, აფრიკაზე წარმოდგენა, შეიძლება ითქვას, კინოფილმ „ტარზანიდან“აქვს შექმნილი. ამდენად ეს ჩემპიონატი ამ ვითარების შესაცვლელად უდიდესი შანსია,“ - ამბობს სტიუარტი.

დაახლოებით ანალოგიური მოსაზრებები ინტერნეტის სხვადასხვა ფორუმებზეც გამოჩნდა. თუკი ერთნი აცხადებენ, რომ ასეთი კოლოსალური თანხების დახარჯვა არ შეიძლებოდა, მეორენი ამბობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი შანსია, არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც და ამდენად ეს ხარჯები გამართლებულია.

ასეა თუ ისე, ხვალ სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონატი იწყება. ეს ზეიმი და სანახაობა კი ყველასთვის არის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია თავის მსმენელს და ფეხბურთის გულშემატკივარს საფეხბურთო დღესასწაულის დაწყებას ულოცავს.