რუსეთი სასურსათო ლიდერობისთვის ემზადება

რუსეთი სასურსათო ლიდერობისთვის ემზადება

ფერმერები მოსავალს უზარმაზარ ტერიტორიაზე ელოდებიან

ჩინეთსა და ინდოეთში საკვებზე მოთხოვნილების გაზრდის გამო, რუსეთი მსოფლიოს სასურსათო ლიდერი ხდება. თუმცა, ამისთვის რუს ფერმერებს გარკვეული სირთულეების დაძლევა მოუწევთ. დეტალებს რუსეთიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

საუკუნის წინ, როდესაც მეფის რუსეთი ევროპისთვის პურის ბეღელი იყო, ამერიკელი ჯონ დირის კომპანია რუსი გლეხებისთვის გუთნებით ვაჭრობდა. საუკუნის შემდეგ კომპანია რუსეთში ბრუნდება. ამჯერად გუთნები მოსავლის ამღები კომბაინებით შეიცვალა, სადაც კომფორტული და კონდიცირებული კაბინებია განთავსებული. ალექს ბერლინი მოსკოვში ჯონ დირის კომპანიის ახალ ქარხანაში ტრაქტორების და კომბაინების აწყობის პროცესს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით,რუსეთს, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია გააჩნია, სოფლის მეურნეობის უდიდესი პოტენციალი აქვს. მსოფლიოს მტკნარი წყლების და სახნავი სავარგულების 10 პროცენტი რუსეთზე მოდის, თუმცა მისი მოსახლეობა მსოფლიოს საერთო მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტია. 20 წლის წინ, როდესც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის დამუშავებული მიწების ფართობი ერთი მესამედით შემცირდა.

დღესდღეობით, რუსეთში ხორბლის წარმოება 1930-იანი წლების ამერიკის ხორბლის წარმოების დონეზეა. თუმცა, რუსი ფერემრები ნელნელა ითვისებენ ახალი სასუქების, გაუმჯობესებული სათესლე ჯიშების დამუშავებას და ასევე უფრო ეფექტურ სამანქანო ტექნოლოგიებს. ჯონ დირის კომპანიის რუსეთის მიმართულების მენეჯერი ჯო ბარეტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სულ მალე მსოფლიო ბაზარზე სურსათის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ლიდერი გახდება.

„ჩვენი გათვლებით 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილირადს მიაღწევს. და ყველა მათგანი გამოკვებილი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთს ამის მიღწევის უზარმაზარი შესაძლებლობა გააჩნია,“ - ამბობს ბარეტი.

გასულ წელს ძლიერმა გვალვებმა რუსეთში მარცვლეულის ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. ამან კი მსოფლიოში სურსათის ფასების რეკორდული მატება გამოიწვია. შესაბამისად ამ ვითარებას ღარიბ ქვეყბებში საპროტესტო გამოსვლები მოყვა. ზოგიერთი ანალიტიკოსი არაბულ რევოლუციებსაც სწორედ სურსათზე ფასების ზრდას უკავშირებს. უკვე წელს რუსი ფერმერები უზარმაზარ ტერიტორიაზე ელოდებიან მოსავალს, რაც ფართობით კალიფორნიის შტატს აღემატება კიდეც.

პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი უკვე 1 ივლისადან უნდა დაიწყოს. ეს კი მსოფლიოში პურზე ფასების გაიაფებას გამოიწვევს. საბჭოთა პერიოდში რუსეთი ხორბლის იმპორტიორი იყო. წლევანდელი გეგმით კი რუსეთი კანადის და შეერთებული შტატების შემდეგ მესამე ადგილზე უნდა გავიდეს.