თურქეთი მსოფლიოში ერთერთი უდიდესი პროექტის - კაშხლების სისტემის მშენებლობას იწყებს, რომელმაც ქვეყნის სწრაფად მზარდი ეკონიმიკის მოთხოვნილება ელექტრონერგიაზე სრულად უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა, პროექტის მასშტაბი და მშენებლობის ტემპი ქვეყნის გარემოსდაცვის და არქეოლოგიური მემკვიდრეობის სფეროებში შეშფოთების საგანი ხდება. ამ თემის დეტალებს სტამბულში „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი იკვლევდა.
ლოჩის ხეობა ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს. აქ 1000-ზე მეტი კაშხლის აშენება იგეგმება. მაღალი მთები და შავ ზღვაში შეჭრილი ღრმა ხეობები ჰიდროელექტროენერგიის წარმოებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. თუმცა, ეს რეგიონი თურქეთის ველური ბუნების და მცენარეული საფარის სამშობლოდ ითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლოჩის ხეობაში კაშხლების აშენების პროექტი, გარემოსდამცველებსა და მთავრობას შორის დაპირისპირების უმთავრესი თემა ხდება. ზაფერ ქეჯინი დევრიქანის მდინარესთან ახლოს არსებულ ადგილობრივ კომპანიას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგას.
„ჩვენ ვკარგავთ მდინარის კალაპოტს. ეს კი იქ ხდება სადაც ჩვენი სახლებია, ჩვენი დასვენების ადგილებია უმშვენიერესი ბუნებით. ყველაფერი ეს დაიტობრება და მდორე ტბით შეიცვლება,“ - ამბობს ქეჯინი.
გასულ წელს გარემოსდამცველებმა ანკარაში ლოჩის კაშხლის პროექტის წინააღმდეგ ძლიერი კამპანია წამოიწყეს, რასაც დოგა დერნიგის მოძრაობა ეწოდა და რომელიც საწინააღმდეგო ინიცატივებით თურქეთის სასამართლოს მიმართავდა. მოძრაობა აცხადებს, რომ ამ კაშხლების უმეტესი ნაწილის აშენება დაცულ ნაკრძალებში იგეგმება.
დოგა დერნიგის წარმომადგენელი დიჯელ თუბა ამბობს,რომ მთავრობამ იმის შიშით, რომ სასამართლო ბრძოლებს წააგებდა, კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
„მათი კანონმდებლობით მშენებლობა უფრო მარტივდება და დაახლოებით 1700 ჰიდროელექტრო სადგურის აშენება იგეგმება და თუკი ისინი ამას შეძლებენ ეს თურქეთის ჭარბტენიან ეკოსისტემაზე გავლენას მოახდენს. ჩვენი ხალხი, რომელიც ღრმა ხეობებში და მაღალმთებში ცხოვრობს, იძულებული გახდება, რომ დაცალოს ტერიტორია. ეს პროექტი დაანგრევს არქეოლოგიურ ადგილებს, რადგანაც ეს მშენებლობა იგეგმება ყოველგვარი გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასებების გარეშე,“ - აცხადებს დიჯელ თუბა.
თურქეთის მთავრობის ამ წამოწყებას ევროპის მწვანეთა პარტიაც ეწინააღმდეგება. ისინი კაშხლების პროექტს სარისკოდ მიიჩნევენ.
თუმცა, თავად თურქეთის ლიდერი პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოგანი პროექტის მოწინააღმდეგე გარემოსდამცველებს „პანიკიორებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ ქვეყანა იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.
თავის მხრივ, გაჩერებას არც თურქი გარემოსდამცველები აპირებენ. მათ უკვე დაარწმუნეს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ.