სრულფასოვან სუნთქვას ადამიანის ჯანმრთელობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ეს ჩვილ ბავშვებს ეხება. სუნთქვის მეშვეობით ხომ თავის ტვინს ჟანგბადი მიეწოდება. როდესაც ტვინის კვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადით მომარაგება ფერხდება, ბავშვის განვითარებაზე ამას დრამატული გავლენა აქვს.
ნაადრევი მშობიარობის შემდეგ დღენაკლულ ბავშვებს როგორც წესი სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ. ათწლეულების მანძილზე ექიმები პრობლემას კოფეინით სტიმულირების დახმარებით ისე აგვარებდნენ, რომ ამ მეთოდის მეცნიერული მტკიცებულება ჯერ არ არსებობდა. უკანასკნელმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ კოფეინი ჩვილი ბავშვების მკურნალობისთვის ერთდროულად ეფექტურიცაა და უსაფრთხოც.
კვლევაში 9 ქვეყნის 2 ათასი დღენაკლული ბავშვი მონაწილეობდა. მათ ნაწილს კოფეინს აწვდიდნენ, ნაწილს კი - პლაცებოს, ანუ სიმულაციურ მედიკამენტს. მე-18 თვეში მეცნიერებმა კოფეინის ჯგუფზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები დააფიქსირეს. ცერებრალური დამბლის, სიბრმავის, სიყრუვის და გონებრივი განვითარების სხვადასხვა სახის დეფექტების რიცხვი კოფეინის ჯგუფში განახევრდა. თუმცა, კვლევა ამით არ დასრულებულა და შესაძლო უკუჩვენებების და გვერდითი მოვლენების გამოსავლენად დამატებით სამწელიწადნახევარი გაგრძელდა.
გვესაუბრება ბარბარა შმიტი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარი:
“ის არამარტო უსაფრთხო აღმოჩნდა, არამედ ნებისმიერ სხვა მეთოდზე ბევრად უფრო ეფექტური, როდესაც საქმე დღენაკლულ ბავშვებთან გვაქვს“.
მეცნიერები ბავშვების განვითარებას ხუთი წლის ასაკამდე აკვირდებოდნენ. კოფეინით მკურნალობის ეფექტი საკამათო აღარ იყო, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში გონებრივი განვითარების დეფექტი 5 წლის ასაკში უკვე სრულიად გაუჩინარებული ჩანდა.
„გვიანი ეფექტი ბავშვების გადაადგილების უნარში არსებულ დეფექტებშიც შეინიშნებოდა. თუმცა არა ისეთივე წარმატებით, როგორც გონებრივი განვითარების ანომალიის შემთხვევაში“ - ამბობს მკვლევარი.
ქალბატონი შმიტის თქმით სამეცნიერო კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველივე თვეებში მკურნალობის აუცილებლობა იმითაც დადასტურდა, რომ კოფეინის ზემოქმედება ბავშვის განვითარების გვიან ეტაპზეც გაგრძელდა. 5 წლის ასაკში გონებრივი განვითარების შეფერხება პატარებში ბევრად უფრო ნაკლებად აღინიშნება, ვიდრე 18 თვის ასაკში, აღნიშნავს ის.
უფრო დაწვრილებით ბარბარა შმიტის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებს შეგიძლიათ ამერიკელ ექიმთა ასოციაციის ჟურნალ „ჯამაში“ (JAMA) გაეცნოთ.