უპრეცედენტო გარიგება „რუსეთის ჯაშუშებთან“

გიორგი აბდალაძე განთავისუფლების შემდეგ

ცხრამეტ დღიანი ეპოპეა ფოტორეპორტიორების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, როგორც ვივარაუდეთ, უპრეცედენტო საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. სასამართლოში სკანდალური საქმის არსებითი განხილვა უკვე აღარ გაიმართება და ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ სინამდვილეში რა მიზნით ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ზედმეტად ხმაურიანი ოპერაცია.

ოთხივე ბრალდებულმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა „აღიარა“. ამის სანაცვლოდ ფოტოგრაფები სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფს ირაკლი გედენიძეს ოთხ წლიანი პირობითი სასჯელი ერგო, მის მეუღლეს გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ფოტოგრაფს, ნათია გედენიძეს წელიწადი და ექვსი თვე.

ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს რეპორტიორს ზურაბ ქურციკიძეს, რომელსაც მერაბიშვილის უწყებამ ყველაზე გამოცდილი აგენტი უწოდა, სამ წლიანი პირობითი მისცეს. გაზეთ „ალიას“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფს გიორგი აბდალაძეს კი ოთხი წელი.

„რუსეთის ჯაშუშებთან“ მსგავსი უპრეცედენტო საპროცესო გარიგება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ფოტორეპორტიორებს თავისუფლების სანაცვლოდ ლარიც კი არ გადაუხდიათ.

პირიქით ნათია გედენიძეს უკან დაუბრუნდა ათი ათასი ლარი, რომელიც მანამდე, გირაოთი გათავისუფლების გამო დააკისრეს.

არცერთი ფოტოგრაფი საქმეზე კომენტარს არ აკეთებს, მათ საქმის გასაჩივრების უფლებაც კი არ აქვთ. ყოფილი საბჭოთა პოლიტპატიმარი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს:

„საზოგადოება მოგებულია. მოგებაც არის მოგებაც. შეიძლება მოიგო 1-0 და შეიძლება მოიგო 5-0. 1-0 მოგებულია საზოგადოება. ამ ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რამდენიც შეძლეს ამ სახელისუფლებო წნეხის პირობებში.

მე მათ მიმართ პატივისცემას ვინარჩუნებ და ვადასტურებ. იმ ფონზე, როცა საქართველოში, არა თუ ის ფოტორეპორტიორები, რომლებიც არ ელოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ძალიან პრეტენზიული პოლიტიკოსებიც კი დღენახევარში და სამ-ოთხ დღეში, ისეთები გამოჩენილან ტელეეკრანზე, რომ მათი გახსენება მაინცდამაინც არ გვსიამოვნებს, ასეთ ვითარებაში ბუნებრივია მათ რაც შეძლეს, ის შეძლეს.

ქართული საზოგადოება აღმოჩნდა გაცილებით უფრო კარგად ორგანიზებული, ვიდრე ეს ეგონა ხელისუფლებას. ჩვენმა პატარ-პატარა დემოკრატიულმა კუნძულებმა, თავისუფალმა მედიამ არასამთავრობო სექტორმა, წესიერმა ადამიანებმა, ექსპერტებმა მოახერხეს ხელისუფლების ისე გაშარჟება რომ ხელისუფლებამ მიიღო უშუალო კარიკატურული სახე.“

დავით ბერძენიშვილი ის პოლიტიკოსია, რომელმაც 15 ივლისს, ჯაშუშობაში ბრალდებულ გიორგი აბდალაძეს წერილი გაუგზავნა. თქვენს პირად მხნეობაზე და გაუტეხლობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენი, თქვენი შეუპოვარი მეუღლისა და ახლობლების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

ხელისუფლება საფრთხეშია და ეს იმედის მომცემია. მითი მისი უძლეველობის შესახებ რამდენჯერმე შეირყა: გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა საქმეები, 7 ნოემბერი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად რუსეთის მასშტაბურ პროვოკაციაზე წამოგება 2008 წლის 7 აგვისტოს...

არ გატყდეთ, ბატონო გიორგი! დღეს ისეთი ვითარებაა, რომ პირადად თქვენმა სიმტკიცემ შესაძლოა, ის ლოდი გამოაცალოს სახელისუფლებო ხუხულას, რაც დაანგრევს, "ჩამოშლის", როგორც სააკაშვილი იტყოდა, მის ხელისუფლებას” - წერდა ბერძენიშვილი აბდალაძეს. ამ ღია წერილის გამოქვეყნებიდან ორ დღეში გიორგი აბდალაძემ "რუსეთის ჯაშუშობა" საჯაროდ "აღიარა".

„შაბათ-კვირას პატიმარი ყველაზე უფრო დაუცველია. ადვოკატები არ არიან ამ დროს. პარასკევს საღამოს მე საჯაროდ მივმართე ბატონ გიორგი აბდალაძეს, ვგრძნობდი რა იმას რომ მისთვის ყველაზე მძიმე დღეები იწყებოდა.

ის ერთი კვირის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ებრძოდა ძალიან ყოჩაღად. მას ჰქონდა ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია საქართველოში არც საბჭოთა პერიოდის დისიდენტებს, არც პოსტ-საბჭოთა პერიოდის სხვა პოლიტპატიმრებს. ასე შეკრული ქართული საზოგადოების აქტიურობამ და ბუნებრივია საერთაშორისო მხარდაჭერა იყო იმის დამადასტურებელი, რომ ხელისუფლებას არ დაუჯერეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

ჯერჯერობით, მხოლოდ გაზეთმა „ალიამ“ გამოაცხადა, რომ გააგრძელებს გიორგი აბდალაძესთან სამუშაო ხელშეკრულებას.

ამ თემაზე უცნობია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაზეთ „პრაიმ ტაიმისა“ და ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს პოზიცია, სადაც დანარჩენი „ჯაშუში“ ფოტოგრაფები დაჭერამდე მუშაობდნენ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საბოლოო შედეგით "ორივე მხარე კმაყოფილია". ერთის მხრივ, შსს და პროკურატურა, რომლებმაც იმისდა მიუხედავად, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იყო, აღიარებითი ჩვენებები მაინც მიიღეს და მეორეს მხრივ, ქართული მედია, ვინაიდან ფოტოგრაფებმა ციხეს თავი დააღწიეს.

აღარავინ ინტერესდება რეალურად რა „ზიანი მიაყენა“ ოთხმა რეპორტიორმა ქართულ სახელმწიფოს. თანამედროვე გურჯისტანში, როგორც ჩანს ასეთი ჰეფი-ენდითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

P.S მასალა ეთერისთვის უკვე მზად იყო, როცა საგარეო მინისტრის მოადგილენ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „გიორგი აბდალაძე ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვეღარ იმუშავებს, ვინაიდან იგი უკვე ნასამართლევია. ნასამართლევ პირებს კი საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალებათ“.