საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავი

საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავი

გორბაჩოვი, შევარდნაძე და „სინატრას დოქტრინა“

ამა წლის დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავი სრულდება. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ანდრე დე ნეშნერამ საბჭოთა სახელმწიფოს ბოლო ლიდერის პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის საგარეო პოლიტიკის დეტალები გაიხსენა.

გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985 წლის 11 მარტს გახდა. 54 წლის გორბაჩოვი მაშინდელი პოლიტბიუროს ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. პირველ ექვს თვეში მან ჩამოაყალიბა პოლიტიკა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა და საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. საშინაო ფრონტზე ამ პოლიტიკას „გლასნოსტი“ და „პერესტროიკა“ დაერქვა, რაც საჯაროობას და გარდაქმნას ნიშნავდა. გორბაჩოვის რეფორმებს „ახალი აზროვნება“ ეწოდა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გორბაჩოვს კარგად ქონდა გააზრებული, რომ საბჭოთა კავშირს აღარ შეეძლო სამხედრო ძალით გავლენების შენარჩუნება. ახალი საგარეო პოლიტიკის შექმნა ეკონომიკურ მდგრადობას მოითხოვდა. ამდენად მიხაილ გორბაჩოვი მიხვდა, რომ მას ზოგიერთ ამბიციაზე უარი უნდა ეთქვა. პროფესორი არჩი ბრაუნი ოქსფორდის უნივერსიტეტში რუსეთის საკითხებს იკვლევს.

მისი თქმით, ერთერთი ასეთი ადგილი, რაზეც საბჭოთა კავშირმა უარი თქვა, ავღანეთი იყო, სადაც საბჭოთა არმია ადგილობრივ მოჯაჰედებს 1979 წლიდან ებრძოდა.

„1979 წელს, როდესაც საბჭოთა ინტერვენცია დაიწყო, გორბაჩოვი შეხვდა შევარდნაძეს, საქართველოს კომპარტიის ლიდერს. იმ დროს ისინი არ წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებას და არ მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილებაში. ორივეს ესმოდა, რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა. ამას ისინი ხმამაღლა არ ამბობდნენ, რადგან თუ იტყოდნენ, მათი კარიერაც დასრულდებოდა,“ - ამბობს არჩი ბრაუნი.

როდესაც გორბაჩოვი საბჭოთა ლიდერი გახდა, მან ედუარდ შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. როგორც არჩი ბრაუნი ამბობს, გორბაჩოვს ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დაწყება სურდა.

„მას არ სურდა რომ ამას დამარცხების სახე მისცემოდა. მას ქონდა იგივე პრობლემები რაც სხვა ქვეყნების ლიდერებს. როდესაც უამრავი ახალგაზდა ადამიანი მოკვდა ომში, ძნელია აუხსნა მათ დედებს და მამებს, რომ ეს ბიჭები უაზროდ დაიღუპნენ. ამიტომ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჯარების გამოყვანაზე. ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 1989 წლის თებერვალში ჯარები დატოვებდნენ ავღანეთს,“ - ამბობს არჩი ბრაუნი.

ჯონ პარკერი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში რუსეთის საკითხების ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ გორბაჩოვმა ასევე რადიკალური პოლიტიკა აირჩია საბჭოთა სამხედროების მიმართ.

„მან გადადგა ნაბიჯები საბჭოთა არმიის შესამცირებლად, რასაც ბევრი ვერ იჯერებდა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ციფრები რეალურად შემცირდა,“ - ამბობს ჯონ პარკერი.

გორბაჩოვის „ახალი აზროვნების“ პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაზეც გავრცელდა, სადაც ხალხი უკვე ითხოვდა კომუნისტური რეჟიმის დასრულებას.

1989 წლის ივლისში საბჭოთა პოლიტიკას, ცნობილი მომღერლის პოპულარული სიმღერის „მაი ვეის“ შესაბამისად, „სინატრას დოქტრინა“ ეწოდა.

არჩი ბრაუნი და სხვა ანალიტიკოსები თვლიან, რომ გორბაჩოვის არაინტერვენციულმა პოლიტიკამ საბოლოოდ 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევა გამოიწვია.

ბრაუნის თქმით, კედლის დანგრევის მეორე დღეს გორბაჩოვმა გერმანიის ელჩს განუცხადა, რომ მათ სწორი გზით იმოქმედეს, როდესაც ძალა არ გამოიყენეს. 1990 წლის ოქტომბერში მიხაილ გორბაჩოვს ნობელის პრემია მიენიჭა. 14 თვის შემდეგ კი მან საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რითაც საბჭოთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.