27 მაისს თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ვაშინგტონშიც გაიმართა. მართალია, ქართველი ემიგრანტების მანიფესტაცია თბილისის აქციას რაოდენობრივად ჩამოუვარდებოდა, თუმცა საქართველოს საელჩოსთან ასეთი მასშტაბის აქცია ბოლო წლებში პირველად ჩატარდა. აქციაში ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, პენსილვანიაში და ჯორჯიაში მცხოვრები ქართველები მონაწილეობდნენ. მანიფესტანტთა საერთო რაოდენობა 200 კაცამდე იყო. მონაწილეთა უმეტესობა კოალიცია «ქართული ოცნების» მაისურებში იყო გამოწყობილი. გამოტანილი ქონდათ ქართული დროშები და ტრანსპარანტები, სადაც საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგები ეწერა. აქცია შერიდანის მოედანზე, საქართველოს საელჩოს მახლობლად მას შემდეგ დაიწყო, რაც სხვადასხვა შტატებიდან ჩამოსული ავტობუსებიდან ქართველი ემიგრანტები გადმოვიდნენ და ვაშინგტონელ თანამემამულეებს შეუერთდნენ. «ამერიკის ხმასთან» საუბარში აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, «ქართული ოცნების» ამერიკული ბიუროს ხელმძღვანელმა ნუგზარ დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს არა მარტო პროტესტის, არამედ ქართველთა ერთობის დღეა.
«ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თანამემამულეების მოთხოვნებს ვუერთდებით. საქართველოს აღარ უნდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება. დროა, საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული პროცესები. დროა, შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევები, დროა საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვას იმ ძალადობაზე, რაც ქვეყანში უკვე წლებია მიმდინარეობს. ჩვენ დღეს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს და სულისკვეთებას ვუერთდებით,» - აღნიშნა ნუგზარ დავითაშვილმა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქართველმა ემიგრანტმა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ. მან ამისთვის ინგლისური ენა არჩია, რადგან მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ამერიკელებიც გაიგებდნენ. მან გამოსვლაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველი ხალხის მოთხოვნებს, რადგან ამერიკის პარტნიორი არის ქართველი ხალხი და საქართველო და არა სააკაშვილის მთავრობა. მისი თქმით, სწორედ დემოკრატიის დამყარება და სამართლიანობა განსაზღვრავს საქართველოს სწორ განვითარებას და არა სააკაშვილის მთავრობის განცხადებები, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
«დღეს ლამაზი დღეა, ჩვენი ერთობის დღეა. დროა ქართველი ემიგრანტების და საქართველოს მოსახლეობის ხმა იყოს ერთიანი. ასეთ შემთხვევაში, სამართლიანობის გამარჯვება გარდაუვალია,» - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ ჩვენთან საუბარში.
აქციის მონაწილეებმა შარშან 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევაც გაიხსენეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოყვა. აღსანიშნავია, რომ გამოტანილ ტრანსპარანტებს შორის მრავლად იყო შარშანდელი დარბევის ამსახველი ფოტომასალა.
აქციამ მოკლე ხანში საქართველოს საელჩოს წინ გადაინაცვლა, სადაც კიბეებზე დააწყვეს წითელი ვარდები და საპროტესტო პლაკატები. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი სააკაშვილის მთავრობას უკან უბრუნებენ ვარდებს, 2003 წლის რევოლუციის სიმბოლოს. საელჩოს წინ შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა ქართველმა ემიგრანტმა გიორგი სიგუამ. მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ერთიანდება «ქართული ოცნების» ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო და ქართველი ხალხის სურვილს უერთდებიან ემიგრანტებიც. მან ასევე მიმართა საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილს და მოუწოდა უარი თქვას სააკაშვილის მთავრობის ელჩობაზე და შეუერთდეს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას.
აქციის მონაწილეები საქართველოს საელჩოდან თეთრი სახლისკენ გაემართნენ, რომლის ფონზეც სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს წინ მიმდინარე აქციის ორგანიზებულობას ზედმიწევნით და კორექტულად აკონტროლებდა ამერიკული პოლიცია. აქციის მშვიდობიანად ჩატარების მიზნით პოლიციამ მიმდებარე ქუჩებიც კი გადაკეტა.