დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო თანამეგობრობას სირიაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზი კი სირიის ოპოზიციის აქტივისტების და მოსახლეობის მტკიცებით, ქალაქ ჰამაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები გახდა, რის შედეგადაც კვირას ქალაქ ჰამაში სამთავრობო ძალებმა 80-მდე ადამიანი მოკლეს. ქალაქზე შეტევა დღესაც გრძელდებოდა. აქტივისტების მტკიცებით, სამთავრობო ძალებმა ჰამას ცეცხლი ტანკებიდან გაუხსნეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ულიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები უნდა დაწესდეს. თუმცა ამავდროულად, მისივე თქმით, საერთაშორისო სამხედრო ჩარევა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჰეიგი სირიაზე ზეწოლისკენ უპირველეს ყოვლისა თურქეთს და სხვა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს. სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ასევე დაგმეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. ბრიუსელმა უკვე ქმედითი ნაბიჯი გადადგა და სირიის ხელისუფლების წევრებს ევროკავშირის ზონაში შესვლა აუკრძალა. თავის პოზიცია დააფიქსირა რუსეთმაც. მოსკოვმა ძალადობა დაგმო და ორივე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა.