დაუმთავრებელი რუსული პროექტი

დაუმთავრებელი რუსული პროექტი

ინტერვიუ სერგეი მარკედონოვთან „მერაბიშვილი საქართველოში მეორე პირი და გავლენიანი მინისტრია“ „სააკაშვილი ძალიან ემოციური ადამიანია, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელია.“

რუსი ანალიტიკოსი სერგეი მარკედონოვი, უკვე რამდენიმე თვეა ვაშინგტონში მუშაობს. ის სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევის ცენტრში მოღვაწეობს. სერგეი მარკედონოვთან საუბარი დავიწყეთ შეკითხვით, თუ როგორი იქნება რუსეთი 2012 წლისთვის და ვინ შეიძლება ვიხილოთ კრემლში პირველ პირად, მედვედევი თუ პუტინი.

„მე ვფიქრობ, ძალზედ ვაჭარბებთ ამა თუ იმ ხელმძღვანელის პიროვნების შეფასებისას. მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არ იქნება პუტინი და იქნება მედვედევი. განა ამით საერთო სიტუაცია, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, საგარეო პოლიტიკაში შეიცვლება? ერთი წამით წარმოვიდგინოთ 2013 წელი საქართველოში. წავიდა სააკაშვილი და მოვიდა უგულავა. დათანხმდება საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას? რა თქმა უნდა არა. ასევე არცერთი რუსი ლიდერი არ დათანხმდება 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გადათამაშებას. საერთო ჯამში ბევრი ობიექტური ტენდენცია არსებობს, რომლებიც ამ თუ იმ ლიდერის პერსონალურ როლის ნიველირებას ახდენენ. მე მესმის, რომ პოლიტიკური პროპაგანდის დროს, პირველი პირის პერსონიფიცირება, ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი ამოცანა. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ის არის, შეძლებს თუ არა რუსეთი უახლოეს მომავალში გადადგას ნაბიჯები რუსი ერის პროექტის განვითარების მიმართულებით. შეძლებს თუ არა რუსეთი თავისი მრავალფეროვანი მოსახლეობის კონსოლიდირებას გარკვეული ფასეულობათა სისტემის გარშემო. ჩვენ დაუმთავრებელ რუსულ პროექტს ვხედავთ.“

რაც შეეხება რუსეთ-ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკის პერსპექტივას, ხელისუფლებაში პუტინის დაბრუნების შემთხვევაში, სერგეი მარკედონოვმა განაცხადა:

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკა არასდროს იყო ერთგვაროვანი. მე მინდა გაგახსენოთ მისი განცხდაება 2001 წელს, რომ რუსეთი მზად არის ნატოში შესასვლელად. ასეთ განცხადებას არ აკეთებდა თვით ელცინიც კი, რომელიც უფრო დემოკრატიული შეხედულებებით იყო ცნობილი. ელცინს ქონდა მკვეთრი ანტიდასავლური გამოსვლებიც კი. ამისთვის გაგახსენებთ 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მის სიტყვას.გთხოვთ წაიკითხოთ მისი გამოსვლა და შეადაროთ პუტინის სიტყვას მიუნხენის კონფერენციაზე. იქმნება განწყობა, რომ ეს ორივე ტექსტი ერთი და იგივე ჯგუფის დაწერილია.“

მარკედონოვის თქმით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკის მოთხოვნილება ჩნდება. გადატვირთვის შემთხვევაში კი, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ეს არა მარტო დასავლეთის კეთილი ნებაა, არამედ რუსეთისაც. მარკედონოვი ფიქრობს რომ, ბევრ საკითხში რუსეთი და დასვალეთი ძალზედ ეფექტურად თანამშროლომებენ. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც კი, თუკი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, გადატვირთვის პოლიტიკას არაფერი ემუქრება.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად იქონიებს გავლენას რეგიონში არსებეულ ვითარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების შესახებ, სერგეი მარკედონოვმა აღნიშნა:

„მერაბიშვილის განცხადებას ყურადღებით უნდა შევხედოთ. ეს არ არის ბატონი წიკლაურის განცხადება. მერაბიშვილი საქართველოში მეორე პირი და გავლენიანი მინისტრია. ასევე უნდა გავიგოთ,რომ არსებობს რიტორიკა და არსებობს რეალური პოლიტიკა. მე ვფიქრობ, საქართველომ შეიძლება აღიაროს ჩერქეზების გენოციდი. თუმცა, ეს არ იქნება კატასტროფა. მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული შეზღუდვები, რაც საქართველოს არ მისცემს ამის საშუალებას. პირველი, ეს არის ურთიერთობა სომხეთთან და თავად საქართველოს შიგნით არსებული სომხური დიასპორის ფაქტორი. როგორც ცნობილია, სომხეთი უკვე დიდი ხანია თანმიდევრულად სთხოვს საქართველოს სომხების გენოციდის აღიარებას, თუმცა საქართველო ამას არ აკეთებს თურქეთთან ურთიერთობის გამო. ამდენად, თავად საქართველო არ მოისურვებს, რომ აღმოჩნდეს ვითარებაში, სადაც იქნება არჩევანი თურქეთსა და სომხეთს შორის. ასევე, გასათვალისწინებელია ჯავახეთში მცხოვრები სომხების ფაქტორი. იქ ხომ ოფიციალური მონაცემებით 300 ათასზე მეტი სომეხი ცხოვრობს. ამდენად გენოციდის აღიარების ასეთი პრეცენდენტის შექმნა თავად საქართველოსთვის არის სახიფათო. “

სააკაშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, მარკედონოვმა აღნიშნა:

„სააკაშვილი ძალიან ემოციური ადამიანია, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელია. რადგან მას შეუძლია რამე ისეთი წამოცდეს და მერე რუსეთი იტყვის, აი შეხედეთ, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერა. სააკაშვილი რომ იყოს უფრო დინჯი, პრაგმატული და ნაკლებად ემოციური ადამიანი, რა თქმა უნდა მასთან გაცილებით რთული იქნებოდა. მეორეს მხრივ, რასაკვირველია მასთან უფრო გაადვილდებოდა კომპრომისის მოძებნაც.

შეკითხვაზე, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში დათანხმდება თუ არა რუსეთი პირდაპირ მოლაპარაკებებს საქართელოს ახალ ხელისუფლებასთან, მარკედონოვმა აღნიშნა, "გააჩნია თუ რას ნიშნავს სააკაშვილის წასვლა ხელისუფლებიდან. თუ განმეორდა პუტინის ვარიანტი და სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, ასეთ შემთხვევაში ვითარება შენარჩუნდება და რუსეთი ისევ იგივე პოლიტიკას გააგრძელებს." ასევე მისი აზრით, ჯერჯერობით, ქართულ ოპოზიციაში არ არსებობს გამოკვეთილი ძალა, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას.