საზოგადოება გულგრილია იმ ადამიანების პრობლემების მიმართ, ვინც დღეს ცხინვალისპირა სოფლებში ცხოვრობს. არავინ ინტერესდება მათი ყოფით, არავინ კითხულობს, როგორ ახერხებენ ისინი გაძლებას, ცხოვრებას, შვილების გაზრდას ატმოსფეროში, სადაც მუდამ ომის სუნი ტრიალებს. ასე ფიქრობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. ასე ფიქრის საფუძველს მას აძლევს რეალობა,როდესაც ხელისუფლება და საზოგადოებაც, ცდილობს ნაკლებად იფიქროს ომგამოვლილი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე.
„გვეყო უარყოფითი ემოცია, ნეგატიური ინფორმაცია, დროა გადავერთოთ პოზიტიურზე“ – ამბობენ ადამიანები, ვისაც ასეთი არჩევანი საქართველოში აქვს ანუ ვისაც ომი არ შეხებია, ვინც პირადად არ ცხოვრობს ცხინვალისპირას.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ასეთ საზოგადოებას არ შეიძლება ეწოდოს საზოგადოება, ის მხოლოდ მოსახლეობაა:
„გასაგებია, რომ ხელისუფლება შეიძლება იყოს დაინტერესებული კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საზოგადოების პრობლემების მიჩუმათებით და ეს იმით გამოიხატოს, რომ ამ პრობლემის შესახებ არ გავიდეს არცერთი სიუჟეტი ცენტრალური სატელევიზიო არხებით, მაგრამ სხვაა და განსაკუთრებით მძიმე ის, რომ საზოგადოებაც ნაკლებად ინტერესდება ამ თემით და ნაკლებად აქტიურობს, რათა გაიგოს უფრო მეტი ცხინვალისპირა სოფლებში მცხოვრებთა მდგომარეობის შესახებ.
„როდესაც ნიქოზში, გუგუტიანთკარში ან ერგნეთში ჩახვალ, თითქოს სხვა ქვეყანაში მოხვდი, არა იქ, სადაც საქართველოა. ღვთისგან დავიწყებულის შთაბეჭდილებას ტოვებს იქ ყველაფერი“ – ამბობს მამუკა არეშიძე და დასძენს, რომ ეს სოფლები მოსახლეობისგან დაიცლება, თუ საზოგადოებისა და ხელისუფლების მიდგომები მათ მიმართ არ შეიცვლება:
„ახალგაზრდები ამ სოფლებიდან გაქცევას ცდილობენ, ისინი განწირულნი არიან იმისთვის, რომ მათგან მომავალში ბუფერული ზონები შეიქმნას“ – ამბობს მამუკა არეშიძე.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ომით და უწყლობით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისთვის საზამთროდ დახმარება უნდა გამოყოფილიყო. ამ პროექტის ფარგლებში ცხინვალისპირა სოფლებში ყოველ ოჯახს ერთი ტომარა ფქვილი და ორი კუბური მეტრი შეშა დაურიგდა.
მეგი ბიბილური, ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელი, რომელიც ქართულ–ოსური ურთიერთობების საკითხებზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დახმარება ბევრ ომით დაზარალებულ სოფელში არ დარიგებულა:
„მართალია, ზოგი სოფელი ცხინვალს უშუალოდ არ ესაზღვრება, თუმცა ომით და უწყლობით მიყენებული ზარალი აქაც ისევეა, როგორც სხვა, ცხინვალისპირა სოფლებში, სამწუხაროა, რომ მათ მიმართ არანაირი პროგრამა არ განხორციელებულა “– აღნიშნავს მეგი ბიბილური.