ქართველები თალიბებს ჰელმანდის პროვინციაში ებრძვიან

მეორე თვეა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 31-ე ბატალიონის 925 მებრძოლი ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაშია ჩაბმული. აქედან ერთი ქართული ასეული - 175 მეომარი, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულშია განლაგებული, 750 ქართველი სამხედრო კი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს.

ქართველები ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ეგიდით მოქმედებენ, 31 ბატალიონის მაიორი, ალექსანდრე ოზბეთელაშვილი ჰყვება, თუ რა დავალებებს ასრულებენ ქართველები ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში:

ალექსანდრე ოზბეთელაშვილი: 31-ე ბატალიონი მოქმედებს თავის არეალში, დაკისრებული აქვს ფეხით და ავტოტრანსპორტით პატრულირება, კონვეირება. ბატალიონი ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციების სრულ სპექტრს ასრულებს. წარმატებულად ვასრულებთ დაკისრებულ ოპერაციებს, ვთანამშრომლობთ ავღანულ ნაციონალურ პოლიციასთან და არმიასთან.

ვართ ამერიკელი საზღვაო ქვეითების პარტნიორები. აგრეთვე, ვაწარმოებთ, სამოქალაქო ურთიერთობების ოპერაციებს, ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრების და უსაფრთხოების პირობები, ამ მიზნით, ჩვენთან ერთად სპეციალური, საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფები მუშაობენ.

ქართველები თალიბებს ჰელმანდის პროვინციაში ებრძვიან

2010 წლის 13-14 ივნისს ავღანეთში ქართველი სამხედროები პირველად მოინახულა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. მინისტრი ქაბულში პირდაპირ ბრიუსელიდან ჩაფრინდა, სადაც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის გენერალურ მდივანს რასმუნსენს შეხვდა და ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის გამო მადლობაც მიიღო.

კიდევ ერთი მადლობა, ახალაიას უკვე ქაბულში ელოდა, საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მეთაურმა გენერალმა სტენლი მაკრისტალმა ქართველი მებრძოლების მოქმედებას მაღალი შეფასება მისცა. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჰელმანდის პროვინციაში ყოფნისას კერძოდ თქვა:

ბაჩო ახალაია: ჩვენი მთავარი მიზანი, დღეს, აქ ჩამოსვლისა, იყო ის, რომ გვენახა ჩვენი შეიარაღებული ნაწილები, რომლებიც ავღანეთშია განლაგებული, როგორ პირობებში იმყოფებიან. ეს დღეებია, როდესაც ისინი (ჩვენი ნაწილები) იღებენ ძირითად ფუნქციებს საკუთარ თავზე.

როგორც ადგილობრივმა ხელმძვანელობამ, ამერიკელმა გენერლებმა გვითხრეს, ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი შეიარაღებული ნაწილებით, იმ ბატალიონით, რომელიც აქ (ჰელმანდში) მსახურობს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბიჭებიც ძალიან კმაყოფილები არიან იმ გამოცდილებით, რომელსაც აქ იღებენ და იმ ცოდნით, რომელსაც აქ შეიძენენ.

ჰელმანდის პროვინციაში მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური პუშტუნია. ჰელმანდი ერთის მხრივ პაკისტანს ესაზღვრება, მეორეს მხრივ კი, ყანდაღარის პროვინციას, რომელიც საერთაშორისო ძალების მთავარი მოწინააღდეგის - თალიბების მთავარ ცენტრად ითვლება.

თებერვალში ეს პროვინცია გააფთრებული შეტაკებების ეპიცენტრი იყო, მიმდინარეობდა ოპერაცია მუშტარაკი, რის შემდეგაც თალიბებს ქალაქი მარჯი დაატოვებინეს. ქართველების გადასროლა ჰელმანდის პროვინციაში სწორედ ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ მოხდა. ნატოში საქართველოს ელჩი გრიგოლ მგალობრიშვილი ამბობს.

გიორგი მგალობლიშვილი: როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ჰელმანდის პროვინციაში, ჩვენი შეიარაღებული ძალების გადმოსროლისა და მობილიზაციის ეტაპი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ადგილზე გვენახა, როგორ გრძნობენ თავს ჩვენი ჯარისკაცები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი მეომრები ძალზე ღირსეულად ასრულებენ, მათზე დაკისრებულ მოვალეობას. პრაქტიკულად, ყველა, ის პარტნიორი ქვეყანა, ვისთან, ერთადაც ისინი მსახურობენ, მათი გამბედაობით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

დღეისათვის, ჰელმანდი კვლავაც ცხელ წერტილად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქაბულში ავღანელი უხუცესები ომის შეწყვეტაზე მსჯელობენ, თალიბები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს. კვირის დასაწყისში, ჰელმანდის პროვინციაში თალიბებმა ორი ბრიტანელი და ერთი დანიელი სამხედრო მოკლეს, მანამდე კი ქართულ ბაზასთან საკმაოდ ახლოს, ნატოს შვეულმფერი ჩამოადგეს, რასაც ოთხი მფრინავი ემსხვერპლა.

გასულ კვირას, თალიბები ასევე ცდილობნენ ჰელმანდში ვიზიტად მყოფი ბრიტანეთის ახალი პრემიერის დევიდ კემერონის ვერტმფრენის ჩამოგდებას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ საქართველომ ავღანეთში სამხედროების გაგზავნით სწორი ნაბიჯი გადადგა.

გივი თარგამაძე: თუ ვინმეს ჰქონდა ეჭვები, რომ უნდა მიეღო თუ არა, ქართულ ქვედანაყოფს ამ მისიაში მონაწილეობა, მე ვფიქრობ, ეს ეჭვები ყველას უნდა გაუქარწყლდეს, გამომდინარე იქედან, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ.

საქართველო ავღანურ ოპერაციაში ჯერ კიდევ 2004 წელს ჩაება, მაშინ ქართველი სამხედროები ლიტვის კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას. გასული წლის ნოემბერში ქაბულში, 23 ბრიგადის 173 ქართველი მეომარი ჩავიდა, წელს აპრილში კი მათი რიცხვი უკვე 925-მდე გაიზარდა. ამ მონაცემებით, საქართველოს, ავღანეთის ოპერაციაში ჩაბმული ქვყენებიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს. სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ამბობს

გიორგი ბარამიძე: ჩვენ ყველანი ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ, მათ არაფერი მოაკლდეთ, არც სამხედრო აღჭურვილობა, არც საბრძოლო მასალები და არც საყოფაცხოვრებო პირობები; რომ, მათ ჰქონდეთ საქართველოში ოჯახებთან კავშირი და ყველა ის, პირობა, რომელიც სჭირდებათ ბრძოლისთვის, დასვენებისთვის და იმისთვის, რომ ისინი, ყველანი საღსალამათნი და ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და ოჯახებს.

სულ, მსოფლიოს ცხელ წერტილებში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში, დღემდე, ოთხი ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, აქედან 20 მძიმედ დაიჭრა, ხუთი ქართველი მებრძოლი კი დაიღუპა.