ძველი მეგობრების ეფექტური გადაწყვეტილების მოლოდინში

საერთაშორისო პრესა პუტინის ახალ განცხადებებს აფასებს

ბრიტანულმა გავლენიანმა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: “ვლადიმირ პუტინის ვალდაის ხედვა“. ვალდაის კლუბი იმ აკადემიკოსების, ისტორიკოსების და მიმომხილველების ყოველწლიური შეხვედრაა, ვისაც რუსეთის მიმართ ინტერესი გააჩნია. კლუბის წევრებს შავი ზღვის კურორტ სოჭში ვლადიმირ პუტინმა უმასპინძლა. „ეკონომისტის“ ცნობით, ვალდაის შეხვედრის მონაწილეთა განწყობა ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. მათი უმრავლესობა რუსეთის მომავლისადმი სკეპტიკურ განწყობას არ მალავდა. შეხვედრამდე ჯგუფში გაიმართა საკმაოდ ცხარე დისკუსია თემაზე, თუ საით მიდის რუსეთი. ფორუმის რუსი მონაწილეები მეტწილად მოღუშულები ისხდნენ და ვერც ისინი მალავდნენ იმას, რომ რუსეთის ტერიტორია, კლიმატი და ისტორია განაპირობებს მისი ავტოკრატიული მართვის ხასიათს და თავისუფლების შეზღუდვას.

ვალდაის ჯგუფმა რუსეთის თემაზე სპეციალური გამოკვლევაც ჩაატარა, რომელსაც პირობითად „ვალდაის ინდექსი“ ქვია, რის მიხედვითაც რუსეთში სტაგნაციის ტენდენცია აშკარაა. „რუსეთში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს რეალური რესტრუქტრუზაცია და მოდერნიზაცია; ნავთი და გაზი შემოსავლის კვლავ უმთავრესი წყაროებია, კორუფცია ისევ შეუფერხებლად გრძელდება და ინოვაციები თითქმის არ ხორციელდება,“ - ნათქვამია ვალდაის კვლევაში.

თუმცა, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის წევრებთან შეხვედრაზე ეს შეხედულებები უარყო. მისი თქმით, რუსეთის მთავრობას 2020 წლისათვის ქვეყნის მოდერნიზაციის მკაფიო გეგმა გააჩნია. მან ამის დასადასტურებლად განაცხადა, რომ მაღალი ტექნოლოგიის დანადგარებზე საიმპორტო ვალდებულებები გაუქმებულია და ასევე სხვადასხვა მრეწველობებში დივერსიფიკაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პუტინმა ასევე ისაუბრა რუსეთში უცხოური ინვესტიციების განხორციელებაზე. თუმცა, არ დავიწყებია იმის აღნიშვნაც, რომ ეს ძირითადად ენერგოსექტორში ხდება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც შეეხო. მან ამასთან დაკავშირებით ვალდაის ჯგუფს ფრანკლინ რუზველტის მაგალითი შეახსენა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოთხჯერ გახდა, მაშინ როდესაც თავად პუტინს მხოლოდ ორჯერ ეკავა პრეზიდენტის პოსტი. მან ასევე დასძინა, რომ ის და პრეზიდენტი მედევდევიც კონსტიტუციის ერთგულები რჩებიან, რომელიც ზედიზედ მხოლოდ ორჯერ პრეზიდენტობის უფლებას იძლევა. პუტინმა აღნიშნა, რომ ის და მედვედევი, როგორც „ძველი მეგობრები“ დასხდებიან და მოილაპარაკებენ, თუ როგორ მოიქცნენ 2012 წელს. პუტინი ვალდაის ჯგუფს დაპირდა, რომ რასაც „ძველი მეგობრები“ გადაწყვეტენ „ეფექტური იქნება“. „ეკონომისტის“ სტატის მიხედვით, ვალდაის ჯგუფის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ 2012 წელს ვლადმირ პუტინს საპრეზიდნეტო არჩევნებეში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს. რომლის შემდეგაც კვლავ 2 ვადით იქნება ქვეყნის ლიდერი. “ეკონომისტი“ ასკვნის, რომ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა ვალდაის ჯგუფთან შეხვედრაზე მედვედევის უარმა.

უნდა ითქვას, რომ სოჭის შეხვედრა საერთაშორისო პრესის ობიექტივში მოექცა. ამ მოვლენას ასევე სტატია მიუძღვნა ამერიკულმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ სათაურით - „პუტინმა ტონი შეცვალა და ობამა შეაქო.“

„შეხვედრის მონაწილე სპეციალისტები გაოცებულები დარჩნენ ბატონი პუტინის რიტორიკის შეცვლით. გასული წლის ივლისში მისი და ბატონი ობამას დაძაბული შეხვედრა პუტინის მოსკოვთან ახლოს მდებარე რეზიდენციაში, რუსი ლიდერის მიერ შეერთებული შტატების მკვეთრი კრიტიკით დაიწყო, რომლის საფუძველიც მოსკოვის აზრით, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდი იყო,“ - წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი.“ ამავე გამოცემას მოყავს პუტინის ციტატა, რომელიც ვალდაის ჯგუფმა რუსეთის პრემიერის რიტორიკის შეცვლად შეაფასა: „ჩვენ კარგი და თანმხვედრი შეხედულებები გვაქვს გლობალურ პრობლემებზე. შესაძლოა ეს იყოს საუკეთესო წინაპირობა უფრო მაღალი დონის ურთიერთობის დასამყარებლად შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას რუსული „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად ვაშინგტონთან გადატვირთვის პოლიტიკის მხარდაჭერისა, ამერიკის ადმინისტრაცია წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს დგამს. ამის საილუსტრაციოდ ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს საქართველოს შეიარაღებას და აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების მცდელობას, ახსენებს თავის მკითხველს „უოლ სტრიტ ჯორნალი“. ამავე თემას და პუტინის შესაძლო პრეზიდენტობას შეეხო „ნიუ-იორკ ტაიმსიც“. აი რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა:

„ბოლო წლების მანძილზე ბატონ პუტინს და მის თანაშემწეებს ხშირად მოჰყავთ რუზველტის მაგალითი, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე ბატონი პუტინის ყოფნის შესახებ ისმება კითხვა. ორშაბათს მის მიერ კვლავ რუზველტის მაგალითის მოყვანა, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ის უკვე ამზადებს თავის დაბრუნებისთვის ფუნდამენტს. ასევე შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ტაქტიკური სვლა, რომელიც მიმართულია დისკუსის გაგრძელებაზე მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ. რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის მის (პუტინის) წარმოდგენას „კოჭლი იხვის“ როლში.“