ილია მეორეს აფხაზეთში ჩასვლა სურს

რუსეთის და საქართველოს პატრიარქები კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის მეთაურთან ერთად

საპატრიაქოს აფხაზეთში დაბრუნება ისევ რუსეთის დახმარებით უნდა

უკრაინის დედაქალაქში ხუთდღიანი ვიზიტით სრულიად საქართველოს კათოლიკოსი ილია მეორე ჩავიდა, პატრიარქი უკრაინისა და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს ესწრება.

ორი სლავური ქვეყანა 28 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანებას აღნიშნავს. კიევის რუსეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 988 წელს გამოცხადდა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს 2008 წლიდან ზეიმობს, რუსეთში კი დღესასწაულის აღნიშვნა შარშან გადაწყდა. კიევში დღეს, ოთხ საათზე ჩაფრინდა რუსეთის პატრიარქი კირილე და პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოს პატრიარქთან გამართა.

2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს ორი პატრიარქის რიგით მეორე შეხვედრა იყო. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის უფროსის მამა დავით შარაშენიძის თქმით, ბევრ სხვა თემასთან ერთად, ილია მეორემ და კირილემ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღდგენაზე ისაუბრეს:

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობით, ჩვენ აფხაზეთში აღვადგენთ ქართული ეკლესიის იურისდიქციას. სამწუხაროდ, დღეს იქ არ ვრცელდება ჩვენი საეკლესიო იურისდიქცია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია სრულიად ცალსახად აღიარებს საქართველოს ეკლესიის განუყოფლობას, ერთიანობას, მათ შორის, აფხაზეთს, როგორც ჩვენ უმთავრეს კანონიკურ ნაწილს, დღეს სამწუხაროდ, ეს არის დე-იურე, დე-ფაქტო კი ვერ ვახორციელებთ იქ ჩვენს რელიგიურ მისიას. უწმინდესს ასევე ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩაბრძანდეს აფხაზეთში და რუსეთის პატრიაქთან მოლაპარაკება ამ თემასაც შეეხო.“

დღესვე, საქართველოს პატრიარქმა კიევში გახსნა გამოფენა სახელწოდებით - „ივერია და კიევ-პეჩერის ლავრა“. 1051 წელს, ბერების ანტონისა და თეოდოსიუსუს მიერ დაარსებული კიევის რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი ილია მეორემ გუშინვე, კიევში ჩაფრენის შემდეგ მოილოცა. იქვე აკურთხა ოდესელი ქართველების ჩატანილი ღვთისმშობლის ხატი.

პატრიაქმა ასევე მოინახულა კიევის უძველეს უბანში პოდოლში მდებარე წმინდა ილიას სახელობის ეკლესია. ილია მეორემ საჯაროდ მიმართა მოსკოვის საპატრიაქროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მიტროპოლიტ ვოლოდიმირს. საპასუხოდ, პრორუსული უკრაინული ეკლესიის წარმომადგენელმა არქიმადრიტმა ანდრია ოსიაშვილმა განაცხადა, რომ "რუსეთის, საქართველოს და უკრაინის ეკლესია ერთია".

ილია მეორე: „თქვენო უწმინდესობამ გისურვებთან, რომ მშვიდობამ და სიმშვიდემ დაისადგუროს თქვენს მიწაზე და საქართველოს მიწაზე. რომ მშვიდობა და სიმშვიდე იყოს ჩვენს გულებში.“

არქიმანდრიტი ანდრია (ოსიაშვილი): „დღევანდელი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქრისტეს ეკლესია ერთიანია. და, ეს ვიზიტიც არის ერთიანობის გამომხატველი, რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობის.“

ქართველთა პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში და რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სერიოზული შიდადაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულმა კანონმა, რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომლის წინააღმდეგაც ღიად გამოვიდა პატრიარქი, ფაქტიურად, ორად გაყო წმინდა სინოდი.

საბოლოოდ სინოდი საერო ხელისუფლებასთან მორიგების გზით წავიდა და მრევლს მოუწოდა თავი შეეკავებინათ მღელვარებისგან. სინოდის ეს გადაწყვეტილება დღემდე უკმაყოფილებას იწვევს როგორც სასულიერი პირთა, ისე მრევლის ერთ ნაწილში. თავის მხრივ საპატრიარქო სინოდში განხეთქილების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ზვიადაძე მომხდარს ასე განმარტავს:

„აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა ერთხმად დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია. ამასთან, ამ ეტაპზე აირჩია ის გზა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დამცავი მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.

კრებამ თავისი გადაწყვეტილებები სინოდის განჩინებაში დააფიქსირა. ესეც მღვდელმთავართა საერთო შეთანხმების შედეგი იყო. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არის სხვა რელიგიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვაც, რასაც ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ამ პოზიციას მუდამ საჯაროდ ვაფიქსირებდით.

მაგრამ, ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის უდედისი უმრავლესობის, მართლმადიდებელი ქრიასტიანების სამართლიანი მოთხოვნების დისკრიმინაციის ხარჯზე.“

ილია მეორე ბოლოს უკრაინაში 14 წლის წინ იმყოფებოდა, კიევში კი საერთოდ პირველად ჩავიდა. საქართველოს პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში 30 ივლისს დასრულდება, მანამდე ილია მეორე მოილოცავს კიევის რამდენიმე მონასტერს, მოინახულებს ადგილს, სადაც კიევის საკვირაო-საკათედრო ტაძარი უნდა აშენდეს; უკრაინაში საქართველოს საელჩოში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს.

ვიზიტის ბოლო დღეს კიევის სასულიერო აკადემიაში ილია მეორეს განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცემა აკადემიის დიპლომი - Honoris Сausa.

კიევის რუსეთის გაქრისტიანებას უკრაინის დედაქალაქში რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების გარდა, კიევის საპატრიაქოს თვითგამოცხადებული უკრაინის მართლმადიდებელი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებიც ზეიმობენ, თუმცა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ეკლესიები მათ არაკანონიკურად მიიჩნევენ და განხეთქილებაში მყოფებს უწოდებენ.