აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია

აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია

ვაშინგტონი ევროპაში ბრიგადების რაოდენობას ანახევრებს

იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ გლობალური თავდაცვის სტრატეგიის შესახებ განცხადება გააკეთა, ერთერთი მთავარი ყურადღება აზიის რეგიონს დაუთმო. მისი გადაწყვეტილებით, ამერიკის თავდაცვის ახალი ბიუჯეტი აზიის რეგიონში საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების მომზადებას უნდა დაეთმოს. ამ სტრატეგიამ კი ევროპის უსაფრთხოების შესახებ ახალი კითხვები წარმოშვა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ლონდონიდან არკვევდა.

ევროპაში შეერთებული შტატების არმიის კორპუსის სარდლობის შეცვლა ჩვეულებრივი საზეიმო ცერემონიით ჩატარდა. თუმცა, ახალმა სარდლობამ კარგად იცოდა, რომ მათი ამოცანა საბრძოლო ძალების განახევრება იქნებოდა. პრეზიდენტის ახალი თავდაცვითი სტრატეგიის თანახმად, ევროპაში მყოფი ოთხი ამერიკული საბრძოლო შენაერთიდან მხოლოდ ორი დარჩება.

ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად ახალი გეგმა საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში სპეციალური ძალების მიერ ანტიტერორისტული ღონისძიების განხორციელებისთვის იგეგმება.

თუმცა, შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ევროპის ქვეყნები, რომ მათი უსაფრთხოება კვლავ დაცული იქნება. ვაშინგტონმა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაგზავნა. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეც პანეტამ თეთრი სახლის ანალოგიური გზავნილი ჩაიტანა. ამერიკელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ევროპაში კვლავ არსებობს პოტენციური საფრთხეები, ირანის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების ჩათვლით. თუმცა, ეს არ არის იმ დონის საფრთხეები, რაც სახმელეთო ძალების რეაგირებას მოითხოვს.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, მას ევროპიდან ორი ამერიკული ბრიგადის გაყვანა არ აშფოთებს.

„ამერიკის თავდაცვის სტრატეგია ნათელი სიგნალია ევროპელი მოკავშირეებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზუსტად უნდა გათვალონ თავიანთი პასუხსიმგებლობა საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ იმ ფონის წინააღმდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისის გამო თავდაცვის ბიუჯეტების შეზღუდვას უკავშირდება. ამდენად, ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა რასმუსენმა.

ავღანეთში მომავალი სამი წლის მანძილზე ამერიკული საბრძოლო დანაყოფების შემცირებასთან ერთად ანალიტიკოსები ახალი სამხედრო სტრატეგიის გამოქვეყნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ჟილს მერიტი ბრიუსელში მოქმედი უსაფრთხოების და თავდაცვის ანალიტიკური ცენტრის მკვლევარია.

„ვფიქრობ ევროპელები ხედავენ, რომ მათი და ამერიკის ინტერესები კვლავ ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამერიკული გადაწყვეტილება უფრო მეტად მრავალმხრივი გავხადოთ ვიდრე დღესაა,“ - ამბობს მერიტი.

ამერიკის სამხედრო პრიორიტეტების აზიისკენ გადანაცვლება უცბად არ მოხდება. თუმცა, ევროპელ ანალიტიკოსებს და პოლიტიკოსებს „ბებერი კონტინენტის“ უსაფრთხოების დაგეგმვა ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით მოუწევთ.