რატომ არ აფინანსებს ქართული ბიზნესი ოპოზიციას?

თემურ ჭყონია: "უნდა დააფინასო ის, ვინც ნაღდად იგებს"

ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანიის დროს 14 მილიონი დახარჯა.

ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოფიციალური მონაცემებით, შვიდჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მთელმა ოპოზიციამ ერთად.

რეალური თუ სატელიტი ოპოზიციური ძალებიდან, არჩევნებზე გახარჯული სახსრებით ლიდერობენ: მრეწველები - 900 ათასი ლარით; შემდეგ, 660 ათასით მოდიან ქრისტიან დემოკრატები და სამეულშია - ეროვნული საბჭო 260 ათასი ლარი.

ამ თანხების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო დანახარჯი მართლაც გრანდიოზულად გამოიყურება - 14 მილიონი ლარი. ცეესკოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი კარლო კვიტაიშვილი ამბობს

კარლო კვიტაიშვილი: პოლიტიკურმა გაერთიანება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში, ფინანსური ანგარიში, აუდიტორულ დასკნასთან ერთად. შემოწირულობამ შეადგინა დაახლოებით 14 მილიონი ლარი. აქედან ძირითადი შემოწირულობა იყო გადმორიცხული ნაციონალური მოძრაობის, პარტიის მიერ.

მსხვილი ოპოზიციური პარტიებიდან, ყველაზე მცირე თანხით, საარჩევნო კამპანია ირაკლი ალასანიას ალიანსმა აწარმოა. მათი დანახარჯი, სულ რაღაც, 136 ათასი ლარია. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბიზნესს ოპოზიციისკენ გახედვისაც კი ეშინია, ამავე დროს, ალიანსში ფიქრობენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 14 მილიონზე გაცილებით მეტი დახარჯა.

ლევან ბერძენიშვილი: ჩემი აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ რაც გამოაქვეყნა, ეს არის, საწყისი, საბაზო თანხა, რომელიც რაღაც ინდექსზე მრავლდება. მე არ ვიცი რამდენზე, ათზე, ხუთზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, თვალნათლივ ჩანდა, რომ მათ, გაცილებით მეტი დახარჯეს, ვიდრე 14 მილიონია. ამიტომ, მე არ მჯერა ამ რიცხვის.

საქართველოში ბიზნესი დიახ, დაშინებულია, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემა არ შეუძლია, თუ ეს ოპოზიციაა, არ არის ხელდასხმული ხელისუფლების მხრიდან. ბიზნესმენს მოლაპარაკებისაც კი ეშინია,

ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევები. ლაპარაკზე წამოსვლაც კი აშინებთ, ისინი გულისხმობენ, როგორც საბჭოთა დროში, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. როგორ შეიძლება იმის გაფიქრება რომ ვინმე დააფინანსებს ოპოზიციას.

ცეესკოში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშებში არ შეგხვდებათ არცერთი მსხვილი იურიდიული პირი, რომელმაც ოპოზიციისთვის არჩევნებში ფული გაიღო. გარდა მრეწველების პარტიისა, რომელიც ტრადიციულად, პარტიის ლიდერის პირადი ლუდის ბიზნესიდან ფინანსდება. ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ გვითხრა

კახა კუკავა: როგორ შეიძლება რომ არ აღმოჩნდეს არცერთი კომპანია, არც მსხვილი, არც საშუალო და არც მცირე, რომელიც დააფინასებს ოპოზიციას. შეიძლება ეს არ იყოს ბევრი, მაგრამ როგორ შეიძლება რომ არ იყოს არცერთი.

მით უფრო, რომ ჩვენ ვიცით, ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოში ბიზნესისადმი არ არის ძალიან მეგობრული. ხშირად ხდება რეკვიზიციები, კონფისკაციები, ანუ წესით, უნდა არსებობდეს, რაღაცა სეგმენტი ბიზნესში, რომელიც ოპოზიციის დაფინანასებით დაინტერესებული იქნება.

მეორეს მხრივ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ჩრდილოეთ კორეაში, რომელიმე კომერციულმა სტრუქტურამ ფული მისცეს იქაურ დისიდენტებს?! დაახლოებით, იგივეა საქართველოშიც. ამიტომ, ვისაც ქართულ დემოკრატიაზე რაიმე ილუზიები აწუხებს, შეუძლია ტესტი ჩაატაროს, რომელიმე კომპანიას სთხოვოს, ასი ლარი გადაურიცხოს ოპოზიციურ პარტიას და მერე მიაკითხოს, მეორე დღეს იმ კომპანიის ოფისს, იქ ნიღბიანი სპეცნაზელები დახვდებიან.

2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ძირითადი ფინანსური დონორი, აწ გარდაცვლილი მილიარდელი ბადრი პატარკაციშვილი იყო. ასეთი დიდი კალიბრის ბიზნეს მოთამაშეები საქართველოში დღესაც ცხოვრობენ, თუმცა, პატარკაციშვილის მაგალითზე, მათ კარგად დაანახეს, რამდენად სახიფათოა საქართველოში ბიზნესმენისთვის პოლიტიკური ამბიცია და ოპოზიციასთან მეგობრობა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური დონორი, კოკა-კოლას და მაკდონალდსის ქსელის მეპატრონე თემურ ჭყონია, ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურად ამბობს:

თემურ ჭყონია: ამასწინათ იყო განხილვა ნიკა გილაურთან ახალი საგადასახადო კოდექსის. კოდექსი იცვლება საქართველოში. რეალურად, პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა ის საგადასახადო კოდექსი, რომელზეც ვოცნებობდით ჩვენ (ბიზნესმენები). ახლა იმაზე, რისთვის უნდა დავაფინასოთ ჩვენი ოპოზიცია?!

ოპოზიცია იძახის, რომ ამირჩიეთ მე და შევცლი ცხოვრებას, ის ხალხი, ვინც ამას გვპირდება, ჩვენთვის არის კარგად ნაცნობი და არავითარი გამოცდილება ქვეყნის მართვის არ აქვთ. და არ ვიცით, ეს (რასაც გვპირდებიან) რეალურად მოხდება თუ არა. და ყოველთვის, პრაგმატულები უნდა ვიყოთ და უნდა დააფინასო ის, ვინც ნაღდად იგებს.

გაუფასურებული ქართული ლარის ფონზეც კი მმართველ ნაციონალურ მოძრაობას და მთლიანად ქართველ ამომრჩეველს, ეს არჩევნები ძალიან ძვირი დაუჯდა, ახალი კურსით, 14 მილიონი ლარი, შვიდ ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. შედარებისთვის, ეკონომიკურად გაცილებით განვითარებულ სლოვაკეთში, სადაც ამომრჩეველი გაცილებით მეტია, უფრო მნიშვნელოვან, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, შვიდმა კანდიდატმა ერთად კამპანიაზე მხოლოდ 10 მილიონი დოლარი დახარჯა.