აფხაზეთში ქართული ფილმის ჩვენება სკანდალით დასრულდა

სოხუმში "ნების არქონის" ჩვენების დროს

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ოკუპირებულ სოხუმში, აფხაზური ტელევიზიის ეთერით, ქართული ფილმი აჩვენეს. ეს მოულოდნელი პატივი, სტუდია რე-ს, შარშან დასრულებულ ფილმს „ნების არქონას“ ერგო, რომლის რეჟისორიც მამუკა ყუფარაძეა.

ფილმი მოგვითხობს, როგორ ცდილობს ორი ქართველი ახალგაზრდა ვახო და თეო მიიღონ პასუხები კითხვებზე, თუ რატომ ვერ შეძლეს ქართველებმა და აფხაზებმა, თვრამეტი წლის წინ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და რამ გამოიწვია სასტიკი ომი.

მამუკა ყუფარაძეს გუშინ ჩვენ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვესაუბრეთ, სადაც ის ქართულ-აფხაზურ არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობს.

„ფილმი მომზადდა 2009 წელს მაისში, ივნისში, მე ვიყავი ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე სტამბულში და ამ შეხვედრაზე ვაჩვენე ეს ფილმი აფხაზ კოლეგებს. მათ მოეწონათ „ნების არქონა“ და მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო ეს ფილმი აფხაზ მაყურებელსაც ენახა. მათ მოეწონათ გადაფასების იდეა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო გადაფასება იმისა, თუ რა გზა გაიარა კონფლიქტებთან მიმართებაში.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი აფხაზი კოლეგები ლიანა კვარჩელია და არდა ინა-ლიფა მუშაობდნენ იმაზე, რომ ჩემი მიწვევა გაეკეთებინათ აფხაზეთში. მოგეხსენებათ, თუ ისინი აფხაზეთის მთავრობას არ შეუთანხმებდნენ, ჩემი ვიზიტი სოხუმში არ გამოვიდოდა“

სოხუმში, ფილმი ჯერ აფხაზი არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების წრეში განიხილეს, შეხვედრას ზურაბ აჩბას სახელობის ცენტრში მამუკა ყუფარაძეც დაესწრო. მიუხედავად, იმისა, რომ განხილვაზე მყოფთაგან უმრავლესობას ფილმი ნანახი ჰქონდა და საერთო შეფასება დადებითი იყო, ცენტრში მაინც აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ფილმი პირველად ნახეს და არ მოეწონათ. ისინი ქართველი რეჟისორის მიმართ აგრესიულად განეწყვნენ. მამუკა ყუფარაძე იხსენებს:

„დისკუსიის დროს, როდესაც მე მივმართე მათ და ვუთხარი აუდიტორიას, თქვენ არ გეგონოთ, რომ მე მზად ვარ ვცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა მე მზად ვარ იმისთვის, რომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბროთ მეთქი, ორ დამსწრეს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა.

ეს ფილმი, გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომ არ ემსახურება იმას, რომ ისევ მოიპოვოთ ჩვენი, აფხაზების ნდობა თქვენ, ქართველებმაო, როდესაც ამას არ იმსახურებთო. გაუცხოებებული თუ იქნებოდა და თან ამ დონეზე აფხაზური საზოგადოება, მე ძალიან გამიკვირდა,

აფხაზებს აქვთ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ მივხდებით იმას, რომ ჩვენ უნდა ვცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, და ეს მოლოდინი იყო ჩემთვის მართლაც უცნაური“

უფრო დიდი სკანდალი მოჰყვა ფილმის ჩვენებას აფხაზური ტელევიზიით. ქართული ფილმის განხილვას აჩბას ცენტრში ტელევიზიის გადამღები ჯგუფიც დაესწრო, მათ განხილვის მიმდინარეობა გადაიღეს და მეორე დღეს, 22 ივნისს, რუსულ ენაზე ნათარგმნი ქართული ფილმი, განხილვასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის მთელ მოსახლეობას უჩვენეს. მამუკა ყუფარაძის თქვით, აფხაზური საზოგადოება ქართული ფილმის სანახავად მზად არ აღმოჩნდა.

„როდესაც „ნების არქონა“ მეორე დღეს აფხაზური ტელევიზიით ანახეს, რეაქციები იყო, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, მაგრამ უარყოფითმა რეაქციებმა შეაშფოთა ჩვენი პარტნიორები.

აფხაზურმა ოპოზიციამ გააკეთა მკვეთრი განცხადებები, ძალიან მწვავე რეაქციები იყო გუდაუთაში, თითქოს მიტინგს აპირებდნენ. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაუშვეს ეს ფილმი და აქ ისმის, პარალელურად ქართული ხმა, არის მომენტები, როდესაც თითქმის ერთი წუთი მიდის ქართული ხმა. როგორც ჩანს, ამისთვის მაყურებლები მოუმზადებლნი აღმოჩდნენ, მთელი აფხაზეთის მასშტაბით.

აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დახურული თემაა, ქართველებთან კონფლიქტის განხილვა. იქ ფიქრობენ, რომ თითქოს ეს უკვე წარსული თემაა, ამიტომაც იყო ასეთი მძიმე რეაქცია“

მამუკა ყუფარაძე სოხუმში

აფხაზური ტელევიზიით ქართული ფილმის გაშვებამ გავლენა იქონია პრაღაში ბრიტანული ორგანიზაცია ინთერნეიშელ ალერტის ეგიდით, ამ დღეებში მიმდინარე ქართულ-აფხაზურ არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც რვა აფხაზი მონაწილიდან, სოხუმში დაძაბული სიტუაციას გამო, ოთხი მონაწილე საერთოდ არ ჩავიდა. ქართული ფილმის განხილვას ამ დღეებში აფხაზურ პარლამენტშიც აპირებენ. მამუკა ყუფარაძე ამბობს

„ბათალ კობახია, რომელიც ასეევ პარტნიორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და ორმხრივ შეხვედრებზე დიალოგში მონაწილეობას, ასევე არ ჩამოვიდა პრაღაში, ის არის აფხაზური პარლამენტის წევრი და პასუხისმგებლად ჩათვალა თავი, რომ დარჩენილიყო სოხუმში და პარლამენტში აგოს პასუხო. დღეს აფხაზურ პარლამენტში, უნდა მოწყობილიყო ამ ფილმის ჩვენება და შემდეგ მსჯელობა, ჯერ მე არ ვიცი საბოლოო პასუხი რა მიიღო პარლამენტმა.

აქ პრაღაში ვინც ჩამოვიდნენ აფხაზები, ამათი მონაყოლიდანაც ჩანს, რომ ისინი საკმაოდ შეშფოთებულები არიან. რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, შესაძლოა ამათ რაღაც პერიოდით აუკრძალონ აფხაზეთიდან გასვლა და შეხვედრა ქართველებთან, თუ ეს იქნება გამოყენებული, საერთოდ აფხაზურ მესამე სექტორზე ზეწოლის მიზნით, ეს ჯერ წესიერად ამათაც არ ესმით“

ფილმში, ახალგაზრდა გმირები ვახო და თეო საქართველოს ყოფილ, მაღალი თანამდებობის პირებთან, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან და დევნილებთან გასაუბრებით ცრდილობენ დაინახონ თუ რა ხდებოდა კონფლიქტის დასაწყისში.

ედუარდ შევარდნაძის, გიორგი ყარყარაშვილის და სხვათა მონათხრობი, თეოს და ვახოს განსხვავებულ პოზიციებზე აყენებს. თეოს აფხაზეთის დაბრუნება უნდა, ვახოს იქ ჩასვლის შესაძლებლობის ქონა, აფხაზეთის სტატუსის მიუხედავად. ვახო, იგივე ვახუშტი მენაბდე ჩვენთან საუბარში ამბობს:

„მთავარი მიზანი ჩვენთვის არის იმ შეცდომების გააზრება, რაც გვიკავშირდება ჩვენ. მოდით, აფხაზებმა რა შეცდომების დაუშვეს თვითონ აფხაზებმა გაანალიზონ. უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ თვითონ გავიაზროთ ჩვენი ქმედებები. ის თუ არ მოხდება, რომ საქართველო და აფხაზეთი ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ყველაზე ცოტა რასაც მივაღწევთ - მომავალში მაინც არ დავუშვებთ ასეთ შეცდომებს“

საინტერესოა, რომ ფილმის ჩვენებაზე, რომელიც უკვე ნახეს ნიუ იორკში, ამსტერდამში, ლონდონში, ვაშინგტონსა და სოხუმში, უარს ამბობენ ქართული ნაციონალური ტელეარხები.

საქართველოში ნების არქონა მხოლოდ ტელეკომპანია მაესტროს ეთერით გადაიცა. ოფიციალური თბილისის პოზიციის მიხედვით, სტუდია რეს ფილმი მკვეთრად გამოკვეთილ ანტიქართულ ხასიათს ატარებს.