ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმაში ისევ არ მონაწილეობს

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა კი დასასრულისკენ მიდის

საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, საორგანიზაციო კომისიის წევრებმა, ქართული საზოგადოების სხვა და სხვა ფენასთან, უკვე თერთმეტი შეხვედრა გამართეს. მათ შორის, ონში, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და მარნეულში.

წინ, არის შეხვედრები თელავში, ფოთში, ზუგდიდსა და ოზურგეთში. გეგმის მიხედვით, სახალხო განხილვა 7 სექტემბერს უნდა დასრულდეს, როცა ცვლილებებს უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ. შემდეგ, პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტში შევა.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგია და პროცესში არ მონაწილეობს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე კერძოდ ამბობს

ეს პროცესი არის ძალიან სახიფათო, ასე დაჩქარებულად, კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება, ერთპარტიული პარლამენტის, ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ, არის ძალიან სახიფათო.

ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ არ დააჩქარონ ეს პროცესი. შეიძლება იყოს საერთო სახალხო განხილვა, მაგრამ ის, უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსტიტუციის ახალი მოდელის მიღება უნდა განხორციელდეს, ორი პარლამენტის პრინციპით.“

იგივე აზრზე კიდევ ათი ოპოზიციური პარტია რჩება, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ საკონსტიტუციო რეფორმა 2012 წელს არჩეულმა, ახალმა პარლამენტმა განახორციელოს. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს

„ასეთ დოკუმენტს აჩქარება არ სჭირდება. არსებობს დრო, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, პროცესში, სხვა და სხვა დონის და ქვეყნის ავტორიტეტული ექსპერტების ჩართვით. და, რაც, მთავარია, საერთო-სახალხო კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული.

ამას სჭირდება სწორი განხილვები და ჩვენ, ვთვლით, რომ ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციის, ახლად არჩეულმა პარლამენტმა.“

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფი კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია 19 ივლისს მიიღო, მას კომისიის 56 წევრიდან 44-მა დაუჭირა მხარი, სამი წევრი წინააღმდეგი წავიდა, ცხრა წევრმა კი თავი შეიკავა.

საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებზე ერთ წელზე მეტი იმუშავა. კომისიის მდივანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე, კომისიის ბოიკოტირებით, პოლიტიკურმა ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა

„ოპოზიციის ნაწილს არ ეგონა რომ საკონსტიტუციო რეფორმა ბოლომდე მივიდოდა, მათ ეგონათ, რომ ეს მხოლოდ საშინაო ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რომ იყო ჩამოსული, პირველად მან ახსენა, კონსტიტუციური რეფორმა აუცილებლად გასატარებელი გაქვთო.

არ დარჩა, არცერთი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც არ მოეწოდებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ რეფორმის გატარებისკენ. პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ამ რეფორმის ინციატორებად გამოვიდნენ, მიხვდნენ, რომ ეს რეფორმა გარდაუვალი იყო და აუცილებლად გაკეთდებოდა.

სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ მიხვდნენ, იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლის პირობებში, საკონსტიტუციო რეფორმა აუცილებლად განხორციელდებოდა. მე გული მწყდება, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ პროექტის შემუშავებაში, მაგრამ ეს მათი პოლიტიკური რისკი იყო და ეს რისკი, ამ ნაწილში, მათი დიდი შეცდომით დამთავრდა.“

ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორი დავით აფრასიძე, რომელმაც მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, თავის ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში წერს, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი უფრო ეფექტიანი პოლიტიკური პარტიების არსებობას მოითხოვს, და არა ისეთების, რომლებიც, აფრასიძის შეფასებით, „90 იანი წლების მეორე ნახევარში ჩარჩა“ და “2007-2009 წლების საშიანო პოლიტიკურ მოვლენებში უფრო რეგრესის სიმბოლო იყო“. დავით აფრასიძე წერს

"ახალი მოდელით პოლიტიკური სისტემის ცენტრი პარლამენტია, რომელიც ამომრჩეველმა უნდა დააკომპლექტოს. იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს პრაგმატიზმისა და პასუხისმგებლობის საქმეში წავეშველოთ, უნდა გაიზარდოს მათი როლი პარლამენტის დაკომპლექტების პროცესში.

გონივრულად განისაზღვროს საარჩევნო ბარიერი, რომელიც არც პოლიტიკური ლანდშაფტის დაქსაქსვას შეუწყობს ხელს, მაგრამ არც საარჩევნო ხმების გაფანტვას; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. მაჟორიტარულ-პროპორციული ბალანსის საკითხი, ანუ რამდენი დეპუტატი აირჩევა პარტიული სიებით და რამდენი საარჩევნო ოლქებში:

პრინციპულად, ორივე მოდელმა შეიძლება ხელი შეუწყოს ეფექტიანი პარტიების ფორმირებას, ოღონდ გადასაწყვეტია, რა გვინდა - ძლიერ პოლიტიკოსებზე დამოკიდებული პარტიები (მაჟორიტარული სისტემა) თუ ძლიერ პარტიაზე დამოკიდებული პოლიტიკოსები (პროპორციული სისტემა).

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში რეგიონული პოლიტიკა ისე განვითარდეს, რომ ძლიერი ცენტრის არმქონე პარტიები შეიქმნას. ამდენად, ამ ეტაპზე, ალბათ პროპორციული სისტემა უფრო შეუწყობდა ხელს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას. ციტატის დასასრული

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ახალი ცვლილებებით, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელისუფლებაში დასარჩენ პლაცდარმს იშენებს. მმართველი პარტია, და, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციის მოთხოვნებს კატეგორიულად ეწინააღმდგებიან. მიხეილ სააკაშვილმა უკვე გამოაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებს კენჭი პარლამენტში უკვე შემოდგომაზე ეყრება.

„მოვკარი ყური, ვიღაცეები იძახიან, რომ ევროპული კონსტიტუცია კარგია, მაგრამ მოდით, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ, რათა ეს კონსტიტუცია იქნეს მიღებული. ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ, მუდმივი ძახილი, რომ გვინდა ხვალვე, ახალი არჩევნები, ეს იგივეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატები მართო სამ თვეში ერთხელ, იმის გამო, რომ ბრაზილია ვერ გავიდა ფინალში და ვერ გახდა ჩემპიონი.

არაფერს არ გადავიტანთ. მით უმეტეს, რომ ისინი, ბრაზილიაზე ცოტა უფრო დაბალი კლასის გუნდები არიან. ყოველგვარი ახალი საარჩენო ციებ-ცხელება, მით უმეტეს, ახლახანს გამართული ადგილობრივი არჩევნების ფონზე, არის სრულიად გამორიცხული.“

პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კონსტიტუცია პრემიე-მინისტრის ძალაუფლებას, პრეზიდენტის ძალაუფლების ხარჯზე გაზრდის. პროექტის თანახმად, აღმასრულებელ შტოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელსაც საპარლამენტო არჩევებში ხმების უმრავლესობის მქონე პარტია წარადგენს.

პროექტი დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს საკანონმდებლო ორგანოსაც. მათ შორის, არის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესის გამარტივება. შემოთავაზებული ცვლილებები 2013 წლის 1 დეკემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში.