კონფლიქტის ზონაში „ინციდენტების პრევენციის“ ქრონიკა

კონფლიქტის ზონაში „ინციდენტების პრევენციის“ ქრონიკა

გუშინ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იყო დადეგმილი.

გუშინ ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა იყო დადეგმილი. მასზე ყველა მხარე გამოცხადდა, შეხვედრაც დაიწყო, თუმცა ის ერთი საათის შემდეგ შეწყდა და მხარეები, კონკრეტული შეთანხმებების გარეშე უკან გაბრუნდნენ. შეხვედრის შეწყვეტის ზუსტი მიზეზის დადგენა რთული აღმოჩნდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური განცხადებით:

„თანორგანიზატორებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა დამატებითი საკითხების განხილვა, თუმცა ამავდროულად, ისინი დაიმედებულნი არიან მონაწილეთა განცხადებით, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ხელსაყრელია იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე, მათ მიერ იმ ფაქტის აღიარებით, რომ გადაუდებელი საკითხები განხილულ უნდა იქნას. თანაორგანიზატორებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს ახლო მომავალში გამართონ მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში,“

შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩის, ჰაბერისა და ეუთოს ელჩის ნურგალიევის თანაორგანიზატორობით გაიმართა, ოთხი ძირითადი საკითხი იყო განსახილველი. მონაწილეებმა მიიღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის განცხადება, რომელიც ეხებოდა უგზოუკვლოდ გადარგული და დაკავებული პირების საკთხს და შეხვედრაც შეწყდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი, რომელიც შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა, აცხადებს, რომ ოსური მხარე შეხვედრის დატოვების ინსტრუქციით იყო მოსული, რაც განახორციელეს კიდეც.

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს "ამერიკის ხმასთან" შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი, მისი თქმით, შეხვედრა არ ჩაშლილა.

"შეხვედრა ოსურ მხარეთან ერგნეთში რამდენიმე თვეა არ გამართულა. კარავში გამართული მოლაპარაკებები ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ შეხვედრაზე წყდება ჩვეულებრივი, ყოფითი საკითხები. მსჯელობენ ისეთი პრობლემების მოგვარების მექანიზმების შესახებ, რასაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ დროისთვის ასეთია წყლის მიწოდებისა და მიწების დამუშავების საკითხი. ცხინვალისპირა სოფლები წყალს ცხინვალში მდებარე საცავებიდან იღებდნენ. ომის შემდეგ წყლით დე–ფაქტო ხელისუფლება პერმანენტულად სპეკულირებს. რაც შეეხება მიწით სარგებლობას, ადგილობრივებისთვის ესეც სასიცოცხლო რისკთანაა დაკავშირებული. ისინი სნაიპერების ტყვიებისა და გატაცების შიშით მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ, რაც, პირდაპირმნიშვნელოვნად საკვების გარეშე დარჩენას ნიშნავს. შეხვედრაზე ეს საკითხებიც უნდა დასმულიყო."

სწორედ იმ დროს, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართებოდა, გორის რაიონის სოფელ კირბალიდან ორი მწყემსი გაიტაცეს რუსმა მესაზღვრეებმა. ერთი მათგანი, ნუგზარ თაყაძე, ცოტა ხნის შემდეგ გამოუშვეს, მეორე კი, დიმიტრი თაყაძე ცხინვალის ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოვიდა. ნუგზარ დოთიაშვილი, კირბალის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის ტყით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. მისი თქმით, შეშა როდესაც ჭირდებათ, ადგილობრივი მცხოვრებლები ხშირად საკუთარ ბაღებში ვაშლის ხეებს ჩეხავენ.