კენჭისყრით არჩეული პირველი მერი

თბილისის მერი გიგი უგულავა

35 წლის უგულავა შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის ახალი საპრეზიდენტო სახე გახდეს

ფრაზა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მმართველი პარტიის ელიტისა და აქტივის თანდასწრებით, წარმოსთქვა, უბრალო მილოცვაზე გაცილებით მეტი იყო.

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტის ხმაურიანმა რევერანსმა, გიგი უგულავა, უფრო მნიშვნელოვან ფიგურად აქცია, ვიდრე თბილისის ისტორიაში პირველად, პირდაპირი კენჭისყრით, არჩეული დედაქალაქის მერია.

"არცერთ, ცალკე აღებულ პერიოდში, საქართველოს ისტორიის, საქართველოს დედაქალაქში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, არ გაკეთებულა ამდენი, რამდენიც გაკეთდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

ეს გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხია ასეთი მაგარი. ასევე, იმის გამოც, რომ ეს კაცი და ჩვენ ყველანი მის გვერდით, ამას ვაკეთებდით. მინდა, ამ გადმოსახედიდან, წარგიდგინოთ, ბრწყინვალე თბილისელი, ნამდვილი პატრიოტი და ძალიან ქმედითი ადამიანი; ჩემი, ძალიან ახლო მეგობარი გიგი უგულავა" - ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა.

35 წლის უგულავა, ყოფილი რელიგიის მასწავლებელი, ჟურნალისტი და მოძრაობა "კმარას" ლიდერი, ძალიან დიდი შანსია, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი საპრეზიდენტო სახე გახდეს.

სააკაშვილის ყოფილი პოლიტიკური პატნიორი, ამჟამად, ტელეკომპანია მაესტროს მმართველი ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპერაცია სააკაშვილის მემკვიდრე დაწყებულია.

"ამ წუთისათვის, ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური პროექტი, სახელწოდებით სააკაშვილის მემკვიდრე, არის გიგი უგულავა. შესაძლებელია, რომ ასეთი პროექტი, კიდევ იყოს, ვთქვათ, დავით ბაქრაძის სახით. მეტი, ამ წუთში, ნაციონალურ მოძრაობას რეზერვში არავინ ჰყავს.

ისინი, ვერ მოასწრებენ, უახლოესი, წელიწადი-წელიწადნახევრის განმავლობაში, ვინმე მოძებნონ. მე ვფიქრობ, რომ ე.წ. ცვლილება, regime change, მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის შიგნით მოხდება და ეს ცვლილება მოხდება ვადამდე.

ანუ ამ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე არ იჯდება აქ, და აქედან გამომდინარე, ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ წუთისათვის, გამოკვეთილი, დამოუკიდებელი, პოზიტიური იმიჯის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობიდან, გახდა უგულავა;

და მას, ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ის გახდეს, ახალი კომპრომისის საგანი, ამ მოცემული რეჟიმის ელიტის შიგნით."

რევოლუციის შემდეგ, გიგი უგულავამ ოთხი მაღალი თანამდებობა გამოიცვალა, იყო მინიტრის მოადგილე იუსტიციის და უშიშროების სამინისტროებში; სააკაშვილის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში და მისივე ადმინისტრაციის უფროსი.

ხუთი წლის წინ ის თბილისის მერად დაინიშნა, 31 მაისიდან კი უკვე არჩეული მერი გახდა. არჩევნების მოგებამ, უგულავა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად აქცია. სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ გვითხრა:

"ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ უგულავას აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯი, ეს ცხადზე ცხადია. პრეზიდენტმა, ის არამარტო თავის თანამებრძოლად მოიხსენია, არამედ მეგობრად, რაც ჩვენი კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ უგულავას კარიერა, მის მიერ თბილისის მერის არჩევნების მოგება, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ის (უგულავა) ასეთ ფიგურად (მემკვიდრედ) მოიაზრებოდეს.

უგულავა, დღეს ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი კანდიდატია, და შესაბამისად, მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, იმას, რომ უგულავა არის სწორედ ის კანდიდატი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა თავის შემდგომ სტრატეგიას ააგებს."

დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ უგულავას ბოლო ტრიუმფმა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა გააჩინოს. რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ინფორმაციით, კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია. ეროსი კიწმარიშვილი კერძოდ ამბობს:

"ამ თემაზე, ძალიან აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს, როგორც საქართველოს შიგნით, ანუ ეს ადამიანები, შიდა კონსულტაციებში არიან ჩართულნი, ასევე, მიმდინარეობს საუბრები, როგორც დასავლეთის, ისე ჩრდილოეთის მიმართულებით.

ბუნებრივია, რომ ეს პროცესი არ იქნება მოწყვეტილი, როგორც გარე ზეგავლენებს, ისე შიდაპროცესებიდან ამოვარდნილი. დღეს, ყველა ხვდება, რომ საქართველოს განვითარებისთვის, პერსონალურად სააკაშვილი არის სერიოზული პრობლემა. ამას ხვდებიან, როგორც საქართველოს შიგნით, ისე გარეთ.

ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მმართველი წრე, აქტიურად ეძებს გამოსავალს. აქ ჩვენ, ორ თემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ერთი: რამდენად, მოახერხებენ, ამ ელიტის წარმომადგენლები, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, უხეშად, რომ ვთქვათ, შეთქმულების გზით, სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას, რამდენად გაბედავენ სააკაშვილს ეს გაუკეთონ;

და მეორე, ეს შეიძლება მოხდეს სააკაშვილთან შეთანხმების საფუძველზე. ამის ინდიკაცია არის კონსტიტუციის ცვლილება, რომელიც უკვე ახლა იგეგმება და ბუნებრივია, კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად, შეიძლება რაიმე პროცესთან გვქონდეს საქმე.

ორივე შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მოლოდინებთან, რომ იქნება მცდელობა სახელწოდებით მემკვიდრე. რაც, ძალიან ტიპიურია, პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული რეჟიმებისთვის."

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელსაც მაისის დასაწყისში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაუჭირა მხარი, პრეზიდენტის რიგი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის ერთპიროვნული გადაყენების, ძალოვანი მინისტრების დანიშვნა-მოხსნის უფლება.ექსპერტთა ნაწილი ამ ცვლილებებში სააკაშვილის სურვილს ხედავს - მომავალშიც დარჩეს ხელისუფლებაში და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს ემზარ ჯგერენია ფიქრობს, რომ ეს ე.წ. რუსული სცენარი საქართველოში სავსებით რეალურია:

" რუსეთს, საქართველოს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, აქვთ ერთიანი სცენარებისკენ მიდრეკილება, ასე, რომ ეს მოსაზრება არ არის ცარიელ ნიადაგზე წარმოქმნილი. მით უმეტეს, რომ სააკაშვილი არის ძალიან ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ძალიან ძნელია, სააკაშვილი წარმოიდგინო პენსიონერ პოლიტიკოსად, რომელიც ჩუმად არის და სადღაც აგარაკზე, როგორც პრეზიდენტი შევარდნაძე მემუარებს წერს.

სააკაშვილი აქტიური ადამიანია, მაგრამ რა ფორმას მიიღებს, მისი აქტივობა, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, საკმაოდ რთულია ამის გათვლა. ბევრი რამე არის დამოკიდებული საზოგადოების რეაქციაზე, მოუნდება თუ არა საზოგადოებას სააკაშვილი ნახოს პრემიერ მინისტრად. ანუ ეს სცენარი არ დგას ცარიელ ნიადაგზე."

ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით ხელისუფლებამ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი სერიოზული ტესტი ჩააბარა, ფაქტია, დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მმართველ პარტიას გაცილებით მეტი დრო და რესურსი აქვს, უკეთ დაგეგმონ, ხელისუფლების ხავერდოვანი გადაცემა 2013 წელს ან მანამდე, ვიდრე ეს 31 მაისამდე ჰქონდათ.

მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჭრელი ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკური ნოკდაუნის მდგომარეობაში იმყოფება.