ობამა: დიპლომატია ირანთან დაკავშირებით უმაღლესი პრიორიტეტია

სამხედრო ძალის ჩარევა პრობლემის პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური მეთოდების გათვალისწინებით განიხილება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პრო-ისრაელურ ჯგუფთან გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას წინ ნებისმიერი ძალით აღუდგება, მათ შორის თუ საჭირო გახდა სამხედრო ძალის გამოყენებითაც. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ირანის მიმართ შემოღებული სანქციების შედეგებს მეტი დრო სჭირდება.

როგორც პრეზიდენტი, მე "მშვიდობის უფრო ღრმად მწამს, ვიდრე ომის" და სამხედრო ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, თუკი "ამას დრო და გარემოება მოითხოვს". მსმენელთა ოვაციების შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაგრძო: "ჩვენ ყველას გვირჩევნია საკითხის დიპლომატიური მეთოდებით გადაჭრა. ვამბობ რა ამას, იმასაც ვუსვამ ხაზს, რომ ირანის ლიდერებს ეჭვი არ უნდა შეეპაროთ ჩვენი გადაწყვეტილების სიმტკიცეში და არც იმაში, რომ ისრაელს ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებების მიხედვით გადაწყვეტილებათა მიღების სუვერენული უფლება აქვს".

ამერიკის ლიდერმა გარკვევით განაცხადა, რომ სამხედრო ძალის ჩარევა პრობლემის პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური მეთოდების გათვალისწინებით განიხილება. ამასთან "ირანმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არ ვატარებთ ე.წ. "შეკავების პოლიტიკას". ამერიკის პოლიტიკა ამ საკითხში მხოლოდ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნისადმი ხელის შეშლას წარმოადგენს".

ბარაკ ობამამ წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატთა მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებსაც უპასუხა. საპრეზიდენტო მარათონის მონაწილეები შეერთებული შტატების პრეზიდენტს ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტებაში ადანაშაულებენ. ბარაკ ობამას განცხადებით არსებულ მხარდაჭერაში ეჭვის შეტანის უფლება არავის აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეერთებული შტატების და ისრაელის ურთიერთობა "გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკის ორპარტიული პოლიტიკა".

ორშაბათს პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.