ჯოზეფ კონი - საერთაშორისო პრობლემა

უგანდას კრიზისი აფრიკის საზღვრებს გასცდა

უგანდელი ამბოხებულების ლიდერის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნიკო კოლომბანტი არკვევდა.

ორგანიზაციას „უხილავი ბავშვები“ უფლებების დაცვის კამპანიაში გამოჩენილი ადამიანები ეხმარებიან. ერთერთი მათგანია ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, რომელიც უგანდელი ამბოხებულების - „ღმერთის წინააღმდეგობის არმის“ ლიდერის ჯოზეფ კონის წინააღმდეგ ილაშქრებს:

„ის საშინელი არსებაა. მისი დრო მოვიდა და ძალიან კარგია, რომ მის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოდიან“.

უგანდას შესახებ ვიდეოკლიპი ამერიკელი ვასკვლავების და სტუდენტების დახმარებით შეიქმნა და სოციალურ ქსელებში უსწრაფესად გავრცელდა. ლორი ჰანდრაჰანი ფიქრობს, რომ „უხილავი ბავშვების“ მიერ დაწყებული კამპანია რევოლუციური წამოწყებაა. ადამიანის უფლებების ანალიტიკოსი თვლის, რომ უფლებადამცველებმა თავიანთ საქმიანობაში სოციალური მედია უფრო აქტიურად უნდა ჩართონ.

„ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ნამდვილად სჭირდებათ გამხნევება, რომ ისინი კარგ საქმეს ემსახურებიან,“ - ამბობს ლორი ჰანდრაჰანი.

გავრცელებული ვიდეოს მიზანი უგანდელი ამბოხებულების ლიდერის ჯოზეფ კონის საერთაშორისო სასამართლოში გადაცემაა, რათა მან პასუხი აგოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ის უგანდას მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებულთა შენაერთს ხელმძღვანელბს. ათწლეულების მანძილზე ჯოზეფ კონის დაჯგუფება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ათასობით დევნილს ატერორებს, ბავშვებს იტაცებს და ადამიანებს ასახიჩრებს.

ვაშინგტონში მოქმედი უფლებადამცველი მაიკლ პოფენბერგერი ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეო კარგად ასახავს არასამთავრობო ჯგუფების საქმიანობას.

„ვიცი, რომ ამ მცდელობის უკან დიდი სტრატეგია არსებობს, რომელიც უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რაც ადამიანებს ამ სამხედრო შენაერთისგან დაიცავს,“ - ამბობს პოფენბერგერი.

არასამთავრობო ორგანიზაციები „უხილავი ბავშვები“ და „გადაწყვეტილება“ უგანდას კრიზისის მოსაგვარებლად ერთობლივად მუშაობენ. მათ ამ საკითხში შეერთებული შტატების ჩართვა სურთ, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა აღნიშნულმა ვიდეომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უგანდაში არსებული ვითარება უკვე დიდი ხანია გასცდა საზღვრებს და საერთაშორისო პრობლემად იქცა.