შეერთებული შტატები ირანში ვირტუალურ საელჩოს ხსნის

შეერთებული შტატები ირანში ვირტუალურ საელჩოს ხსნის

„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან

ამერიკის ხმის „ირანულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. შეკითხვაზე რამდენად არსებობს ირანში დიქტატურა, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აჰმადინეჟადის რეჟიმი დიქტატორულია და თანდათანობით უახლოვდება სამხედრო დიქტატურას. „მე ძალიან ვწუხვარ, როცა ვუყურებ ერთის მხრივ ირანელი ხალხის სიძლიერეს, ინტელექტუალურ შემოქმედებას, ისტორიას და კულტურას და მეორეს მხრივ, ვიწროდ მოაზროვნე მჩაგვრელ რეჟიმს, რომელიც ირანელი ხალხის კონტროლს ცდილობს,“ - დასძინა კლინტონმა.

შეკითხვაზე სჭირდება თუ არა ირანელ ხალხს დახმარება, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ 2009 წელს, როდესაც ირანში დაიწყო „მწვანე მოძრაობა,“ ირანელებმა განუცხადეს ვაშინგტონს, რომ მათ არ სჭირდებოდათ გარედან დახმარება და ამერიკის მთავრობამ პატივი სცა მათ თხოვნას. როგორც ჰილარი კლინტომა განაცხადა, შეერთებული შტატები არ ეძებს კონფლიქტს ირანის რეჟიმთან, თუმცა შეერთებულ შტატებს სურს ირანელი ხალხის მხარდაჭერა და დახმარება. ჰილარი კლინტონის განცხადებით, მათ სურთ რაც შეიძლება მეტი ირანელი სტუდენტი იხილონ შეერთებულ შტატებში და გააძლიერონ ვიზის გამარტივების პროცედურა სტუდენტებისთვის.

შეკითხვაზე, თუ რამდენად აზარალებს ირანზე დაწესებული სანქციები თავად ირანელ ხალხს ჰილარი კლინტონმა განაცხადა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ მკაცრი სანქციები გაერომ დააწესა, როდესაც ცხადი გახდა რომ რეჟიმი ბირთვული იარაღის პროგრამას ავითარებს. ყველამ კარგად იცის, რომ დაფარული ქმედებები და ფარული ნაგებობები და არასწორი ინფორაცია, ეს არის ამ რეჟიმის მცდელობის ნაწილი, რომელიც ბირთვული იარაღის მოპოვებას ემსახურება. მე ვიცი, რომ სანქციები ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგანაც ის არის დიპლომატიის საშუალება, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტების დაწყებას. მაგრამ ჩვენ ამასთანავე გვსურს გავლენა მოვახდინოთ და შევცვალოთ რეჟიმის ქცევა.“

კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და დასავლეთი კვლავ განიხილავს ახალი სანქციების საკითხს, თუმცა ამავდროულად ისინი კვლავ მოუწოდებენ ირანის რეჟიმს მოლაპარაკებისკენ. ამის საპასუხოდ აჰმადინეჟადმა წამოაყენა ინიციატივა, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის და პლუს გერმანიის ფორმატით. თუმცა, კლინტონმა დასძინა, რომ მათ ირანისაგნ სხვა არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ.

რაც შეეხება ბოლო დროს ამერიკა-ირანს შორის განვითარებულ ახალ სკანდალს საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობის შესახებ, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მათთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა ის სანდო და დადასტურებულ წყაროებს და სამხილებს ეფუძნება.

კლინტონმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შეერთებული შტატები აპირებს ირანელებისთვის ისეთი ვებგვერდის ამოქმედებას, რომელიც მათთვის ვირტუალური საელჩოს ფუნქციას შეასრულებს, საიდანაც ირანელებს შეეძლებათ ისეთი ინფორმაციების მიღება რომელიც უკავშირდება ამერიკაში სწავლა-განათლებას და სხვა სიახლეებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ირანთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მე ვაპირებ გამოვაცხადო თეირანში ვირტუალური საელჩოს გახსნის შესახებ. ვებ გვერდი წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ჩვენ ვაპირებთ მისი მეშვეობით ხმა მივაწდინოთ სტუდენტებს და ხელი შევუწყოთ მათ შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას და განათლებას. და ასევე განვახორციელოთ გაცვლითი პროგრამები.“

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს ირანში მთავრობის შეცვლა იხილოს და დაიწყოს ირანელი ხალხის უფლებების და მისწრაფებების მხარდაჭერა.