აშშ-ის ურთიერთობი მუსლიმანურ სამყაროსთან

ქაიროში ყოფნისას პრეზიდენტმა ობამამ ისეთი მთავრობის მხარდაჭერა გამოხატა, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს და კანონიერებას დაიცავს.

ქაიროში ყოფნისას პრეზიდენტმა ობამამ ისეთი მთავრობის მხარდაჭერა გამოხატა, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს და კანონიერებას დაიცავს:

„ამერიკა პატივს სცემს მათ ვინც კანონის დარღვევის გარეშე ცდილობს საკუთარი ხმა მიაწვდინოს სამყაროს, მიუხედავად იმისა ეთანხმება თუ ამ იდეებს. ჩვენ მივესალმებით ხალხის მიერ არჩეულ ყველა მშვიდობისმოყვარე მთავრობას, რომელიც ქვეყანას ხალხის პატივისცემით მართავს“. განაცხადა ქაიროში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი ადმინისტრაციისთვის უდიდეს სირთულეს ისლამური სამყაროს ქვეყნების პროცესში ჩართვა წარმოადგენს. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი რეზა ასლანი თვლის, რომ იმის შიშით, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სათავეში მუსლიმთა საძმოს მსგავსი ანტიდასავლური მოძრაობები არ მოსულიყვნენ, აქამდე ვაშინგტონი ტრადიციულად ავტორიტარულ რეჟიმებს უჭერდა მხარს:

„ეს უფრო ვრცელი ისეთი პროცესი უნდა იყოს, რომელიც რეგიონის მუსლიმებს არა მხოლოდ ხმის ამოღების, არამედ რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებას მისცემს“. ამბობს რეზა ასლანი.

მისი თქმით, ობამამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ზოგი ისლამისტური დაჯგუფება, რომელთა ტაქტიკასაც შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება, რეგიონის ყველაზე დინამიურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ზოგი კი თვლის, რომ ისლამისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წინაპირობას აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ამ ორგანიზაციების მიერ ძალადობის დაგმობა:

„თქვენ შეიძლება ეთანხმებოდეთ ან ეწინააღმდეგებოდეთ ისლამისტურ იდეებს, იქამდე სანამ ეს იდეები პოლიტიკურ ძალადობას არ ისახავს მიზნად და მხოლოდ პოლიტიკურ თამაშს წარმოადგენს. ვერვინ იტყვის იმას, რომ რახან მხარს არ მიჭერთ ცუდი მუსლიმანი ხართ“. გვეუბნება ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამედროვე ისლამის საკითხთა სწავლების დარგის პროფესორი ტარიკ რამადანი.

იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ეგვიპტეში დემოკრატიის მხარდაჭერა პრეზიდენტი ობამასთვის ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს, ვინაიდან ობამას მუბარაკის რეჟიმზე ზეწოლის განხორციელება მოუწევს. ისლამურ სამყაროში ჩატარებული გამოკითხვები ააშკარავებს იმას, რომ მუსლიმების რწმენით, ამერიკა ვითომდა მხარს უჭერს ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას, მაგრამ მუსლიმანური სამყაროს ავტოკრატების მხარდაჭერით იგნორირებას უკეთებს ამ იდეებს:

„არის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამერიკას მუსლიმანურ სამყაროში დემოკრატიის დამყარება არ აწყობს, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ამ რეგიონში ძალაუფლებაში ისლამისტები შეიძლება მოვიდნენ. ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს ის ენდობა თუ არა რეგიონის ხალხის არჩევანს“. გვეუბნება საერთაშორისო პოლიტიკური მიდგომის ცენტრის დირექტორი სტივენ კული.

მისი თქმით, ძალადობის დამგმობ ისლამურ მოძრაობებთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციამ შეხედულება უნდა შეიცვალოს.

ისლამისა და დემოკრატიის ცენტრის პრეზიდენტი რადვან მასმუდი ეთანხმება ზემოთქმულს. იგი ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციამ დიალოგი რეგიონის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან უნდა გამართოს:

„საქმის დაწყება ცოტაოდენ დაგვიანდა, მაგრამ ბოლო ოთხი თუ ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დიალოგის წამოწყების მცდელობებს ვხედავთ“. ამბობს მასმუდი.

იგი აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ოფისში ყოფნის პირველი წელი ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლას და ჯანდაცვის რეფორმას შესწირა.