რეცესია ესპანეთში: ევრო კვლავ განსაცდელშია

უმუშევრობამ უკანაკსნელი 18 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ ევროს კრიზისი ჯერ კიდევ არ დასრულებულა

ესპანეთის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა სპეციალისტების დიდ შეშფოთებას იწვევს. აპრილის ბოლოს ფინანსური რეიტინგების ფირმამ „Standard & Poor’s” ესპანეთს კრედიტ-რეიტინგი ორი ნიშნულით დაუწია. იმავე დღეებში ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობის შრომითი დასაქმების ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. უმუშევრობის მაჩვენებელმა ესპანეთში უკანასკნელი 18 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ზღვარს მიაღწია.

ამჟამად ესპანელთა თითქმის მეოთხედი, 5.6 მილიონი ადამიანი დაუსაქმებელია. ესპანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი ევროზონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ ეროვნული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი „ძალზე საგანგაშოა“, და რომ ქვეყანას „გრანდიოზული მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი ელის“.

ამავე დროს, ისეთი შემჭიდროვებული ბიუჯეტის პირობებში ვმუშაობთ, როგორიც ჩვენთან 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ეს შემაშფოთებელია. როგორც ჩანს, ბაზრებმა და ეკონომიკამ ზრდა თუ არ აჩვენა, მხოლოდ საბიუჯეტო შეკვეცები გამოსავალი არ არის“ - აღნიშნავს ტობიას ბლატნერი, „დაივას კაპიტალური ბაზრების“ მთავარი ეკონომისტი.

ესპანეთის ეკონომიკა ევროზონაში ზომით მეოთხეა. ევროკავშირს სამი ქვეყნის - ირლანდიის, პორტუგალიის და საბერძნეთის - ფინანსური კრიზისისგან გადარჩენა უკვე მოუწია. იტალია, ევროკავშირის ზომით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ასევე დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფება. ოფიციალურ რომს რამდენიმე დღის წინ დამატებით ახალი კრედიტების აიღება მოუწია, რის გამოც მას ბევრად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაუწესდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო მონტიმ თავისი წინამორბედისგან, სილვიო ბერლუსკონისგან გასული წლის ნოემბერში პრაქტიკულად კრიზისული ეკონომიკის მქონე ქვეყანა გადაიბარა. ევროპის ბიზნეს-სამიტზე გამოსვლისას პრემიერმა ეკონომიკურ ზრდაზე ფოკუსირების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი:

მხოლოდ განყენებული სტრუქტურული რეფორმები ზრდის გარანტიას ვერასოდეს მოგვცემს. ქვეყანა შეიძლება უფრო პროდუქტიული და კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგრამ თუ წარმატების მატერიალიზება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ პროდუქციაზე მოთხოვნის რეალურ ზრდაში არ გამოიხატა, მაშინ ნებისმიერი რეფორმა აზრს კარგავს“.

დიდი ბრიტანეთიც კი, რომელსაც მაღალი კრედიტუნარიანობის მაჩვენებელი აქვს და შესაბამისად - დაბალი საპროცენტო განაკვეთის უპირატესობა გააჩნია, 2012 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლებით კვლავ რეცესიის ფაზაში გადავიდა. დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, ქვეყნის ეკონომიკა წლის პირველი სამი თვის მანძილზე პროცენტის ორი მეათედით შემჭიდროვდა. გასული წლის ბოლო სამი თვე კიდევ უფრო მეტი, პროცენტის 3/10-ის შემცირებით აღინიშნა. ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში იმყოფება თუკი ნეგატიური ზრდა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში გრძელდება.

ვროკავშირის ექსპერტები შიშობენ, რომ ფინანსური კრიზისიდან გამოსავლის ძიების გერმანულმა რეცეპტმა შესაძლოა არ გაჭრას და ევროს დაღუპვა გარდაუვალი გახდეს.