იერუსალიმი - კონფლიქტის ერთერთი მთავარი პრობლემა

ვაშინგტონი ცდილობს აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსი პალესტინის და ისრაელის მოლაპარაკების საგანი გახდეს

პრეზიდენტ ობამას და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის ბოლო შეხვედრის მთავარი თემა ირანის საკითხი იყო. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირებას, ლიდერებმა ამ საკითხს მცირე დრო დაუთმეს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა პალესტინას და ისრაელს შორის კონფლიქტის მთავარ მიზეზებს არკვევდა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მთავარი და ძირეული მიზეზი იერუსალიმის სტატუსია. დასავლეთ იერუსალიმი ისრაელმა 1948 წელს არაბეთ-ისრაელის ომის დროს დაიკავა. აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია კი, რომელსაც იორდანია აკონტროლებდა, ისრაელმა 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს მოახდინა. ქალაქის ეს ნაწილი არაბული ქვეყნების მიერ დღემდე ოკუპირებულად განიხილება. იერუსალიმში არცერთი საელჩო არ მდებარეოსბ. ყველას ოფისი თელავივშია. საერთაშორისო საზოგადოება აღმოსავლეთ იერუსალიმის დაკავებას არ აღიარებს. ვაშინგტონი ცდილობს, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის და ისრაელის მოლაპარაკების საგანი გახდეს.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნიუტ გინგრიჩმა აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხი პრო-ისრაელური ორგანიზაციასთან შეხვედრის დროს დააყენა.

„ჩემი პრეზიდენტობის პირველსავე დღეს გამოვცემ ბრძანებას ამერიკული საელჩოს იერუსალიმში გადასვლის შესახებ,“ - განაცხადა გინგრიჩმა.

ამ მოსაზრებას გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონიც ეთანხმება.

„რასაკვირველია ისრაელის მთავრობასთან კონსულტაციები საჭიროა. ჩემთვის ძნელი გასაგებია, თუ რატომ არ მდებარეობს ამერიკის საელჩო ქვეყნის მთავარ ქალაქში,“ - განაცხადა ბოლტონმა.

ალონ ბენ-მეირი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტია. ის ამბობს, რომ გინგრიჩის განცხადება ამერიკელი ებრაელების მხარდაჭერაზეა გათვლილი.

„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რაც ამ ვითარებაში საეჭვოა, ის ალბათ არ განახორციელებს საელჩოს გადატანას. მსგავს განცხადებას ბევრი საპრეზიდენტო კანდიდატი აკეტებდა. მაგალითისთვის, ბილ კლინტონიც და ჯორჯ ბუშიც იგივეს ამბობდნენ ვიდრე პრეზიდენტები გახდებოდნენ,“- ამბობს ალონ ბენ მეირი.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ფავაზ გერგესი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

„საელჩოს გადატანა ეს იქნება ამერიკის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დიდ ზიანს მიაყენებს შეერთეებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებს არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებში, არამედ მთლიანად ისლამურ სამყარაოში. იერუსალიმს უდიდესი რელიგიური და სიმბოლური დატვირთვა გააჩნია არა მხოლოდ ებრაელებისთვის და მუსლიმებისთვის, არამედ მილიონობით ქრისტიანისთვის,“ - ამბობს გერგესი.

თუმცა, ანალიტიკოსების განცხადებით, უახლოეს მომავალში ისრაელ-პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის ერთერთი მთავარი საკითხი იერუსალიმის სტატუსის გადაჭრას არ უნდა ველოდოთ.