ნატო საქართველოს ურთიერთობები

ნატო საქართველოს ურთიერთობები

დასრულდა სახელმწიფო მინისტრის, ბატონი გიორგი ბარამიძის ვიზიტი აშშ-ში. მისი ბოლო შეხვედრა სწორედ თავდაცვის მდივნის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრ ვერშბოუსთან იყო. შეხვედრის მთავარი თემა იყო სამხედრო თანამშრომლობა თბილისსა და ვაშინგტონს შორის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. სულ რამოდენიმე დღის წინ სენატორმა ჯონ მაკეინმაც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ უნდა მოხდეს საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღებისა და ადრეული რეაგირების რადარების გადაცემა. რა მიმართულებით მიდის ამერიკა-საქართვლოს ურთიერთობა და როგორია ამ ფონზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები? ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი საუბრობს. მისი თქმით:

_“მე გამოვყოფდი ორ ხაზს. რა თქმა უნდა ეს ორივე ხაზი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას , რომ ერთი მეორის გაგრძელებაა. ერთი არის ნატო-საქართველოს ურთიერთობა, მეორე არის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ვექტორი საქართველოს პოლიტიკისა. ამერიკა- საქართველოს ურთიერთობას რაც შეეხება ამის კარგი მაგალითია სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი. ამ ვიზიტისას გამოიკვეთა ის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა სამხედრო მიმართულებითაც ვითარდება. თავდაცვითი იარაღის საქართველოსადმი მიწოდების საკითხი არ მომკვდარა და რეალურად აქტუალურია. ნატო-საქართველოს ურთიერთობას კი რაც შეეხება თუ ჩვენ 2010 წელს შევაჯამებთ ამ კუთხით, უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ 2010 წელს რაიმე რადიკალურ წინსვლას და რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდით. ზუსტად ვიცოდით წლის დასაწყისში, რომ ეს იქნებოდა აქტიური, მაგრამ სამუშაო წელი. თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელმა დაგვიტოვა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ვიდრე ეს შეგვეძლო ერთი წლის წინ გვევარაუდა. მე ვგულისხმობ ლისაბონის სამიტს, სადაც საქარტველომ კიდევ ერთხელ მიიღო სტრატეგიულ კონცეფციაში დაფიქსირებული დაპირება, რომ იგი აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენ 2010 წელმა ასევე დაგვიტოვა სიტყვა „ოკუპაცია“, მას შემდეგ რაც ის ოფიციალურად იურიდიულად გაფორმდა და ეს არის ძალიან დიდი, სერიოზული დიპლომატიური და პოლიტიკური წარმატება.“