ამერიკელი ქალები უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

ამერიკელი ქალები უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივისტების ჯგუფმა XIX საუკუნეში დაიწყო.

წელს 90 წელი შესრულდება მას მერე, რაც შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რის საფუძველზეც ამერიკელ ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

სამოცდაათწლიანი შეუპოვარი აქტივისტური საქმიანობის შემდეგ, ამერიკელი ქალები საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად პირველად 1920 წელს მივიდნენ.

მას მერე დიდი დრო გავიდა და დღეს პოლიტიკურ ავანსცენას თანამედროვეობის გავლენიანი პოლიტიკოსი ქალები: ნენსი პელოსი ,ჰილარი კლინტონი და სარა პალინი ამშვენებენ.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივისტების ერთმა პატარა ჯგუფმა დაიწყო. ჯგუფს სათავეში ლუკრეცია მოტი და კეიდი სტენტონი ჩაუდგნენ. 1848 წელს მათ საზოგადოების წინაშე ღიად პირველად განაცხადეს საკუთარი მოთხოვნა და ეს ამერიკელი ქალებისთვის მამაკაცების თანაბარი უფლებების მინიჭება გახლდათ.

სიუზან სკენლეი ქალთა კვლევისა და განათლების ინსტიტუტის პრეზიდენტი გახლავთ:

„ქალთა უფლებების დამცველები შეერთებულ შტატებში ძირითადად საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენელი შუა ხნის ასაკის ქალები იყვნენ. ყველა მათგანს ჰქონდა საშუალო ან უმაღლესი განათლება და თუმცა იცოდნენ, რომ ვიდრე საარჩევნო ურნამდე მისვლის უფლებას არ მოიპოვებდნენ, საკუთარი უფლებების მოპოვებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.“

შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს ქალთა უფლებების აქტივისტთა მოძრაობა მინელდა. თუმცა 50 წლის შემდეგ ამერიკელების წინაშე კვლავ ახალი სახელი და გვარი გამოჩნდა და ეს პროფესიით ადვოკატი ქალბატონი - ალის პაული გახლდათ.

პაული განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და მოძრაობას ახალი ძალა და ენერგია შემატა. პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, პაულის ინიციატივით ვაშინგტონში ქალაქის მთავარი ქუჩაზე აღლუმი გაიმართა. ამით ალის პაულიმ ამერიკის საზოგადოების უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.

ელიზაბეტ კრუმი ალის პაულის მუზეუმის თანამშრომელია:

„მანამდე ამერიკაში, ქუჩაში ერთად გამოსული ამდენი ქალი არავის უნახავს. პროფესიების მიხედვით სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონები ამაყად მიაბიჯებდნენ ვაშინგტონის ქუჩებში და ფედერალური კანონის მუშაობაში ცვლილების შეტანას მოითხოვდნენ. ულამაზესი და შთამბეჭდავი სანახაობა იყო“

ქალთა უფლებების დამცველებმა მაშინვე მედიის ყურადღება მიიპყრეს .რასაც ამერიკის საზოგადოებაზე ვერ ვიტყოდით. ამიტომაც აქტივისტმა ქალებმა მოძრაობის საშუალებები გააქტიურეს და 1917 წელს თეთრ სახლთან პიკეტირება მოაწყეს. ეს იმ დროისთვის უპრეცენდენტო მოვლენა გახლდათ. ალბათ ამიტომაც ერთ წელიწადში შესწორება კონსტიტუციაში შევიდა და 1920 წლის 20 აგვისტოს ამერიკელ ქალებს მიენიჭათ უფლება არჩევნებში საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

ჯენიფერ ლოულესი ამერიკული უინივერსიტეტის პროფესორია:

„ეს იმ დროისთვის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ამერიკელი ქალები სრულუფლებიანი მოქალაქეები გახდნენ. მიუხედავად იმისა,რომ მათ ცხოვრებაში ამით დიდად არაფერი შეცვლილა, ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ ამიერიდან ქალებს ამერიკაში საკუთარი პოტენციალის და დამოკიდებულების გამომჟღავნების საშუალება მიეცათ“

90 წლის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები საკუთარი უფლებების განამტკიცებისა და გაძლიერებისთვის იბრძვიან. დღესდღეობით სენატისა და წარმომადგნელთა პალატის შემადგენლობაში სუსტი სქესი მხოლოდ 17პროცენტს წარმოადგენს.

თუმცა ამერიკის პოლიტიკაში გავლენიანი ფიგურების: ნენსი პელოსის,ჰილარი კლინტონისა და სარა პალინის არსებობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამერიკელი ქალები ძლიერები და მიზანსწრაფულები არიან.