სამუდამო პატიმრობა - საბოლოო განაჩენი

სამუდამო პატიმრობა - საბოლოო განაჩენი

უმკაცრესი სასჯელი საზოგადოების დაცვისათვის

ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ პაკისტანელ ამერიკელს ფაისალ შაჰზადს „თაიმს სკვერის“ აფეთქების მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე სედერბაუმმა ეს გადაწყვეტილება საზოგადოების უსაფრთხოების დაცვით ახსნა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება შაჰზადისა და მისნაირებისგან დაცული იყოს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ 31 წლის პაკისტანელი იმიგრანტი ციხეში თავის საქციელზე დაფიქრდება და ასევე გაანალიზებს იმასაც, აძლევს თუ არა ყურანი მას ხალხის მოკვლის უფლებას. ამაზე კი მოსამართლეს შაჰზადმა უპასუხა რომ ყურანი მუსულმანებს თავდაცვის უფლებას აძლევს და მანაც სწორედ ეს აღასრულა.

შაჰზადი ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსია, რომელიც შეერთებულ შტატებში 1999 წელს სტუდენტური ვიზით ჩამოვიდა. მას ივნისში 10 პუნქტისგან შემდგარი ბრალდება წაუყენეს, რომელიც მოიცავდა ტერორიზმის და იარაღის შეძენა-ტარების მუხლებსაც, ასევე მასობრივი განდგურების იარაღის გამოყენების მცდელობას.

სასამართლოს სხდომაზე, ბრალდებულმა შაჰზადმა თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა: „მე რომ მქონდეს ათასი სიცოცხლე ყველა მათგანს ალაჰს შევწირავდი“. მან აღიარა, რომ პირველ მაისს „თაიმს სკვერზე“ „ნისანის“ მარკის ავტომობილი დატოვა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული. როგორც ცნობილია, ბომბი არ აფეთქდა, მხოლოდ იმიტომ რომ მის მოქმედებაში მოყვანამდე ორმა ქუჩის მოვაჭრემ პოლიციას საეჭვო ავტომობილის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ბომბის გაუვნებელყოფა მოახერხეს. შაჰზადმა აღიარა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა კონექტიკუტში დაქირავებულ სახლში დაამზადა. პოლიციამ ის ინციდენტიდან 2 დღეში დააპატიმრა, როდესაც შაჰზადი ნიუ-იორკიდან დუბაიში გაფრენას ცდილობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამერიკელმა პროკურორმა პრიტ ბარამ განაცხადა, შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყნის შიგნით ტერორიზმის ზრდის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

„აქ ვართ წარმოდგენილი ჩვენ, ასევე გამოძიების ფედერალური ბიურო და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი. და ეს არის ის მოვლენა, რაზეც ჩვენ შეშფოთებულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველდღე მძიმე სამუშაოებს ვასრულებთ, რათა დარწმუნებულები ვიყოთ სხვა თავდასხმების არარსებობაში,“ - განაცხადა პრიტ ბარამ.

კიდევ ერთი დეტალი სასამართლოს სხდომიდან ის იყო, რომ მოსამართლემ ბრალდებულს ამერიკის მოქალაქეობის დროს დადებული ფიცის შესახებ ჰკითხა, რაზეც შაჰზადმა უპასუხა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა.