მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება, მაგრამ მსოფლიოში ხორბლის ის რაოდენობა, რომლის მოყვანა ფერმერებს მიწის ერთ ჰექტარზე შეუძლიათ, უცვლელი რჩება. ახალი გამოკვლევის თანახმად ეს ხდება იმის გამო, რომ აგრონომებმა და მკვლევარებმა ხორბლის მცენარის მაქსიმალურ ნაყოფიერებას უკვე მიაღწიეს. გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში მესამე მნიშვნელობის მარცვლოვანი კულტურის უფრო მაღალი მოსავლიანობის მიღწევა ერთ ჰექტარზე გამოანგარიშებით მხოლოდ ძალზედ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევის გამო თუ მოხდება.
მკვლევარებმა ჩრდილოეთ ამერიკის დიდ დაბლობებზე 1959 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა კომპანიებისა თუ უნივერსიტეტების მიერ გამოყვანილი ხორბლის ჯიშების მოსავლიანობა შეადარეს.
ბობ გრეიბაში შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორბლის გენეტიკის სპეციალისტია. იგი ხსენებული გამოკვლევის ავტორია. მისი თქმით, ხორბლის სელექციონერებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
„სელექციონერობის 50-წლიან ისტორიაში ჩვენ ფაქტობრივად მოსავლიანობის გენეტიკული პოტენციალი გავაორმაგეთ,“ აღნიშნა გრეიბაშმა.
ეს რასაკვირველია კარგი ამბავია, მაგრამ მას ცუდი მხარეც გააჩნია. გრეიბაშის თქმით:
„არსებობს რაღაც ზღვარი იმისა თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ ზღვარს ვუახლოვდებით.“
გრეიბაში აღნიშნავს, რომ დიდი დაბლობებიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ხორბლის სხვადასხვა ჯიშებმა მოსავლიანობის პიკს 1990-იანი წლების დასაწყისში მიაღწიეს. მას შემდეგ მოსავლიანობის დონე ფაქტობრივად არ შეცვლილა. მისი თქმით, ხორბლის გენეტიკის სფეროში ბოლო მნიშვნელოვანი მიღწევა 1960-იან წლებში დაფიქსირდა და მეცნიერებს მსგავსი მიღწევა მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დასჭირდებათ.
მეცნიერების უმრავლესობა აღიარებს, რომ ხორბლის გლობალური მოსავლიანობა მსოფლიოს მოსახლეობის ზრდას არ უსწრებს. მაგრამ აკადემიურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება იმ ვარაუდის გამო, რომ სელექციონერებმა ხორბლის მოსავლიანობის მაქსიმუმს უკვე მიაღწიეს. თუმცა სხვა ქვეყნებში მეცნიერები ხორბლის გენეტიკურ პოტენციალს კვლავინდებურად აუმჯობესებენ.
ოკლაჰომას შტატის უნივერსიტეტის აგრონომის ბრეტ კარვერის თქმით, დიდ დაბლობებზე მოსავლიანობის შეჩერება გამოწვეულია იმით, რომ სელექციონერებს ყურადღების გადატანა მცენარეთა დაავადებებზე მოუხდათ.
„ჩვენ ახლა ძირითადად ყურადღებას ვუთმობთ იმ ფაქტორების განეიტრალებას, რომელიც მოსავლიანობას საფრთხეს უქმნის,“ აღნიშნავს კარვერი.
ჰანს იოაჰიმ ბრაუნი ხორბლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელია მექსიკაში მდებარე ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში. მისი თქმით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება შენელდა, მაგრამ ეს ამ მცენარის მოყვანით და არა გენეტიკური ცვლილებებით აიხსნება. თუმცა ბრაუნი იქვე აღნიშნავს, რომ სელექციონერებმა ძალისხმევა უნდა გაზარდონ, რადგან 2050 წლისათვის ხორბალზე გლობალური მოთხოვნა 50-70 პროცენტით გაიზრდება.
„ეს ნამდვილი გამოწვევა იქნება რადგან ხორბალი ძალიან მგრძნობიარე მცენარეა და ტეპერატურის ზრდა მას დიდ საფრთხეს შეუქმნის. თუ გლობალური დათბობის გამო ტემპერატურა გაიზარდა, მაშინ ხორბლის მოსავლიანობა შეიძლება 20-25 პროცენტით შემცირდეს,“ დასძენს ბრაუნი.
ამდენად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხორბლის გენეტიკური პოტენციალი შენარჩუნდა, მზარდი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან გართულდება, რადგან კლიმატის ცვლილება მომდევნო ათწლეულების მანძილზე მოსავლიანობას დიდი სირთულეების წინაშე დააყენებს.