22 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სასამართლომ გამოაქვეყნა სარეკომენდაციო გადაწყეტილება, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხს ეხებოდა. გადაწყვეტილების ტექსტი კონკრეტულად არ საუბრობს კოსოვოს სტატუსზე, თუმცა ამასთან ერთად არც სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას ახსენებს. გადაწყვეტილების არსი არის ის, რომ კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იყო.
ექსპერტებს განსხვავებული შეხედულება აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში. ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების ტექსტს ძალიან ვიწრო ფოკუსი აქვს და სინამდვილეში ისეთ სერიოზულ პრობლემებს არ ეხება, როგორიცაა სერბეთის სახელმწიფოებრივი უფლებები კოსოვოელების მიერ თვითდამკვიდრებისთვის გამოვლენის ფორმა, ანალიტიკოსებს შორის აზრთა სხვაობას იწვევს.
ერთი რამ ცხადია, რომ ჰააგას სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ლეგალურად დამავალდებულებელი დოკუმენტი არ არის და ის ქვეყანებს არ მოუწოდებს კოსოვოს აღიარებისკენ. ექსპერტები ასევე თანხმდებიან იმაზე, რომ გადაწყვეტილება „პანდორას ყუთს“ გახსნის და სეპარატისტულ რეჟიმებს მთელს მსოფლიოში წააქეზებს. ამ მიმართულებით, საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთება რთული იქნება.
23 ივლისს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წამომადგენლებმა გაავრცელეს განცხადებები. სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ცხოვრებოვ ქაზბულატი აცხადებს:
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო სახიათი ჰქონდა, ის საერთაშორისო სამართალში პრეცედენტს ქმნის. ჩემი აზრით, გაერო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციასაც მალე განიხილავს და იტყვის, რომ ამ დეკლარაციებით საერთაშორისო სამართალი არ ირღვევა.“
რაც შეეხება სერგეი ბაღაფშის განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ:
„საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითდამკვიდრების უფლებას. ეს გადაწყვეტილება ასევე ამართლებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას"
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და დარეგულირების ინსტიტუტის პროფესორის სუზან ალენ ნანის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ნორმებით ხელმძღვანელობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება სხვა მსგავს საქმეს მისცეს იურიდიული საყრდენი, თუმცა:
„ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ის, არის თუ როგორ აღიქვამს ამას კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ამ ხალხში კი ვგულისხმობ იმას, ვინც ამჟამად ცხოვრობს კონფლიქტურ ტერიტორიაზე, ვინც იქიდან განიდევნა რამდენიმე წლის წინ და რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას.კოსოვოს მაგალითი საქართველოსთვის, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის პასუხი არ არის. საქართველო არ შეეგუება მათ დამოუკიდებლობას და შესაბამისად სოხუმი და ცხინვალი თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობენ.“
კოსოვოს პრეცედენტად გამოყენებაზე ოსი, აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ. თუმცა, ადრე, ისევე როგორც ზემოთ მოყვანილ განცხადებებში, ისინი ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს არ ახსენებენ. 1975 წელს მიღებული ჰელსინკის საბოლოო აქტის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულებას კისრულობდნენ, რომ დაიცავდნენ ადამიანის უფლებებს და იმდროინდელ საერთაშორისო საზღვრებს. საბჭოთა კავშირი, რომლის იურიდიული მემკვიდრეც რუსეთია, ერთ-ერთი ხელმომწერი სახელმწიფო იყო.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა შევახსენოთ არის ის, რომ საერთაშორისო სასამართლო შეგნებულად იკავებს თავს კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილებაში სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისგან. ამ დოკუმენტში არც ისაა ნახსენები, რამდენად ლეგიტიმური იყო კოსოვოს თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა. ასე, რომ დოკუმენტზე, რომელსაც ლეგალური ძალა არ აქვს, და ამასთან ერთად ძალიან შეზღუდული ხასიათისაა, ზედმეტი იმედების დამყარება ხავსზე მოკიდებას ჰგავს.
გარდა ამისა, როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, გადაწყვეტილებამ მართლაც გახსნა „პანდორას ყუთი“ და ეს არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, არამედ სხვა ქვეყნებსაც. რუსეთის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოუთქმელი ტკივილიც აწუხებს ალბათ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე არაერთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობებითაა გამოწვეული.