შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც პოლონეთში სარაკეტო ბაზა დაარსდება.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი პოლონელი კოლეგა რადოსლავ სიკორსკი დღეს კრაკოვში ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ. სარაკეტო ბაზა ამერიკის თავდაცვითი სისტემის ერთი ელემენტია. ევროპის სარაკეტო უშიშროების სისტემის რადარის ბაზა ჩეხეთის რესპუბლიკაში იქნება მოთავსებული.
ბატონი სიკორსკის განცხადებით:
„როდესაც პრეზიდენტმა ობამამ სისტემის ახალი კონფიგურაცია გამოაცხადა, ჩვენ ვთქვით, რომ ახალი სისტემა მოგვეწონა, მაგრამ ამერიკამ მაშინ მგონი არ დაგვიჯერა. დღევანდელი ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლონეთი ახალ სისტემას მიესალმება. ის ეფექტურად შეძლებს პოლონეთის, ევროპისა და ამერიკის ინტერესების დაცვას სხვადასხვა საფრთხეებისგან,“ თქვა ბატონმა სიკორსკიმ.
ქალბატონი კლინტონის განცხადებით, აღნიშნული სისტემის დამონტაჟება რამდენიმე წლით იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ეს წინა ადმინისტრაციის მიერ იყო გათვლილი. ამასთან, ბუშის ადმინისტრაციის მიერ პოლონეთისთვის შეთავაზებული რაკეტსაწინაღო სისტემისგან განსხვავებით, ახალ სისტემას ნატო მხარს უჭერს.