ინიციატივა უმუშევარი ქალებისთვის

დიასახლისის სოციალური სტატუსის მქონე ქალბატონები გაუთანაბრდებიან საჯარო მოხელეებს.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დიასახლისის სოციალური სტატუსის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ლიდერის ეკა შინდაგორიძის თქმით, საქართველოში დიასახლისის სოციალური სტატუსის შემოღებით, ქალბატონები, რომლებიც მთელ დროს ოჯახურ საქმეებს და შვილების აღზრდას უთმობენ, სოციალურად დაცულები იქნებიან.

თვენახევრის წინ თბილისში აზიის განვითარების ბანკის(ADB) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც სწორედ ქალთა შრომით უფლებებს მიეძღვნა. მიზანი კი გახდა ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წამოწევა და რეკომენდაციების შემუშავება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში (GEDAW) წარსადგენად. აღნიშნული კონფერენციის მონაწილეთა აზრით. აუცილებელია საქართველოს შრომით კანონმდებლობაში საფუძვლიანი ცვლილებების შეტანა იმ ფარული დისკრიმანაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც დღესდღეობით ქალთა შრომითი უფლებების სფეროში არსებობს :

”დასაქმების სფეროში გენდერული თანასწორობის ბალანსი უნდა იყოს არა უფლება, არამედ ყველა დამსაქმებლის ვალდებულება. პირველ რიგში ქალთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები კონსტიტუციით უნდა განისაზღვრებოდეს.”

დიასახლისის სოციალური სტატუსის მქონე ქალბატონები გაუთანაბრდებიან საჯარო მოხელეებს, აღნიშნული ინიციატივის რეალიზება უზრუნველყოფს ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ოჯახების სიმტკიცესა და ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას, აცხადებს ეკა შინდაგორიძე და აღნიშნული ინიციატივის შესახებ ამბობს:

”ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ზოგადად ადამიანის შრომით უფლებებზე, მაგრამ არის კიდევ ერთი დეტალი, ქალის შრომითი უფლების დაცვა. რამ გამოიწვია ჩვენი ეს ინიციატივა? ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, ძალიან ხშირად მქონია შეხვედრები, ყოფილა სემინარები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ბევრჯერ გვსმენია, რომ ქალის უფლება უნდა იყოს დაცული, რომ ქალი უნდა იყოს აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ქალისთვის- ოჯახი. ტრადიციულად ქალი საქართველოში იყო ყოველთვის აქტიური, ამის ისტორიული მაგალითებიც არსებობს. ჩვენ რომ საქართველოს რეალობას გადავხედოთ, ქალბატონები, რომლებიც არიან ოჯახში, რომელთაც არასდროს უმუშავიათ საჯარო სამსახურში ან კერძო სტრუქტურაში. გამოდის, რომ ისინი სოციალურად დაუცველნი არიან იმათთან შედარებით, ვინც მუშაობს. ჯერ ერთი მათი სოციალური მდგომარეობა რა არის, ვინც მუშაობს, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა იმ ქალბატონების მდგომარეობა , ვინც ან ოჯახშია და აკეთებენ არა ნაკლებ საქმეს. დამეთანხმებით, არანაკლებია საქმე, რომ აღზარდო შვილი ან ოჯახს მიხედო. იგივე სოფლად მცხოვრები ქალბატონები, რომლებიც მიწასთან მუშაობენ, გარდა იმისა, რომ ოჯახს უვლიან და შვილებს ზრდიან. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ჩვენი ინიციატივა დიასახლისის სოციალური სტატუსის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ გულისხმობს იმას, რომ ქალბატონებმა, რომლებსაც არასდროს უმუშავიათ, უნდა მიიღონ ყოველთვიურად მინიმალური ანაზღაურება, სახელმწიფომ ისინი მინიმალური ანაზღაურებით უნდა უზრუნველყოს."

უტოპიური ხომ არ არის ეს ინიციატივა თუ საქართველოს რეალობას გავითვალისწინებთ?

"უტოპიური არ არის გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალიან დიდ თანხებზე. უტოპიური არ არის იქედან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი, რომელიც გაწერილია სოციალურ სფეროზე, უნდა გადანაწილდეს და თავისუფლად შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი გადანაწილდეს ისე, რომ მოხმარდეს სოციალურ საკითხებს, რათა მეტნაკლებად უზრუნველყოფილები იყვნენ მოქალაქეები."

სახელმწიფო სოციალურად დაუცველებსაც რომ ვერ აკმაყოფილებს?!

"მეტსაც გეტყვით...თავის დროზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წლების განმავლობაში გურამ ჩახვაძე პარლამენტში ლაპარაკობდა საყოველთაო დაზღვევაზე. რამდენჯერ ”ედპ”-მ ინიციატივა გააჟღერა საყოველთაო დაზღვევაზე, იმდენჯერ ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ, დამოკიდებულება ზუსტად ასეთივე იყო - ეს უტოპიაა. მაგრამ ხელისუფლება დღეს უკვე საუბრობს საყოველთაო დაზღვევაზე! ანუ ეს შესაძლებელი ყოფილა! ესეც შესაძლებელია. მსოფლიოში ამის პრეცედენტი არსებობს. ისრაელშია მაგალითად ქალის სოციალური სტატუსის პრეცედენტი, იქ დიასახლისი ქალბატონები დაცულები არიან. გარდა ამისა, ქალბატონები, რომელთაც ჰყავთ ერთი ან მრავალი შვილი, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ჯანმრთელობის დაზღვევით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკში დიასახლისმა ქალბატონებმა მიიღონ არა მინიმალური პენსია, არამედ ეს უნდა იყოს შრომითი პენსია და ეს აბსოლუტურად შესაძლებელია”.