საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ დღეს თბილისში ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი გახსნა. ფორუმში 100-მდე უკრაინელი ბიზნესმენი და ქალაქ ოდესის მერი ალექსანდრე კოსტუსევი მონაწილეობენ. დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიების ჩამოსვლით და ინვესტიციების შედეგად უნდა გაიზარდოს:
” იმედი მაქვს, რომ ამ 2 დღის განმავლობაში ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები შესძლებენ საერთო ენის გამონახვას. ასევე მივესალმებით ინვესტიციებს, ინვესტორებს. ნებისმიერი ინვესტიცია ნიშნავს საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,მეტ დასაქმებულ ადამიანს,რაც სახელმწიფოს ამოცანაა. საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, 8 წლის წინ თბილისი სიბნელის ქალაქი იყო, დღე-ღამეში შუქი 2 საათით, ხოლო რეგიონებში თითქმის არ იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა წყალი, ბუნებრივი აირი , არ იყო მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერთი სიტყვით 10 წლის წინ ეს იყო სულ სხვა ქვეყანა”.
დავით ბაქრაძის თქმით, უკრაინულ ბიზნეს საქართველოში პრობლემები არ შეექმნება.
ფორუმის მონაწილე , თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი ამბობს :
” შარშან დაახლოებით 100-მდე დელეგაცია იყო უკრაინიდან ჩამოსული, რომელიც როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის დედაქალაქის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები შედეგებზე იყო ორიენტირებული, ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა და განხორციელდება. ჩვენ, დედაქალაქის წარმომადგენლებს უკრაინელ სტუმრებთან გვქონდა საუბარი თბილისის საქალაქო სერვისებზე, ახლა ვსაუბრობთ თბილისის და ოდესის ურთიერთობებმა, მეგობრობამ უფრო მეტი ინტენსიობა მიიღოს. ოდესა ჩვენი დაძმობილებული ქალაქია. ჩვენ ვისაუბრებთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც ქალაქს გააჩნია ქალაქის ინფრასტრუქტურის, სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით, დაწყებული ელექტრონული სერვისებით დამთავრებული დასუფთავების და სხვა სერვისების განვითარებით. გარდა ამისა, ფორუმს ესწრებიან მთავრობის, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ უკრაინელ კოლეგებთან ჰქონდათ შეხვედრები. ბუნებრივია, საქმიანი ურთიერთობა საქმიანი ურთიერთობაა, თუმცა ჩვენ ხელი შევუწყვეთ სხვა, კულტურულ-სპორტულ თანამშრომლობასაც, მაგალითად, გადაწყდა, რომ საფეხბურთო მატჩი გაიმართება თბილისის დინამოს და ოდესის ჩერნომორეცს შორის .”
თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის ზვიად არჩვაძის თქმით, უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან სამშენებლო სექტორით, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი მრეწველობის სფეროეbში ინვესტიციების განხორციელებით:
” ფაქტიურად ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი თბილისსა და ოდესას შორის ურთიერთობის, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების. მნიშვნელოვანია მერებს შორის ურთიერთობების დამყარება, მერებმა შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე ახალი პროექტის, გამოცდილების გაზიარების შესახებ. ბიზნესმენები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები- მათთვის საინტერესოა არა მარტო თბილისის მერიის საინვესტიციო პროექტები, არამედ მათთვის საინტერესოა ის მექანიზმები, რომელსაც თბილისი იყენებს ბიზნესთან ურთიერთობაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის მისაღები წინადადებები ჩამოვაყალიბოთ, ერთად ვიფიქრებთ იმაზე, რა პირობებში შეიძლება იყოს საერთო პროექტების განხორციელება საინტერესო ორივე მხარისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გზების გამონახვას, რომ ერთად ვითანამშრომლოთ”.
ფორუმზე დღეს თბილისსა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესახებ სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ და ოდესის მერმა მოაწერეს. გიგი უგულავას თქმით თბილისი-ოდესას ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით ოდესაში თბილისის დინამოს და ოდესის ’ჩერნომორეცის” საფეხბურთო გუნდების ამხანაგური მატჩი გაიმართება.
უკრაინის ელჩის ვასილი ციბენკოს განცხადებით 2012 წელი განსაკუთრებულია, რადგან ეს არის მეოცე წელიწადი, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ელჩის თქმით:”ყველაფერი რაც გაკეთდება, იმუშავებს ორი მოძმე ხალხის საკეთილდღეოდ”, რაც მისივე თქმით, თბილისის და კიევის საერთო მიზანია.