დაინიშნება თუ არა საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

დაინიშნება თუ არა საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

მმართველი პარტიის საარჩევნო გეგმებში შესაძლო კორექტივების შეტანა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა.

თბილისში დისკუსიების ახალი თემა გაჩნდა. პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში მსჯელობენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობაზე, არჩევნები წესით 2012 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

მმართველი პარტიის საარჩევნო გეგმებში შესაძლო კორექტივების შეტანა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა- თვლის ”წინააღმდეგობის მოძრაობის” დამფუძნებელი მამუკა გობეჩია :

” ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ორი ვარიანტი იმის მიხედვით, თუ რა გზას აირჩევს ივანიშვილის ფიგურის გამოჩენის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლება. პირველი: შეიძლება ეს იყოს მართლაც ვადამდელი არჩევნები. მეორე ვარიანტი : შეიძლება ეს არჩევნები მათ გადაწიონ. თუ ეს იქნება აგრესიული ტაქტიკა, მაშინ მათ აწყობთ ხელახლა ჩაატარონ არჩევნები."

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში მოვლენების განვითარებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოიწვიოს, ნაციონალური მოძრაობის წევრები უარყოფითად პასუხობენ. მმართველი პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობს :

”საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგში არ დგას და ვერც იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც სამთავრობო კრიზისია და არც სხვა რაიმე პრობლემა პოლიტიკურ თუ სოციალურ სფეროში”.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების დაძაბვას არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ არჩევნების ვადის გადაწევა რთულ ტექნიკურ პროცედურებთან არის დაკავშირებული. საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ლევან ვეფხვაძე ამბობს :

”ნებისმიერი ტიპის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში. ამის საჭიროება შეიძლება დადგეს, მე ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა, ამ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, არის პრობლემა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვაქვს უკეთესი საარჩევნო კოდექსი, ამას სჭირდება დრო. ეს პროცესი დაახლოებით წლის ბოლომდე გაიჭიმება და იგივე საარჩევნო გარემოში, იგივე საარჩევნო კოდექსით, იგივე პირობებში არჩევნების ჩატარებას არავის ვუსურვებ , ცხადია ხელისუფლების გარდა, ხელისუფლება ამაში შეიძლება იყოს დაინტერესებული”.

”წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერი სოსო მანჯავიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ჯერჯერობით ნაკლებად ვარაუდობს:

” არჩევნები ასეთი რეჟიმების დროს არის ფალსიცირებული. იმიტომ რომ, პოლიტიკური პროცესი მთლიანად იმართება გაბატონებული ფენის, უზურპატორების მიერ, საიდუმლო პოლიციის, ფინანსური ნაკადების კონტროლის, დაშინების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსების და კიდევ სხვა რესურსების მეშვეობით. შეიძლება არსებობდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, როცა არ ვიცით რამდენია საქართველოს მოსახლეობა? მე-19 საუკუნეში დაბადებული ადამიანები აძლევენ ხმას და უამრავი ისეთი, ვინც საქართველოში 20,15 ან თუნდაც 2 წელი აღარ ცხოვრობს."