პაველ ხოდორკოვსკი: „ძალაუფლება პუტინის ხელშია კონცენტრირებული“

პაველ ხოდორკოვსკი: „ძალაუფლება პუტინის ხელშია კონცენტრირებული“

უცხოური პრესის მიმოხილვა

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს, თუკი რუსეთის სახელისუფლებო თუ მედია წრეები დადებითად და მნიშვნელოვან მოვლენად აფასებდნენ, მათი განწყობა იგივე ვიცე-პრეზიდენტის მოლდოვაში ჩასვლამ საგრძნობლად შეცვალა. ამის შესახებ საუბარია ამერიკულ „ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ბაიდენი მოლდოვაში: ვიცე- პრეზიდენტმა მოსკოვის გაღიზინება გამოიწვია.“

პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო მოლდოვას აქამდე შეერთებული შტატების არც პრეზიდენტი წვევია და არც ვიცე-პრეზიდენტი. ამიტომ პარასკევს ჯოზეფ ბაიდენის ჩასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველას ვინც ბაიდენის მარშრუტიდან სასროლ მანძილზე ცხოვრობს იარაღები ჩამოართვეს, ასევე საკანალიზაციო ხუფები შედუღებით ჩაკეტეს, რათა იქიდან მოულოდნელად ცუდი ბიჭები არ ამომძვრალიყვნენ. მოხალისეებს ამერიკული დროშები დაურიგეს, ხოლო ბაიდენის გამოსვლამდე კი ცენტრალურ თეატრალურ სკვერში როკ-ჯგუფების კონცერტი გაიმართა. მოსკოვს კი ამ ვიზიტის დაკვირვებისას მაგდაგვარი სიხარული არ გამოუმჟღავნებია, რადგან მათთვის ეს ყველაფერი ნაცნობი იყო, თითქოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ეპოქა ბრუნდებოდა,“ - წერს სტატიის ავტორი საიმონ შუსტერი.

მისი თქმით, ბუშის ეპოქაში კრემლის გაღიზიანება ისე არაფერს გამოუწვევია, როგორც „ფერად რევოლუციებს,“ როდესაც სამი წლის განმავლობაში მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი სამი რეჟიმი დაემხო.

საქართველოში 2003 წელს, უკრაინაში 2004 წელს და ყირგიზეთში 2005 წელს. თითოეულ რევოლუციას კი ამერიკა უჭერდა მხარს, წერს შუსტერი. მოლდოვაში, კი სადაც დღემდე გაყინულია დნესტრისპირეთის კონფლიქტი და 1500 რუსი ჯარისკაცია განლაგებული, ბაიდენის ჩასვლამ მოლდოვას ხელისუფლების პროამერიკულ განცხადებას შეუწყო ხელი. კერძოდ, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ ფილატმა განაცხადა: „ჩვენ რეალურად გვჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებაში“. შუსტერის აზრით კი, ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მოლდოვამ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და დნესტრისპირეთში მოლდოვას იურისდიქცის აღდგენას მოკიდა ხელი.

პრესის მიმოხილვას ვასრულებთ „ვაშინგტონ პოსტში“ მიხაილ ხოდორკოვსკის შვილთან გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელიც ასევე დაემთხვა ჯო ბაიდენის მოსკოვში ვიზიტს. მართალია, ვიცე-პრეზიდენტმა მოსკოვთან გადატვირთვის პოლიტიკას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი და ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. იქვე აღნიშნა, რომ ინვესტორები და კომპანიები არა მხოლოდ ვაჭრობის პოლიტიკის გაუმჯობესებას იმედოვნებდა, არამედ გარანტიების მიცემაც, რომ სამართლებრივი და სასამართლოს სისტემა მათ სამართლიანად მოეპყრობა.

„ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში ნიუ-იორკში მცხოვრებმა პაველ ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ ამერიკამ რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანაზაციაში გაწევრინება უნდა გამოიყენოს როგორც ბერკეტი რუსეთის მოქმედებებზე ზეწოლისათვის, როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე საგარეო არენაზე. მომდევნო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით პაველ ხოდორკოვსკიმ განაცხადა:

„მამაჩემის სასამართლო პროცესმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პოსტი ექნება პუტინს. გაუცვლის თუ არა ის მედვედევს ადგილს, თუ დარჩება პრემიერ-მინისტრად. ძალაუფლება მაინც პუტინის ხელშია კონცენტრირებული.“ რაც შეეხება დმიტრი მედვედევს, პაველ ხოდორკოვსკი მისი რეფორმების გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის.