დიდი ოცეულის შეხვედრამ მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო

დიდი ოცეულის შეხვედრამ მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო

ჩინეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მთავრობები შეერთებული შტატების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

გასულ პარასკევს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დიდი ოცეულის უმაღლესი დონის შეხვედრა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი დეკლარაციით დასრულდა. დოკუმენტში ლაპარაკია გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით მისაღებ სამომავლო ზომებზე. ეკონომიკური ზრდის დაბალანსების აუცილებლობით გამოწვეული ზოგადი აზრთა სხვადასხვაობის გარდა, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ჩინეთის ფულადი ერთეულის იუანის შეფასებასთან დაკავშირებული დავის მხრივ, დიდი ოცეულის შეხვედრაზე რაიმე პროგრესი არ დაფიქსირებულა.

ამერიკის ხმის კორესპონდენტმა მილ არსეგამ დიდი ოცეულის შეხვედრების შეფასება ამერიკელ ექსპერტებს სთხოვა.

ორი დღის მანძილზე, ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა, ანალიტიკოსთა აზრით, მხოლოდ პროტექციონიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომებისა და სავაჭრო დისბალანსის მოწესრიგებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვნად შერბილებული დაპირებები მიიღეს.

ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის კენეთ ლიბერტალის თქმით, ისინი, ვინც დიდი ოცეულის შეხვედრისგან ხსენებული პრობლემების სწრაფ მოგვარებას ელოდნენ, შეცდნენ:

„ძალზედ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება საერთო პრინციპების ერთობლივ შემუშავებაზე, რადგან არსებული პრობლემების სწრაფი გადაჭრა უბრალოდ შეუძლებელია. ამდენად, აუცილებელია საერთო მიდგომის მონახვა, რომელიც ყველა მონაწილისგან გარკვეული ზომების მიღებას მოითხოვს “- აღნიშნა ლიბერტალმა.

იგი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებამ ფედერალური მთავრობის ობლიგაციების შესყიდვის მიზნით, ფულად მიმოქცევაში ასობით მილიარდი დოლარის ჩაშვების შესახებ, სეულში გამართული დიდი ოცეულის შეხვედრის წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ჩინეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მთავრობები შეერთებული შტატების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ხსენებულ ზომას გლობალურ ბაზრებზე დოლარის გაუფასურება, ამერიკული საექსპორტო პროდუქციის გაიაფება და სხვა ქვეყნების ფულადი ერთეულების გაძვირება მოჰყვება. ამასთან დაკავშირებით, ლიბერტალმა აღნიშნა:

„ცენტრალური ბანკის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ძირითადად ქვეყნის შიგნით ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით კეთდება, საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება რადგან შედეგად ჩვენ ფაქტობრივად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ჩინეთის მთავრობა წლების მანძილზე აკეთებდა, რის შედეგადაც ჩვენი მორალური კაპიტალი უთუოდ შემცირდება.“

შედეგად დიდი ოცეულის ქვეყნებმა უარყვეს შეერთებული შტატების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მთავრობამ ფულადი ერთეულის ფასი უნდა გაზარდოს. ამის სანაცვლოდ, მათ მიიღეს შერბილებული დაპირება, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული ფულადი ერთეულების გაუფასურება არ წარმართონ.

შეერთებული შტატების მთავრობა აღნიშნავს, რომ ჩინეთი საკუთარ ფულად ერთეულს განგებ ასუსტებს, რათა ჩინური წარმოების პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე იაფად გაიყიდოს. ამის საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჩინური ფულადი ერთეულის იუანის ფასის გაზრდა მხოლოდ ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

კომპანია Breaking Views-ის ანალიტიკოსი ვეი გუ აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან, უფრო მოზომილი და რბილი ზეწოლა ბევრად მეტ შედეგს გამოიღებდა:

„ჩინეთის მთავრობა შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე დიდი ოცეულის სხვა წევრების კოლექტიურ ზეწოლას. ამდენად ჩინეთი ვერ იტყოდა, "ჩვენ მზად ვართ ვუგულვებელყოთ დანარჩენი 19 ქვეყანა!’“ -აღნიშნა ვეი გუმ.

მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ოცეულმა უფრო მნიშვნელოვანი ზომები არ მიიღო, ახლებური საერთაშორისო მართვის ცენტრის ეკონომისტი კოლინ ბრედფორდი აღნიშნავს, რომ თვით ის ფაქტი, რომ დიდი ოცეული, როგორც გლობალური მნიშვნელობის დებატების ფორუმი ჩამოყალიბდა, შეიძლება მნიშვნელოვან წარმატებად ჩაითვალოს:

„ყველა დიდი ოცეულის საქმიანობას აკვირდება და ხვდება იმას, თუ რამდენად ურთიერთდამოკიდებულია დღევანდელი გლობალური ეკონომიკის ხასიათი, რომ ერთი ქვეყნის პოლიტიკამ შეიძლება მეორეზე გავლენა მოახდინოს. ამ პროცესში ჩვენ ერთმანეთზე ბევრს ვიგებთ, რაც ადრე ჩვენთვის უცნობი იყო “ - აღნიშნავს კოლინ ბრედფორდი.

მსოფლიო ლიდერები უკვე შემდეგი შეხვედრისთვის ემზადებიან. დიდი ოცეულის შემდეგ შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიმდინარე სავაჭრო დისბალანსის მონიტორინგისთვის საჭირო მექანიზმზე შევთანხმდეთ. სეულში დიდმა ოცეულმა საფრანგეთს შემდეგ შეხვედრაზე ხსენებული მექანიზმის ამოქმედება დააბარა “ - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ.

პრეზიდენტმა ობამამ სეული სამხრეთ კორეასთან შეერთებული შტატების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გარეშე დატოვა. აზიის რეგიონში 10-დღიანი ტური ობამამ იაპონიაში ორდღიანი ვიზიტით დაასრულა, სადაც იგი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკის უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრო.