ტერორიზმის შედეგებთან ბრძოლა საკმარისი არ არის

დღეს 11 სექტემბერია, ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 9 წელი გავიდა.

დღეს 11 სექტემბერია, ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 9 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 343 მეხანძრე და 60-მდე პოლიციელი დაიღუპა. 2001 წლიდან მსოფლიომ ტერორიზმს ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ დღესაც გლოვაა ვლადიკავკაზში, სადაც ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 1 სექტემბერს შესრულდა 6 წელი ბესლანის ტრაგედიიდან, სადაც ტერორისტული აქტის მსხვერპლნი გახდნენ ბავშვები...

მხოლოდ ტერორიზმის შედეგებთან ბრძოლა არ არის საკმარისი, თვლის ექსპერტი ვასილ ჭყოიძე :

” საჭიროა ტერორიზმისთვის ხელსაყრელი ნიადაგის აღმოფხვრა, აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. პირველ რიგში ეს არის სიღატაკე, ანუ ძირითადად ტერორისტები ღატაკი ქვეყნებიდან მოდიან, სადაც არის ძალიან ძლიერი სოციალური გაჭირვება, უმუშევრობა და ასევე რელიგიური ან ნაციონალური ფანატიზმი. 21 -ე საუკუნეში წინა პლანზე რელიგიური ფანატიზმი გამოვიდა, რასაც კონტრნაბიჯები სჭირდება. ადამიანებმა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში კარგად უნდა გაითავისონ, რას ნიშნავს სხვა ადამიანის უფლების პატივისცემა, სხვა რელიგიური მრწამსისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების ამოცანაა სიღარიბესთან ბრძოლა, მათ მაქსიმალურად უნდა აღმოფხვრან სიღატაკე, რათა ღატაკ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები არ აღმოჩნდნენ რელიგიური, ფანატიკური ლიდერების გავლენის ქვეშ. აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ძირითადად ამ ეტაპზე ფანატიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა უფრო მეტად დომინირებს რადიკალურ ისლამურ მიმდინარეობებში, თუმცა მათ შორის ეს არის რაღაც იდეოლოგიური დაპირისპირება, მაგრამ შედეგი ერთია - მათი ქმედებები მიმართულია ძირითადად უდანაშაულო, დაუცველი, უიარაღო ადამიანების წინააღმდეგ, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ის, რაც შეასუსტებდა ტერორიზმს, ეს არის იარაღის უკონტროლო გაყიდვის აღკვეთა. განსაკუთრებით, საშიში სახე იარაღის უკონტროლო გაყიდვამ მიიღო რუსული სამხედრო ბაზებიდან. მაგალითად კავკასიელი მეამბოხეების ხელში რუსული იარაღია. ჩალის ფასად შეძენილი იარაღი, რომელსაც ტერორისტები ისევ რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ."

" ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს ! " - ამ დევიზით ”ამერიკის მეგობართა კლუბმა” რიყეზე, მშვიდობის ხიდზე აღმართა აქცია ”მშვიდობის ხე”, სადაც ტერაქტის ამსახველი გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.