იური სიგოვი: რეგიონში ყველაზე სწრაფად სომხეთი და აზერბაიჯანი იარაღდება

იური სიგოვი: რეგიონში ყველაზე სწრაფად სომხეთი და აზერბაიჯანი იარაღდება

დასავლური პრესის მიმოხიილვას ვიწყებთ მიმომხილველ პოლ გობლის მიერ გამოქვეყნებული სტატიით ანალიტიკურ გამოცემა „ ვინდოუ ონ ეურეიჟაში“. ავტორი წერს: „მიუხედავად აშკარა საგარეო საფრთხეების არარსებობისა, დე სე თეს ყველა წევრი სახელმწიფო სამხედრო შეიარაღების სფეროს ზრდის, რაც თავისთავად ძალიან სახიფათო ტენდენციაა მთელი რეგიონისთვის“. გობლი ამ მოსაზრებას რუსი ანალიტიკოსის იური სიგოვის მოსაზრებებზე დაყრდნობით აკეთებს. სიგოვი გამოცემა „ დელოვიე ლუიდის“ ვაშინგტონის ბიუროს უფროსია. სწორედ სოგოვის აზრით, ყირგიზეთში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები, ასევე მოსკოვსა და ერევანს შორის შემდგარი გარიგება, აზერბაიჯანის მიერ ანტი საჰაერო კომპლექსების შესყიდვა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების დისლოცირება ამ ტენდენციის მხოლოდ ერთეული გამოვლინებებია. გობლი კი ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიტარიზაცია აშკარა სამხედრო კონფლიქტს როდი ნიშნავს, პირდაპირი გაგებით, თავდაცვისა და კონფლიქტისთვის ასეთი სამზადისი რომელიმე ერთი მხარის მიერ დანარჩენებსაც ანალოგიური განწყობისა და ქმედებისკენ უბიძგებს. ამიტომაც, ამერიკელი ავტორი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი ურთიერთობების გაგრძელება რისკის ქვეშ ექცევა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაც მსგავს სიტუაციას ეწირება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და საშიშროება, რომელიც ძალაუნებურად თავს იჩენს ხსენებულ ქვეყნებში არის სამხედროების მიერ მოსახლერობაზე სრული კონტროლის დაწესების საშიშროება, რაც არა მარტო ხალხის მანიპულირებას, არამედ ქვეყნების პოლიტიკური მიმართულების განმსაზღვრელი იქნება სამომავლოდ, რაც ანალიტიკოსების აზრით დემოკრატიზაციის პერსპექტივას სრულიად მოსპობს.

იური სიგოვი აღნიშნავს, რომ არც ერთი კონლიქტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოიშვა, მშვიდობიანი გზებით არ გადაჭრილა და რომ ეს რეალობა, ავღანეთის სიტუაციასთან ერთად, ნამდვილად კარგ გამართლებას აძლევს რეგიონის ქვეყნებს, რომ თავი დაიცვან, სოციალური საჭიროებების ხარჯზეც კი. პოლ გობლი, იური სიგოვთან ერთად აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მთელი 20 წლის მანძილზე, არც ერთ რესპუბლიკას მშვიდობიანად არ უცხოვრია და რომ ყველა მათგანი გამალებულ შეიარაღებას ეწევა და ხშრად თავად რუსეთისგან, ნატოსგან, თურქეთისგან, ჩინეთისგან და ამერიკისგან ყიდულობს იარაღს. ამ ეტაპზე ანალიტიკოსების ინფორმაციით ყველაზე სწრაფად რეგიონში სომხეთი და აზერბაიჯანი იარაღდება. მათი დასკვნით ეს გასაკვირი სულაც არ არის, რამეთუ ამ ორს შორის სამხედრო კონფრონტაციის შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია.

უკრაინა ასევე აფართოებს სამხედრო შესყიდვებს, როგორც ჩანს დნესტრისპირებში შექმნილი მდგომარეობისა და რუმინეთთან ტერიტორიული დავის გამო. სიგოვი, რომლის აზრს იმოწმებს „ ვინდოუ ონ ეურეიჟას“ ავტორი პოლ გობლი, ამბობს, რომ უკრაინას საკუთარი თავის დამოუკიდებელ მოთამაშედ ან პოტენციურ პარტნიორად წარმოჩენა სურს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სამხედრო შეიარაღებას ზრდის მოლდოვაც. და ბოლოს, ბელარუსის შემთხვევაში, რუსი კომენტატორი დასძენს, რომ მინსკის თავდაცვითი ბიუჯეტის შეფასება რთულდება გაურკვეველი სიტუაციიდან გამომდინარე. აქ სიგოვი ცდილობს გამოაცალკევოს საკუთრივ მინსკის დანახარჯები რუსეთის მიერ დახარჯული ხარჯებიდან ბელარუსის ინტერესების დასაცავად. თუმცა მიუხედავად ამ სირთულისა, აშკარაა რომ მინსკი ამ ეტაპზე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთნახევარ პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს.

გუშინდელ „ვაშინგტონ პოსტში“ ჟურნალისტი ფრედ ჰიატი აქვეყნებს სარედაქციო წერილს, სადაც იგი ფართო აუდიტორიას კითხვით მიმართავს: რამდენად გაჰყვება ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკური კურსი მისი დემოკრატიული რიტორიკის პათოსს. ავტორი არ გაურბის იმის აღიარებას, რომ 1980იან და 90იან წლებში, როცა მსოფლიოს დემოკრატიის ტალღამ გადაუარა, ახლა დემოკრატები თავდაცვაზე არიან გადასული და რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და კუბა ახლა უფრო წარმატებით ახდენენ საკუთარი სისტემების ექსპორტს, ვიდრე დემოკრატიული სახელმწიფოები პროგრესს უწყობენ ხელს.

ბარაკ ობამა, პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში, აქტიურად ცდილობდა თავისუფლების, ღირსებისა და დემოკრატის დაცვას. ამის მაგალითია მისი გამოსვლები ქაიროსა და ოსლოში. თუმცა დემოკრატმა მოკავშირეებმა ობამას ეს განცხადებები გაიგეს, როგორც ვაშინგტონის მცდელობა და სურვილი ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირის დამყარებისა. პარალელურად, დემოკრატმა აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ ამერიკა, მათ ამოცანებზე მაღლა ყოველთვის დააყენებდა ბირთვულ გაუვრცელებლობას, კონტრტერორიზმსა და კლიმატის ცვლილებას. ორიოდ კვირის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდაც კიდევ ერთხრლ დაიცვა თავისუფლება, ღირსება და მშვიდობა და ეს სამი პრინციპი ამერიკის მორალურ და პრაგმატულ აუცილებლობად დასახა.

ახლა საქმე შემდეგშია, აგრძელებს ავტორი: ამერიკის პრეზიდენტი ცოტა ხანში აზიურ ტურნეს დაიწყებს და ინდოეთში, ინდოენეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ჩავა. მოსალოდნელია, რომ ეს ქვეყნები ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ამერიკის პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ მის მოქმედებებს დააკვირდება. დემოკრატიის ხელშეწყობა კი აუცილებლად თან უნდა გასდევდეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს და შესაბამისად, თავისუფლებას, ღირსებასა და მშვიდობას სხვა ინტერესებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ობამას პრეზიდენტობას სწორედ სიტყვებისა და საქმის თანხვედრა აკლდა, წერს ვაშინგტონ პოსტში ჟურნალისტი ფრედ ჰიატი. და თუ მართლაც ობამას სიტყვიერი მესიჯები ჭეშმარიტ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას წარმოადგენს, მაშინ ობამამ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს ეგვიპტეში საარჩევნო დამკვირვებლების გაგზავნა, ან რუსეთსა და ჩინეთში უფლებადამრღვევების წინააღმდეგ სანქციების გატარება, მათთვის ვიზების გაცემაზე, საბანკო ანგარიშების გახსნაზე უარის თქმა და ბევრი მსგავსი ზომა. და ბოლოს, ავტორი ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს შეწყდეს ავღანეთის ომის თემით საბოტაჟი, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება ხშირად მხოლოდ ამერიკის დაცვისთვის წარმოებულ ოპერაციად აფასებს. სწორედ ასეთი განცხდებით ობამას ადმინისტრაცია წერტილს უსვამს მის ამიციას -იყოს უნივერსალური, საყოველთაო ღირებულებების დამცველი მთელს მსოფლიოში.