ბესარიონ გუგუშვილი: თვითმკვლელობა - ეს არის სიმართლე

ბესარიონ გუგუშვილი

პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ძირითადი მოწმე უნდობლობას უცხადებს დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, რომელსაც ჰელსინკში დავუკავშირდით, კერძოდ ამბობს:

ბესარიონ გუგუშვილი: „მე არ ვთანამშრომლობ პარლამენტის ამ კომისიასთან, იმიტომ, რომ, პირველი: არ ვცნობ ლეგიტიმურად საქართველოს ფაქტობრივ ხელისფლებას, ყველა მისი სტრუქტურითურთ; მეორე: არსებობს შეთანხმება-ხელშეკრულება ოჯახთან რომ სიკვდილის მოწმეები არ მივიღებთ მონაწილეობას არავითარ გამოძიებაში: და მესამე: გამოძიების წამოწყება და განახლება არასამართლებრივ, სამართალგარეშე, ფსევდო რელიგიურ პრინციპზეა აგებული, ანუ აგებულია პრინციპზე - ზვიადი თავს არ მოიკლავდა“.

ბესარიონ გუგუშვილი ფინეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით თხუთმეტი წელია ცხოვრობს. მას 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ღურწკაიების ოჯახში, პირველი პრეზიდენტს გვერდით ეძინა, როცა გუგუშვილისვე მტკიცებით, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.

საბედისწერო გასროლის დროს გვერდზე ოთახში გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი და დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძე იმყოფებოდნენ, ისინიც დარწმუნებულნი არიან რომ ეს თვითმკველობა იყო.

ბესარიონ გუგუშვილი: მე რომ ზვიად გამსახურდიასკენ მივიხედე, პისტოლეტის ლულიდან ჯერ კიდევ ბოლი ამოდიოდა. მეტიც, ჩვენ რომ ზვიად გამსახურდიას მივუახლოვდით, ლოგინის მეორე მხრიდან, მიცვალებულის სხეული ჯერ კიდევ მოძრაობდასავით, აი, სპაზმი, რომ ნელ ნელა დუნდება. სწორედ, ამიტომ იყო, რომ რობინზონი ეცა და ხელიდან გამოგლიჯა პისტოლეტი, იმიტომ, რომ იმას შეეშენდა, რომ ის კიდევ გაისროდა.

ეს ჩვენ ეხლა ვიცით, რომ ის უკვე მკვდარი იყო, მაგრამ იმ მომენტში, სიბნელეში, ნახევრად ბნელ ოთახში, ჩვენც ვერც ვხედავდით ცოცხალია თუ მკვდარია. ასე, რომ ლოგიკურად გამორიცხულია იქ სხვა რაღაცა. თუმცა, გასროლის მომენტი უშუალოდ, არავის არ უნახია.

მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება გროზნოში სამეგრელოდან, და დადგა საკითხი, იმაზე, რომ ოჯახს არ მოეწონა თვითმკვლელობის ვერსია, მოითხოვდნენ ჩვენგან რომ გვეთქვა - ზვიად გამსახურდია მოკლეს.

მაშინ, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ერთადერთი ვარიანტი, რომელიც ჩვენგან შეიძლება ითქვას, ეს არის სიმართლე - ანუ თვითმკვლეობა. და როდესაც, მიდგა საკითხი იმაზე, რომ ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი, მე განვაცხადე საჯაროდ, რომ გასროლის მომენტში, იქ ვიყავი მარტო მე - ბესარიონ გუგუშვილი, და ამდენად, თუ უნდათ, ვინმეს ცილი დასწამონ მკვლელობაზე, აგერ ვარ მე და კეთილი ინებონ და ცილი მე დამწამონ, ცოდვა აიღონ თავზე.“

ძირითადი მოწმეების საპირისპიროდ, დროებითი კომისიის შვიდთვიანი მუშაობის თავზე კომისიის თავჯდომარე კოკო გამსახურდია კატეგორიულად ამტკიცებს რომ მამამისი მოკლეს. ამ კატეგორიული ტონის გამყარებას, ის როსტოვის ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილით ცრდილობს, სადაც საუბარია, რომ გვამს რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება. ეს ექსპერტიზა 2007 წლის მარტში რუსეთში ჩატარდა, როცა თბილისში გადმოსვენების წინ, გამსახურდიას გვამის ეგზგუმაცია მოხდა

კოკო გამსახურდია: „ აქ მკვლელობა, ცხადია ეს თეზა რჩება, მაგრამ, როგორ იყო მკვლელობა, აი, ეს არის ყველაზე საინტერესო. ეს იყო, მხოლოდ იმ ტყვიის საშუალებით, რომელმაც, აი, ეს არხი დატოვა და ორი მოტეხილობა - შემავალი და გამავალი ხვრელი, თუ ეს იყო მანამდე. თუ დადასტურდება, რომ ეს მოტეხილობები, ვგულისხმობ იგივე ბოქვენის, მენჯის ძვლის მოტეხილობას, რომელიც, თავის თავად, ძალიან რთულია, წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეიძლება მოტყდეს ადამიანს, ვგულისხმობ ძვლოვან ნეშტს, როგორ შეიძლება მოტყდეს ზეწოლის საშუალებით. თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, სიკვდილი გამოწვეულია, არა ტყვიით, არამედ ამ ზეწოლით მის სიცოცხლეშივე და მაშინ, ეს ტყვია, რომელმაც დატოვა არხი, არის ჩვეულებრივი საკონტროლო გასროლა“.

გამსახუდიას დაცვის ყოფილი უფროსი რობინზონ მარგველანი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ კომისიის თავჯდომარემ შეგნებულად ექსპერტიზის ეს ნაწილი საზოგადოებას დამახინჯებით მიაწოდა, მთავარ სიახლეზე კი რასაც როსტოვის ექსპერტიზამ ნათელი მოჰფინა, აქცენტი შეგნებულად არ კეთდება. უცნაურია ისიც, რომ კომისიას დაცვის უფროსი დღემდე არ დაუკითხავს,

რობინზონ მარგველანი: ამ ექსპერტიზას მე ძირფესვიანად არ ვიცნობ, მაგრამ მეორე ტყვიის არსებობაზე, რომ იყო საუბარი, ეს არის სრული სისულელე და სიგიჟე. არავითარი მეორე ტყვია, არ არსებობდა. პრეზიდენტს მოხვედრილი ჰქონდა ერთი ტყვია, შემავალი და გამომავალი. დანარჩენი ნაკაწრიც არ ჰქონია საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. და როსტოვის ექსპერტიზამ დაადასტურა სწორედ ეს რომ, არავითარი მეორე ტყვია არ არსებობდა“.

საინტერესოა, რომ როსტოვის ექსპერტიზის ეს დასკვნა ორ წლის წინ პირველმა, პირველი პრეზიდენტის ქვრივმა მანანა არჩვაძემ მიიღო, თუმცა მისი გამოქვეყნება და საჯარო განხილვა არც უცდია, უფრო მეტიც, არჩვაძემ დასკვნა არც კომისიას მისცა. ლოგიკურია კითხვა? თუ ექსპერტიზის ეს პასუხები არსებითად ადასტურებენ რომ გამსახურდია მოკლულია და თან წამებით, მაშინ რატომ დუმდა და დღემდე დუმს მისი ქვრივი, რომელმაც ეს პასუხი პირველმა ნახა?!

ნეიტრალური დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ კომისია ფაქტიურად ჩიხში შევიდა, მით უფრო, რომ როსტოვის ექსპერტიზამ მეორე ნასროლის არსებობა გამორიცხა, რასაც აქამდე ყოველთვის ხაზს უსვამდა კოკო გამსახურდია.

პლუს ამას, ხისტი პოზიციის გამო, კომისია ვერ ახერხებს ძირითადი მოწმის დაკითხვას. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით, კომისიის წევრები, როგორც უმრავლესობიდან,ისე უმცირესობიდან მაინც განაგრძობენ ბნელ ოთახში შავი კატის ძიებას.

საარჩევნო მარათონში ჩაბმული ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის, წინასაარჩენოდ ზედმეტად მგძნობიარე ზვიადისტური ელექტორატი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლე, რომელიც, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერისა და დაცვის წევრების გარდა, არც არავის სჭირდება.