მსოფლიოს არაბული სამყარო რამადანს აღნიშნავს. რამადანის დროს ისლამური რელიგიის მიმდევრები ერთი თვის მანძილზე მარხულობენ, ლოცულობენ და კეთილი საქმის კეთებისთვის იღწვიან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმანებიც, ისინი ვინც საკუთარი მრწამსის ერთგულნი დარჩნენ, რამადანის დღესასწაულის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრიბებიან, წმინდა წიგნს კითხულობენ და ღარიბებისთვის შესაწირს აგროვებენ.
იმამი ბასიმ საიდი კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ერთერთი მეჩეთში მსახურობს:
„ რამადანს ჩვენს ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად აღვნიშნავთ. ყოველ საღამოს წმინდა წიგნს ვკითხულობთ და ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მშივრები დავაპუროთ. ყურანი მუსლიმანთა ცხოვრების მასწავლებელი და მომავლის მანათობელი შუქურაა“
რამადანის დროს მარხვას განსაკუთრებული მნისვნელობა ენიჭება.
ვაშინგტონის ისლამურ ცენტრში იმამი აბდულა ჰოეჟი მრევლს ისლამურ რელიგიაში რამადანის დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ მოუთხრობს:
„ჩვენ ვცდილობთ ისლამურ საზოგადოებას ამ ერთი თვის მანძილზე საკუთარი ვალდებულებები გავაცნოთ. მრევლში ქალები და ბავშვებიც ძალზე ბევრია, ისინი მეჩეთში დადიან , ყურანს კითხულობენ და ხშირად მთელს ღამეს ჩვენთან ერთად ლოცვაში ატარებენ. ამიტომაც სრული შეგრძნება ეუფლებათ, რომ ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობენ და თავს ამ მხრივ ძალზე თავისუფლად გრძნობენ“
თუმცა არის შემთხვევები, როცა ამერიკულ საზოგადოებაში მცხოვრებ მუსლიმანებს ისეთი დაბრკოლებების გადალახვა უხდებათ, რასაც ისლამურ ქვეყნებში ცხოვრებისას არ შეხვდებოდნენ. ფერიშა მოჰამედი პაკისტანელი ამერიკელია და კალიფორნიის შტატის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს:
„როცა ვმარხულობ, მიჭირს ყველას გავაგებინო,თუ რატომ ვეუბნები საკუთარ თავს ბევრ რამეზე უარს. რატომ არ ვსვამ? არ ვერთობი? ძნელია ავუხსნა ყველას, რომ ეს ჩემი არჩევანია და მარხვას საკუთარი სურვილით ვიცავ."
ამერიკელი პრეზიდენტები შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმან მოსახლეობას რამადანის დაწყებას 1974 წლიდან ულოცავენ. ჯერალდ ფორდი პირველი იყო, ვინც საკუთარ ხალხს ისლამური სამყაროს ეს უდიდესი დღესასწაული მიულოცა.
იმამი ხოუჯის აზრით, ამ ფაქტის შემდეგ ამერიკის საზოგადოებამ რამადანისა და ისლამის შესახებ უფრო მეტი რამ შეიტყო.
„ჩვენ არაჩვეულებრივ ქვეყენაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობთ. როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი უმცირესობის მხარდასაჭერად მარხვასა და რელიგიურ ტრადიციებს პატივისცემით აფასებს, საზოგადოებისთვის ეს ერთგვარი მისაბაძი მაგალითია.“
რამადანი თავისი წეს-ჩვეულებებით, შეზღუდვებითა და ჰუმანური მიზნებით ამერიკის მრავალმილიონიან და მრავალეროვან საზოგადოებას კიდევ უფრო ლამაზ და გამორჩეულ ელფერს მატებს.