დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკაში, ერთმა ქართველმა ემიგრანტმა თანამედროვე ამერიკის ლიტერატურასა და ხელოვნებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.
მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ 1921 წელს, ნიუ-იორკში ჩასული გიორგი ჯორჯ პაპაშვილი, რომელიც ინგლისურად მძიმე ქართული აქცენტით საუბრობდა, ამერიკას გააოცებდა.
მეუღლე ჰელენ უეიტ-პაპაშვილისთვის მოყოლილმა ცხოვრებისეულმა ამბებმა იმ წიგნის შექმნას დაუდო საფუძველი, რომელზეც დღემდე ლაპარაკობენ. 1945 წელს გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის წიგნი “Anything Can Happen” – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ უოლტ უიტმენის, მარკ ტვენის, იულიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის და სხვა გამოჩენილი ადამიანების წიგნების გვერდით ამერიკის რჩეულთა ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. ერთ წელიწადში წიგნი ბესთსელერად იქცა და ნახევარმილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
დუშეთის რაიონის სოფელ კობიაანთ კარში ფეხადგმულმა გიორგი პაპაშვილმა, საკუთარი შემოქმედებით ახალ, სააზროვნო ესთეტიკას ჩაუყარა საფუძველი; დღესაც ამერიკელი ქართველები, სწორედ გიორგი პაპაშვილის ნაწარმოებებზე იზრდებიან.
მეორე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც გიორგი პაპაშვილის სახელს უკავშირდება, მისი მოქანდაკეობაა. თვითნასწავლმა ხელოვანმა ქვაში და ხეში გამოთლილი სილამაზითაც გააოცა ამერიკა. “გაამერიკელებული ფიროსმანი-” ასე შეაფასებს მოგვიანებით მას ერთ-ერთი ქართველი მწერალიც.
გიორგი პაპაშვილის უნიკალურობას კიდევ ერთი გარემოებაც ადასტურებს; 1952 წელს, ჰოლივუდში, ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა, გიორგი პაპაშვილის ნაწარმოებზე „ყველაფარი შეიძლება მოხდეს,“ ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო. ფილმი „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა.
პარალელურად, მისი, როგორც მოქანდაკის შესახებ დოკუმენტური ფილმიც - „Beauty in Stone“ - „სილამაზე ქვაში“ შეიქმნა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა სივრცეშიც, დღემდე, არავის უნახავს.
სიმბოლურია ისიც, რომ 1950-იან წლებში გიორგი და ჰელენ პაპაშვილები საკუთარ ნაწარმოებებს, სწორედ რადიოსადგური “ამერიკის ხმის” პირსაპირ ეთერში თავადვე უკითხავდნენ მსმენელებს.
გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი, ეს სახელი თავისი მაშტაბურობიდან გამომდინარე, დღეს უკვე, არც მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ ამერიკას ეკუთვნის - იგი მსოფლიოს საკუთრებაა. სწორედ ამიტომ, ამ ბუბმერაზი პიროვნების ნაკვალევს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.