იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტი ჩერნობილის კატასტროფის 25-ე წლისთავს დაემთხვა.
თავის დროზე საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ისტერიულად იმეორებდა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური არ წარმოადგენს რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სახეს. დღეს კი მსოფლიო ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტის წინაშე დგას.
ჩერნობილის კატასტროფის 25-ე წლისთავამდე ერთი თვით ადრე რუსეთის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც სწორედ ამ მოვლენას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის ჩვენება აიკრძალა ბელორუსში, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა ჩერნობილის ატომურ ელეტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის დროს.
გასულ კვირას ამ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთთან 9,4 მილიარდი დოლარის კონტრაქტს მოაწერა ხელი ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე.
ეს ხელშეკრულება მინსკმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსატომთან“ გააფორმა, რომელიც ბირთვული რეაქტორების უდიდესი მშენებელია მსოფლიოში. „როსატომი“ თურქეთში, ბულგარეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და ირანში აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს. ამჟამად მსოფლიოში მშენებარე 60 ატომური ელექტროსადგურიდან 15-ს სწორედ როსატომი აგებს.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ინტერნეტ-გვერდზე 8 წუთიანი ვიდეო დადო, სადაც ატომურ ელექტროსადგურებზე მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობასა და სეისმო-აქტიურ ზონაში ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შეწყვეტის შესახებ საუბრობს.
თუმცა, როგორც რუსი გარემოს დამცავები აცხადებენ საბჭოთა კავშირის დროს როსტოვსა და სომხეთში აშენებული ატომური ელექტროსადგურები დღემდე აგრძელებენ მუშაობას, რაც გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
მიუხედავად ამისა, მოსკოვი კიდევ 11 ბირთვული რეაქტორის აგებას გეგმავს, რომლებიც რუსეთის ელექტროენერგიის 25%-ს გამოიმუშავებენ. 2030 წლისთვის როსატომი მსოფლიოში 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპირებს.
როგორც მოსკოვის ცენტრში როსატომის შტაბ-ბინასთან გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, გარემოს დამცველი ვლადიმირ სლივიაკი აცხადებს:
“ ეს ხელისუფლების პროპაგანდაა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ ამდენი რეაქტორების გაყიდვა შეძლონ ყოველწლიურად. მთავრობა ცდილობს რუსი ხალხი დაარწმუნოს, რომ რუსეთის რეაქტორტები ბევრად სჯობია დასავლეთის ნაწარმს.“
ბატონი სლივიაკის განცხადებით, რუსეთის 32 რეაქტორიდან 11 ჩერნობილის დროინდელია და გასული საუკუნის 70-იანი წლების დიზაინით არის აშენებული. ახლახანს პეტერბურგის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს კიდევ 15 წლით გაუგრძელეს ექსპლოტაციის ვადა.
იაპონიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შემოწმება მოითხოვა. თუმცა რუსეთის ენერგო სექტორის მთავარ პრობლემად დღესაც მოძველებული ატომური ელექტროსადგურები რჩება.
რუსეთის ენერგო უსფრთხოების პრობლემებზე ორი წლის წინათ დაფიქრდნენ, როდესაც საიანო-შუშინსკის ჰიდრო-ელექტროსადგურზე ავარია მოხდა. მაშინ წყალმა მწყობრიდან გამოსული 1000 ტონიანი ტურბინა ჰაერში პატარა სათამაშოსავით აისროლა. ამ ინციდენტს 75 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც გარემოს დამცავი ორგანიზაცია „გრინფისის“ რუსი აქტივისტი ივან ბლოკოვი აცხადებს, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 75%-ზე მეტი ატომური ელექტროსადგურების წინააღმდეგია, როდესაც ხალხი უშუალოდ ვერ ხედავს ამ სადგურებს - ის ინდიფერენტული რჩება.
მიუხედავად ამისა, 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 25-ე წლისთავზე რუსეთში დიდი საპორტესტო აქციებია დაგეგმილი, რომელიც იაპონიაში მომხდარი ავარიის გათვალისწინებით საზოგადოების ყურადღებას რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე გადაიტანს.