ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საკმაოდ პოპულარულია თავის ქვეყანაში. ხუთშაბათს მისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები დედაქალაქ ტრიპოლიში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ერთად დაძრულიყვნენ ოპოზიციურ ქალაქ ბენგაზისკენ:
„ჩვენ გადავწყვიტეთ ბენგაზში ჩავიდეთ და იქ ჩვენს ძმებს შევხვდეთ. გვინდა შევუერთდეთ მათ და ლიბიის გაერთიანების მშვიდობიან ინიციატივას ჩავუყაროთ საფუძველი“ - ამბობს ეს ლიბიელი მამაკაცი.
ვაშინგტონში ლიბიის ყოფილი ელჩი, ალი აუჯალი კი აცხადებს, რომ ლიბიის გაერთიანება შეუძლებელია, სანამ კადაფი ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეში იმყოფება:
“არასოდეს, არასოდეს ეს არ მოხდება! არ არსებობს კომპრომისი! არავითარი მოლაპარაკება! არავითარი! კადაფი უნდა წავიდეს“. - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.
ქალაქ ვაშინგტონში მცხოვრებმა ლიბიელებმა სახელდახელო ორგანიზაცია შექმნეს, რომელსაც „ლიბიის მხარდამჭერთა საგანგებო ჯგუფი“ უწოდეს. აქტივისტთა მეთაურის, ეამ ომეიშის თქმით, ისინი შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო. მათ ყოველდღიური სატელეფონო კავშირი აქვთ სამშობლოსთან და კარგადი იციან, თუ რა ხდება იქ. ბატონი ომეიშის ცნობით, კადაფის მხარდამჭერები ყოველდღიურად დაუნდობლად ხოცავენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქ მისრატაში, ისევე როგორც ლიბიის უმეტეს დასახლებებში, საკვები, წყალი და ელემენტარული მედიკამენტები არ აქვთ - ამბობს ის.
ლიბიური დიასპორა აჯანყებული მოსახლეობის უფრო ფართო და მასშტაბურ მხარდაჭერას მოითხოვს. მათი თქმით, მხოლოდ არასაფრენი ზონის გამოცხადება საკმარისი არ არის. ოპოზიციას პირდაპირი დახმარება ესაჭიროება, რომ ამ განუკითხაობას რაც შეიძლება მალე ბოლო მოეღოს.