არაბული გაზაფხული- მთავარი თემა ბრიუსელში

გამომსვლელების გაცხადებით, მომავალში ევროპამ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ითანამშრომლოს არაბულ ქვეყნებთან.

ბრიუსელში ევროპის მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე, უმთავრეს თემას ევროპის მიერ არაბული გაზაფხულის მხარდაჭერის საკითხი წარმოადგენდა.

ევროპის მეგობარი ქვეყნების პოლიტიკის უფროსი შანდა ისლამი მიიჩნევს, რომ ევროპას წარსულის დავიწყება სჭირდება:

„სამწუხაროდ ევროკავშირმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ზოგიერთი არასახარბიელო რეჟიმის მიმართ დააგვიანა. მისმა ინეტრულობამ კი გარკვეულ ქვეყნებში დიქტატორული მმართველობის გამყარებას შეუწყო ხელი; არადა ცხადია, თუ რა სასიკეთო ცვლილებები მოიტანა არაბულმა გაზაფხულმა, არაბულ ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ახალგაზრდებისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხში.“

ბრიუსელის სამიტზე გამოსულ სპიკერებს შორის, შთამბეჭდავი იყო ეგვიპტის ეროვნული კოალიციის ლიდერის მუჰამედ ელ-ბარადეისა და ვაჭრობის დარგში ევროკავშირის კომისარის კარლ დე გუხტის სიტყვა.

კონფერენციაზე ხასგასმით აღინიშნა, რომ ევროპამ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს არაბულ ქვეყნებთან , იმისათვის რომ მის სტაბილურობასა და ფინანსურ უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი.

„მნიშვნელოვანია ასევე ემიგრაციის როლიც. ევროპა დემოგრაფიული თვალსაზრისით, გადახალისებას მოითხოვს. მას, როგორც კვალიფიციური, ისე დამწყები მუშა-ხელი ესაჭიროება სამხრეთიდან “- აღნიშნა შანდა ისლამმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ევროპას არაბულ ქვეყნებთან დაახლოვების საკითხში ბარიერს უნდობლობა უქმნის.

ნიკოლას ბეგერი ბრიუსელში, საერთაშორისო ამნისტიასთან არსებული ევროპული ინსტიტუტის ხელმძღვანელია:

„ევროკავშირს დიდი ზეგავლენა აქვს არაბულ ქვეყნებზე, რაშიც სავაჭრო საქმიანობა ეხმარება. ასევე არსებობს მრავალი პოლიტიკურად დამაკავშირებელი რგოლი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი რეგიონია, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.“

ექსპერტმა ბეგერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ევროპამ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ითანამშრომლოს არაბულ ქვეყნებთან და როგორც წარსულში ხდებოდა, არ უნდა უგულვებელყოს ადამიანის უფლებების და თავისუფლების დარღვევის შემთხვევები.