შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით ისრაელს ჯერჯერობით არ გადაუწყვიტავს-განახორციელოს თუ არა სამხედრო შეტევა ირანზე.
ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს ისრაელს მეტი დრო მისცეს დასავლეთს იმისთვის, რათა ირანზე სანქციების საშუალებით იმოქმედოს. ირანი განაგრძობს მტკიცებას, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
კვირას, პრეზიდენტმა ობამამ NBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი გააგრძელებენ თანამაშრომლობას იმ მიმართულებით, რომ ირანთან შექმნილი დაძაბულობიდან დიპლომატიური გამოსავალი გამონახონ. ისრაელი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის მქონე ირანი ისრაელისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან პრეზიდენტი აჰმადინეჟადი ებრაულ სახელმწიფოს მუდმივად განადგურებით ემუქრება.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა ირანის ბირთვული პროგრამა შეაჩეროს და რეგიონი მოსალოდნელი საფრთხისგან იხსნას.
ისრაელის პრემიერ მინისტრი მომავალ თვეს ვაშინგტონში ვიზიტით ჩამოდის. ისრაელის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ობამას პირისპირ თეთრ სახლში შევხდება. ვაშინგტონი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.