უფლებადამცველი თუ გარემოდასცველი ჯგუფები და ასევე სხვადასხვა ჟურნალისტები ამ ბოლო დროს უპილოტო საფრენი აპარატების იგივე დრონების გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავენ. ამ თემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნიკო კოლომბანტი არკვევდა.
იუთუბზე დადებულ ვიდეოში მინიატურული ვერტმფრენი სახელად რობოკოპტერი ჩანს, რომელიც ვიდეო კამერით არის აღჭურვილი და ვარშავაში შეკრებილ დემონსტრანტებს და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას აკვირდება. ეს ტექნოლოგიური მიღწევა მომავლის ჟურნალისტიკის პროექტმა გააშუქა. ინტერნეტ გვერდზე ასევე ნახსენებია ნებრასკას უნივერსისტეტში არსებული ექსპერიმენტული ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ე.წ. დრონების ჟურნალისტიკის შესაძლებლობას სწავლობს, ანუ თუ როგორ შეიძლება საფრენ მოწყობილობაზე დამაგრებული ვიდეოკამერით სხვადასხვა მოვლენების გადაღება.
„როდესაც ვეშაპებზე არალეგალურად მონადირე გემს უახლოვდები, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან ისინი ხშირად ყუმბარებით, წყლის ჭავლებით და ბარჯებით არიან შეიარაღებული,“ - ნათქვამია ზღვის გარემოს დაცვის საზოგადოების ვიდეო მიმართვაში.
სწორედ ამიტომ, ზღვის გარემოს დაცვის საზოგადოება არალეგალური თევზჭერის დასაფიქსირებლად უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.
ენდრიუ სნიდერმანი გენოციდის საწინააღმდეგო ქსელის თანადამფუძნებელია. მან ახლახანს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა. სტატიის სათაურია „დრონები ადამიანის უფლებებისთვის“. უფლებადამცველი აქტივისტები უკვე აქტიურად განიხილავენ დრონების მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებას ისეთ კონფლიქტურ ზონებში, როგორიცაა სირია, ან თუნდაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილი.
„არსებობს გარემოებები, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება ამა თუ იმ ვითარებაში, როდესაც სამთავრობო ჯარები საკუთარ მოქალაქეებს ხოცავენ,“ - ამბობს სნიდერმანი.
მისი თქმით, უბრალო უპილიტო საფრენი აპარატი რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს, მაშინ როცა უფრო მაღალტექნოლიგიურ დრონის ფასი რამდენიმე ასეულ ათასაც აღწევს. სნიდერმანის თქმით, ასეთი დრონების გამოყენების საშუალება მხოლოდ უმსხვილეს უფლებადამცველ ორგანიზაციებს აქვთ. თუმცა როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეს არღვევს, ასეთი გზით მოპოვებული ინფორმაცია უკანონოდ ითვლება.
მაგრამ სნიდერმანი ამბობს, რომ არსებობს შემთხვევა, როდესაც უფლებადამცველების მიერ დრონების გამოყენება გამართლებულია.
„ტექნოლგია შესაძლოა კარგი მიზნებისთვისც იყოს გამოყეებული და ცუდისთვისაც. ჩვენი აზრით, უფლებადამცველმა ჯგუფებმა ამ ახალი ტექნოლოგიების ათვისება უნდა განიხილონ, რათა დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ,“ - ამბობს სნიდერმანი. მისი თქმით, დრონებით გადაღებული ვიდეო მასალები უფრო ეფექტურია უფლებების დარღვევების გასაშუქებლად.