შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან და ავღანეთში ნატოს ძალების სარდალ დევიდ პეტრეუსთან ერთად ლისაბონში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მორიგ შეხვედრაზე ჩავიდა.
პორტუგალიის დედაქალაქში ნატოს ორდღიან შეხვედრას ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაიც დაესწრება. პრეზიდენტი ობამა ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დატოვებას 2014 წლამდე ფიქრობს, როდესაც დაგეგმილია ამ ქვეყანაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოპერაციის დამთავრება.
ავღანეთი ნატოს მთავარი თავსატეხია. ამ ქვეყანაში ამჟამად 130, 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. პრეზიდენტი ობამა ლისაბონში ავღანეთიდან დასავლეთის კოალიციური ჯარების გამოყვანის გეგმას წარმოადგენს, რომელიც 4 წლის მანძილზე უნდა გაგრძელდეს. ჯარის გამოყვანის დაწყება 2011 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
ნატოს ლიდერები ამ ორგანიზაციის ახალი სტრატეგიის შესახებაც იმსჯელებენ, რომელიც კიბერ-ტერორიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიაში.
თავის მხრივ, პრეზიდენტი ობამა რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრობს, მისი თქმით:
“ ახალი სტარტის ხელშეკრულება რუსეთის და შეერთებული შტატების მიერ ბირთვული იარაღის და მათი გადამტანი რაკეტების შემცირებას ითვალისწინებს, იმ დროს როდესაც ბირთვული იარაღი კვლავაც რჩება ამერიკის სტატეგიაში შეკავების მთავარი ფაქტორი.“