საფრანგეთის პოლიცია სამხილს აგროვებს

დანაშაულის მოტივი ისრაელის მიერ პალესტინელი ბავშვების მკვლელობებზე შურისძიება იყო.

საფრანგეთის პოლიციამ სამხილის მოგროვება დაიწყო ბინაში, სადაც სავარაუდოდ ტულუზაში მომხდარ მკვლელობებში ეჭვმიტანილი პირი ცხოვრობდა. მის დაკავების ოპერაცია 32 საათი, ხუთშაბათ დილამდე გრძელდებოდა.

თვითმხილველების განცხადებით, პოლიციამ დღეს მისი ბინიდან რამდენიმე ჩანთით სამხილი გაიტანა. ეჭვმიტანილი ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე მოჰამედ მერა იყო, რომელმაც ებრაულ სკოლასთან ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. მერას მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს სამი ფრანგი სამხედრო პირის, ებრაელი რაბინისა და სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. დანაშაულის მოტივი ისრაელის მიერ პალესტინელი ბავშვების მკვლელობებზე შურისძიება იყო.

ხუთშაბათს, როცა პოლიცია მის ბინაში შევიდა, მერამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ფანჯრიდან გადახტომა სცადა. თუმცა, პოლიციის განცხადებით, მას თავში ესროლეს, რის შედეგადაც ეჭვმიტანილი ადგილზე გარდაიცვალა.