„გონით და არა ღონით“

„გონით და არა ღონით“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე დაწყებული მოვლენები, შეიძლება ითქვას, რომ ჯერაც არ დასრულებულა. ამ დრომდე შეუძლებელია ათობით ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა, ვინც 26 მაისის ღამით აქციაზე იმყოფებოდა, პრესკონფერენციებს აწყობენ ხელკეტებით ნაცემი და პლასტიკური ტყვიებით დაზიანებული ჟურნალისტები და მომხდარზე რეაგირებას ითხოვენ როგორც ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან.

თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადვოკატებს საშუალება არ აქვთ მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. რიგ შემთხვევებში მათ წარმომადგენლებს სამართალდამცავები საერთოდ არ აძლევენ პასუხს იმის შესახებ, არიან თუ არა დაკავებულები კონკრეტული სახელისა და გვარის პირები. „თქმა იმისა, გაუჩინარებულია თუ არა ადამიანი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინებდება, დაკავებული იგი თუ არაა. თუ არაა დაკავებული, გაუჩინარებულად მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ დრომდე ჩვენ პასუხს ვერ ვიღებთ ვინაა დაკავებული და ვინ არა“,– ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

„გადამეტებული ძალის გამოყენება“ ძალიან რბილი ტერმინია იმისთვის, რომ შეფასდეს რაც თბილისში 26 მაისს მოხდა, ეს ფაშიზმია“,– ამბობს სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი. დღემდე არ გამოქვეყნებულა სიები. უცნობია, ვინაა დაკავებული და ვინ დაზიანებული. ამ დრომდე ოჯახი „სახალხო კრების“ერთ–ერთ აქტიურ წევრს ირაკლი ბათიაშვილსაც ვერ პოულობს. „გონით უნდა ვიმოქმედოთ და არა ღონით“,– მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ახლა ჯერი სამოქალაქო საზოგადოებაზეა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, ეს აჩვენებს, აქვს თუ არა შანსი დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, თუ როგორ შუქდებოდა 26 მაისს განვითარებული მოვლენები ცენტრალური არხების მიერ. ეკა გიგაური ამბობს, რომ ეს იყო სიტუაციის მიკერძოებული და ცალსახად ტენდენციური ასახვა. იგი ასევე კანონდარღვევად აფასებს ფაქტს, როდესაც აქციის მონაწილეები სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად ალყაში მოაქიეს, წასვლის საშუალება არ მისცეს და მათზე ფიზიკური ძალა იხმარეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 მაისს სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ და არაადექვატურ გამოყენებას. რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც სპეც–რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ხელკეტებს ურტყამენ, ეს ცალსახად დანაშაულია. საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლასტიკური ტყვიების გამოყენება მხოლოდ უკანასკენელი საშუალება შეიძლება იყოს, რასაც სახელმწიფო მიმართავს.