კეტრინ ეშტონი თურქეთში ჩავიდა

თურქეთმა 20 000 სირიელი ლტოლვილი მიიღო და საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით.

თურქეთის და ევროკავშირის დიალოგის ფარგლებში ამ ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ქალბატონმა ეშტონმა თურქეთის და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონში თურქეთის გავლენის მნიშვნელობას.

მისი თქმით:“ პირველ რიგში ამ ვიზიტის პოზიტიურ მნიშვნელობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თვალსაზრისით. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩვენ თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობები გაგვაჩნია.“

ქალბატონმა ეშტონმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თურქეთის პოზიციის მნიშვნელობას სირიის პრობლემასთან დაკავშირებით. თურქეთმა 20 000 სირიელი ლტოლვილი მიიღო და საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით. თურქეთი ასევე დიდ როლს თამაშობს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებში.

თურქეთი დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს, მაგრამ ეს საკითხი ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მიერ იბლოკება.

საგაერო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი თურქეთის ხელისუფლებას ამ ქვეყნის მოქალქეებისთვის ევროკავშირში გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ესაუბრა. თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ კვიპროსის პრობლემაზე გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით:“ ივლისში, როდესაც კვიპროსი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან, მაგრამ კვიპროსის თავმჯდომარეობით გამართულ არცერთ შეხვდრას არ დაესწრება.“

კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი, თურქულ და ბერძნულ თემებს შორის. ანკარა არ აღიარებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, რაც ხელს უშლის თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.

ადამიანის უფლებათა დაცვა კიდევ ერთი საკითხია, რაც ევროკავშირში თურქეთის მიღებას აფერხებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სტეფან ფული აცხადებს:“ მე გამოვხატე შეშფოთება კანონმდებლების, აკადემიკოსების და სტუდენტების დაკავების გამო. ასევე პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე გავამახვილე ყურადღება.“

თურქეთში მოქმედი ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში ახალახან ორ სტუდენტს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის პოლიტიკას აპროტესტებდნენ 8 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯეს. ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით კი ასამდე ჟურნალისტი უკანონოდ არის დაპატიმრებული.

ამ პრობლემების მიუხედავად, რეგიონში ანკარას გავლენის გათვალისწინებით, ბრიუსელი დაინტერესებულია, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებამ აქტუალობა არასოდეს დაკარგოს.